"იმპერიალ ტობაკოს" კორპორატიული დირექტორი ირაკლი ნადარეიშვილი სააქციზო პოლიტიკის გაუმჭვირვალობაზე, სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ხედვის არქონასა და ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა bpn-თან იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში თამბქოს ინდუსტრიაში არსებობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატისა და გარემოს შექმნა, რომელიც უფრო მეტ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი არის.
როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ისაუბროს იმაზე, თუ რა გეგმები აქვს. ბიზნესს ესმოდეს იმის შესახებ, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამა თუ იმ ინდუსტრიასთან მიმართებაში. რას უნდა ელოდოს ის, რამდენად სტაბილური იქნება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.
რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემებს, ნადარეიშვილის თქმით, მათი განხილვა სექტორულად უნდა ხდებოდეს, რადგან სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვა პრობლემატიკა აქვს.