სტალინის პერსონისადმი საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია - უკიდურესად დადებითი ან უკიდურესად უარყოფითი. და მაინც, ვინ იყო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი?
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თენგიზ სიმაშვილის კვლევა ახალგაზრდა სტალინის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს ეხება. მან ”კვირის პალიტრას” დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები მიაწოდა...
პატარა იოსები სემინარიის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო, რისი დასტურიც მისი ნიშნებია. იოსებ ჯუღაშვილის სახელზე თბილისის სასულიერო სემინარიის მე-4 კლასის დამთავრების შემდეგ გაცემულ მოწმობაში ვკითხულობთ:
ყოფაქცევაში: ფრიადი /5/.
წმინდა წერილის ახსნა: ძალიან კარგი /4/
ბიბლიის ისტორია: ძალიან კარგი /4/
ეკლესიის ისტორია: კარგი /3/
ღვთისმეტყველება ძირითადი: კარგი /3/
გომილესტიკა: კარგი /3/
ლიტურგია: ძალიან კარგი /4/
რუსული სიტყვიერება: ძალიან კარგი /4/
რუსული ლიტერატურის ისტორია:
ძალიან კარგი /4/
საერთო სამოქალაქო ისტორია:
ძალიან კარგი /4/
რუსეთის სამოქალაქო ისტორია:
ძალიან კარგი /4/
ალგებრა: ძალიან კარგი /4/
გეომეტრია: ძალიან კარგი /4/
პასხალია: ძალიან კარგი /4/
ფიზიკა: ძალიან კარგი /4/
ლოგიკა: ფრიადი /5/
ფსიქოლოგია: ძალიან კარგი /4/
ქართული საეკლესიო გალობა:
ძალიან კარგი /4/
ენები: ბერძნული: ძალიან კარგი /4/
ლათინური: არ სწავლობდა
სლავური: ფრიადი /5/
ქართული: ძალიან კარგი /4/.
ვფიქრობ, მას ლოგიკაში 5 დამსახურებულად ჰქონდა. მისი თანამედროვე ნიკო გიორგის ძე ახმეტელი წერს: ,,ამხანაგი სოსო იყო გამოცდილი დიალექტიკოსი, შეიძლება გეფიქრა, რომ მან ზეპირად იცოდა შოპენჰაუერის ,,ერისტიკის” 38 წესი”.
- არსებობდა ცნობა, თითქოს ჯუღაშვილი გარიცხული იყო სემინარიიდან...
- დიახ, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. სემინარიის საერთო საცხოვრებელში სტალინთან ერთად ცხოვრობდა მიხეილ ელიზბარაშვილი, რომელიც მოგონებაში წერს: ”მე-5 კლასში სოსო აღარ გამოცხადდა სასწავლებლად, რისთვისაც ადმინისტრაციამ მოწაფეობიდან გარიცხა”. თუმცა, გარიცხული ვერ აიღებდა იმ ნიშნების ფურცელს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. მეტიც, მაქვს მე-5 კლასელთა სიების ასლები, სადაც იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილიც ფიგურირებს. ამიტომ დარწმუნებით ვაცხადებ, ის არავის გაურიცხავს! რა მიზეზით შეწყვიტა მან სწავლა, დაუდგენელია. ამ ფაქტის იმით ახსნა, რომ ის რევოლუციურ საქმიანობას შეუდგა, რაც მას სწავლაში ხელს არ შეუშლიდა, არ ივარგებს. ახალგაზრდა სტალინს განათლებისკენ სწრაფვა ჰქონდა - 1908 წელს ბაილოვის ციხეში ესპერანტოს ეუფლებოდა, გადასახლებაში მყოფი კი გერმანული და ინგლისური ენების შესწავლით იყო დაკავებული. სხვათა შორის, იოსები პირველი თანრიგის მოსწავლეთა სიაში იყო შეყვანილი.
