თამარ ჟვანია - საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მოპოვება ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციის აღიარებაა

თამარ ჟვანია - საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მოპოვება ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციის აღიარებაა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი გახდა. მექსიკაში, პუერტო-ვალარტაში გამართულ კონკურსში ცესკომ ”არჩევნების მართვის ნომინაციაში” გაიმარჯვა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოზე წარადგინა პროგრამა - ”საარჩევნო პროცესის მართვის სისტემა” (EPMS), რომელიც საარჩევნო ოპერაციების მართვასა და მონიტორინგზეა ორიენტირებული.

ვინ იყვნენ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის კონკურენტები, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აღნიშნული საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მოპოვება და რას გულისხმობს პროგრამა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ამ და სხვა საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ესაუბრა:

- ქალბატონო თამარ, თავდაპირველად ვისაუბროთ თავად კონკურსის, საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს შესახებ. რამდენად მასშტაბური იყო ღონისძიება, რომელიც ცოტა ხნის წინ მექსიკაში გაიმართა?

- საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. კონკურსი სხვადასხვა ქვეყნებში ეწყობა. მაგალითად შარშან, დაჯილდოების ცერემონიალი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 2013 წელს კი მალაიზიაში გაიმართა. კონკურსის პარალელურად, საერთაშორისო სიმპოზიუმი მიმდინარეობს, რომელიც წელს მეთერთმეტედ მოეწყო. ღონისძიებებში როგორც წესი, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. წელს მექსიკაში, პუერტო-ვალარტაში სამუშაო შეხვედრა, სემინარი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში დახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ ღონისძიება განკუთვნილია არა მარტო საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და საარჩევნო საკითხებზე აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კონკურსის მონაწილეებს შორის იყო ვენეციის კომისია, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში ”საერთაშორისო ჩართულობა”.

- როგორ წარდგა საქართველო კონკურსზე, რომელ ნომინაციაში მიიღო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მონაწილეობა?

- კონკურსი საერთაშორისო დონეზე შესაბამისი სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის ცხადდება . რამდენიმე თვის განმავლობაში საკონკურსო განაცხადების მიღება ელექტრონულად ხდება. ჩვენ წარვადგინეთ პროგრამა არჩევნების მართვის, ანუ არჩევნების მენეჯმენტის ნომინაციაზე, რომელიც არსებულ 9 ნომინაციას შორის, ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

- სანამ უშუალოდ პროგრამაზე ვისაუბრებდეთ, გვითხარით, ვინ განიხილა წარდგენილი აპლიკაციები, რა შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია?

- კომისია დაკომპლექტებულია მაღალი დონის ექსპერტებით, რომლებიც საკონკურსო განაცხადებს ელექტრონული თათბირების, ასევე შეხვედრების მეშვეობით იხილავენ. საკონკურსო კომისიის წევრებს შორის არის საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, (IFES) პრეზიდენტი, ასევე მექსიკის საარჩევნო ტრიბუნალის წარმომადგენელი, ევროსაბჭოს ექსპერტი. საკითხებს საკმაოდ სერიოზული კომისია იხილავს.

- ვინ იყვნენ არჩევნების მართვის ნომინაციაში თქვენი კონკურენტები?

- ჩვენს ნომინაციაში სხვადასხვა ქვეყნებიდან დაახლოებით 20 აპლიკაცია იყო წარდგენილი. აღმოვჩნდით სამი ფინალისტი - ჩვენ, მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პრესტიჟული და პოპულარული ინდოეთის საარჩევნო ადმინისტრაცია და აშშ-ს ილინოისის შტატის საარჩევნო მოხელეები. ეს იყო საკმაოდ ძლიერი კონკურენცია, ვფიქრობდი, რომ ფინალისტობაც დიდი მიღწევა იყო. საბოლოოდ, გადმოგვეცა საარჩევნო მენეჯმენტის ჯილდო.

- რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ჯილდოს მოპოვება საქართველოსთვის?

