საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს განუცხადა, კუშნერი, რომელიც პროფესიით ექიმია, საქართველოს საკონსულტაციო კომპანიის ბორდის თავმჯდომარე გახდა.
"ბატონ ბერნარდ კუშნერს საქართველოში კარგად იცნობენ, რადგან მან უდიდესი მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს, როგორც 2008 წელს, ისე ზოგადად, თუმცა ბევრისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ის განათლებით ექიმია და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში უდიდესი პროექტები აქვს განხორციელებული"-აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ბერნარდ კუშნერი გახდა საკონსულტაციო კომპანიის ბორდის თავმჯდომარე, რაც დამატებით უდიდესი მხარდაჭერაა.
"მისი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ხვალ და ზეგ განვიხილოთ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის სამედიცინო საზოგადოებას და სტუდენტებსაც შეხვდება", - განაცხადა სერგეენკომ.