მოვიძიე თბილისის სასულიერო სემინარიის საავადმყოფოს ამბულატორიის ჟურნალის ასლებიც, სადაც მოსწავლეთა ავადმყოფობებია ასახული. ჯუღაშვილის ავადმყოფობის მიზეზად დასახელებულია სისხლნაკლულობა... ამ ცნობებითაც დასტურდება, რომ სტალინი ბავშვობაში ჯანმრთელობითა და ფიზიკური მონაცემებით სუსტი იყო, თუმცა დაუდეგარი ხასიათი ჰქონდა და გორის სემინარიაში ხშირად ჩხუბობდა...
- სტალინის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი... ამ მხრივ თქვენს კვლევებში ახალი რა არის?
- საყურადღებოა მისი ნათლიის, მიხეილ ციხითათრიშვილის შვილის ალექსანდრე ციხითათრიშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებები, რომელიც 1936 წლით თარიღდება. ის არა მხოლოდ იოსების ჯანმრთელობას, მის ოჯახს, წარმოშობას ეხება. ალექსანდრეს ინფორმაციით: ”ჯუღაშვილების წინაპრები გორში არ დაბადებულან, ისინი ცხოვრობდნენ სოფელ გერში, გორის მაზრაში, ლიახვის ხეობაში და როგორც ამ ხეობის ყველა მცხოვრები, ისინიც მაჩაბლების ყმები ყოფილან. მათი მთავარი სალოცავი გერის წმინდა გიორგის ხატი ყოფილა... ახლანდელი სამხრეთ ოსეთი წინათ ქართველი მოხევეებით იყო დასახლებული. შემდეგ ოსებმა დაიწყეს მასობრივი გადმოსახლება და ხიზნების სახით დასახლება. ბევრი ოჯახი გაოსდა, ნაწილობრივ ჯუღაშვილებიც, უფრო სწორად ჯუგაშვილები... ბესო და კეკე გერს ხშირად ახსენებდნენ და სალოცავადაც მიდიოდნენ ხოლმე, როგორც თავიანთ მამა-პაპათა სამლოცველოში... კეკეს დედა, მელანია, ჩემი ბებიის ნათლული ყოფილა. სოსო დაბადებულა 1878 წლის დეკემბერში, მამაჩემის დედამ, მარიამმა ამშობიარა კეკე. ბავშვი სუსტი ყოფილა აგებულებით, ამიტომ ბესოს დაუჩქარებია მისი მონათვლა (საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, იოსებ ჯუღაშვილი 1878 წლის 6 დეკემბერს დაიბადა და მონათლეს 17 დეკემბერს - თ.ს.).
ახალდაბადებული იოსები მამამისს, ბესოს, თავისი გვარის მთავარი სალოცავის, გერის ხატის სახელზე სამ წლამდე ე.წ. ბერად აღუკვეცია” (ეს რიტუალი ახალდაბადებული ბავშვის გადასარჩენად ტარდებოდა - თ.ს.). ბავშვის ბერად აღკვეცა ქართველებში ამნაირად ხდებოდა - დათქმული დღიდან ბავშვს კულულებს უზრდიდნენ... აცმევდნენ თეთრს და ნათხოვარს. ყიდულობდნენ ბატკანს და აღთქმულ დღემდე ზრდიდნენ. იოსებსაც თეთრები ჩააცვეს და თმა დაუყენეს. ბატკანი სამი წლის განმავლობაში თოხლად იქცა და აი, მოახლოვდა გერისთაობა. სამი დღით ადრე ბესო გორიდან გაუდგა გზას დაჩარდახებული ურმით, ცოლ-შვილთან ერთად ეწვია გერის ხატს. თვითონ პატარა ბიჭიკო (იოსები - თ.ს.) ბესოს თითქმის სულ მხრებით უტარებია, რომ ხატს უფრო მეტად დაებერტყა მისთვის ლოცვა-კურთხევა და დღეგრძელობა. პარაკლისი გადაახდევინეს გერელ მღვდელს, შეჰკრიჭეს თმა, გახადეს თეთრები, ჩააცვეს ფერადი ტანისამოსი და იმედად გამობრუნდნენ, რომ მამა-პაპათა სალოცავი მათ შვილს უბედნიერეს კაცად გაზრდიდა”.