მოსალოდნელი საფრთხეები და გამკაცრებული კონტროლი - მთავრობის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება

მოსალოდნელი საფრთხეები და გამკაცრებული კონტროლი - მთავრობის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება

დღეს კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე შეთანხმდნენ დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე, ანუ კონტროლის გაძლიერებაზე, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"მე ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე, ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებმა დეტალურად გაიარეს ყველა საკითხი, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, - ამის შესახებ კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.

"განხილული იყო მსოფლიოში ტერორიზმის კუთხით შექმნილი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მთელი რიგი მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

ბუნებრივია, დეტალებზე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე და იმ ზომების გატარებას, რომელიც შედის მათ ფუნქციებში. უსაფრთხოების თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ჩვენ პერიოდულად გვექნება შეხვედრები, ინფორმაციის წარდგენა, გაანალიზება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ამასთან, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ხაზს უსვამს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედის.

"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ის შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში. მართლაც ძალიან ბევრი კეთდება ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა.

"საკითხი დღის წესრიგში არ დგას, - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.

შესაბამისად, მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საბჭოს სხდომაზე განხილული არ ყოფილა.

"მე მეგონი დღეს არ დგას დღის წერიგში თემა, რომ აუცილებლად უნდა გაეზარდოს დაფინანსება, თორემ ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. ასე რომ, ეს საკითხი დღეს არ განიხილება", - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, გომელაურის ინფორმაციით, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეულ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცა. მისივე განმარტებით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რომ საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით არ მოხდეს და ჩვენი ქვეყნის გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ.

"საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და ტერაქტის შემდეგ საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად -  აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, მისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს შს სამინისტროსთან.

"კოორდინირებული მუშაობა შედგა შს სამინისტროსთან. ეს გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა, რომ უფრო გამკაცრდება ზომები სტრატეგიული ობიექტების, უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მიმართულებით. გამკაცრება დავიწყეთ იმ დილითვე, როცა საფრანგეთში ტერაქტი მოხდა, თუმცა ახლა დამატებითი ღონისძიებები გატარდება", - აღნიშნა გომელაურმა.

დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა. "ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული "ინფორმაციის ფლობის" ხარისხი ძალიან მაღალია.

"როდესაც ასეთი სხდომა ტარდება, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან კონკრეტული გეგმები განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უწყებების მიხედვით, ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამიტომ, დიახ, გიდასტურებთ, რომ კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე იყო საუბარი, რომელიც შესაბამისი უწყებების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად, არსებობს გეგმები, რომლებიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

"უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში გასაკეთებელია, არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ელემენტების. ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველადი ხარისხის ღონისძიება. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელიც დღეს არ მოგვიგონია. ეს გეგმები არსებობს და რა თქმა უნდა, ამოქმედებას იწყებენ იმის მიხედვით, ქვეყანაში როგორი ვითარებაა", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე: "ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ. ეს არის ტყუილი" - ვახტანგ გომელაური

აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლა გამკაცრდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."