- ეს არ არის ერთი, ან რამდენიმე ადამიანის გამარჯვება. ჯილდო არის ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციის აღიარება. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოლო ორი - სამი წელიწადია რეგიონულ ლიდერად განიხილება და ახლა მსოფლიო ლიდერებს შორის აღმოვჩნდით. ეს არის საერთაშორისო, დიდი აღარება, ჩვენი პრესტიჟი და ჩვენი ქვეყნის აღიარება, როგორც საარჩევნო პროცესებში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

- რა კრიტერიუმით შეარჩიეთ კონკურსზე წარსადგენი პროგრამა?

- საარჩევნო პროცესის მართვის პროგრამაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. ეს არის ჩვენი უნიკალური პროგრამა, რომლის ანალოგი სხვა ადმინისტრაციებს არ აქვთ. იდეის მთავარი არსი იყო, არჩევნების დროს რაც შეიძლება კარგი მომსახურება გაგვეწია, წინასწარი შედეგები საზოგადოებისთვის მალე ყოფილიყო მიწოდებული, ყველა ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფად გასაჯაროებულიყო და მენეჯმენტი, კოორდინაცია, შიდა კომუნიკაცია მაქსიმალურად გამარტივებული ყოფილიყო. მე გახლდით გაეროსა და ევროკავშირის საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი, როცა ეს იდეა ცესკოში დაიბადა. მაშინ, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ხარატიშვილი იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ იდეის განხორციელებაში ჩვენი გაეროს პროექტი ეხმარებოდა. პროგრამა პირველად 2012 წელს გამოიყენეს. მას შემდეგ დაიხვეწა, ძალიან ბევრი მოდული დაემატა. პროგრამა უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება. მაგალითად ბოლო, თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროგრამამ იმუშავა იმდენად სწრაფად, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, იმავე ღამეს ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო, შედეგების 100%-ის გამოცხადება შევძელით.

- არსებული კმაყოფილების მიუხედავად, ხომ არ გეგმავთ მუშაობას EPMS-ის კიდევ უფრო მეტად განვითარების მიმართულებით?

- ვფიქრობთ დავამატოთ ე.წ. ლოჯისტიკური მოდული. არჩევნებში ლოჯისტიკა, დისტრიბუცია და ორგანიზების კუთხე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. პროგრამა იმდენად მოქნილია, რომ სამომავლოდ ყველანაირ მენეჯმენტურ პროცესში შეგვიწყობს ხელს.

- ამ პროგრამის შესახებ მექსიკაში, კონკურსზე მყოფი ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი შეიტყობდა, თუ იყო მათი მხრიდან დაინტერესება საქართველოს გამოცდილების გაზიარების თაობაზე?

- კონკურსის პერიოდში აფრიკული ადმინისტრაციის რამდენიმე ქვეყანა ადგილზევე მესაუბრა. მათ საქართველოში ჩამოსვლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის გაცნობის დიდი სურვილი გამოთქვეს.

- როგორც ვიცი, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

- ცესკომ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციამ ნომინაციაში აპლიკაცია პირველად წარადგინა. თუმცა საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, რომელიც ცესკოს სწავლების ცენტრია, 2013 წელს ”ახალგაზრდა ამომრჩევლის” ნომინაციაში გაიმარჯვა.

- საქართველომ კონკურსში მონაწილეობა მეორეჯერ მიიღო და ორივე შემთხვევა წარმატებული აღმოჩნდა. ალბათ, ეს იქნება წინაპირობა, რომ მომავალში, კონკურსში მონაწილეობით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.

- ჩვენ ძალიან ამაყები ვიქნებით, თუკი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია არჩევნებზე მუშაობენ დაინტერესდებიან და აპლიკაციებს წარადგენენ, რადგან რაც მეტი არჩევნებში ჩართული მხარე მოიპოვებს საქართველოდან გამარჯვებას, მით უკეთესია.

- სიმპოზიუმზე არა ერთი თემა და საარჩევნიო საკითხი განიხლეს. რა მოხსენებით წარდექით თქვენ აუდიტორიის წინაშე?

- ჩემი მოხსენება შეეხებოდა საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხს, მსმენელებს გავუზიარეთ გამოცდილება, რომელიც საარჩევო ადმინისტრაციას აქვს აპლიკანტებთან, მომჩივანებთან, ვადებთან და ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით. იყო ბევრი კითხვა, დიდი დაინტერესება.

- მიუხედავად იმისა, რომ მექსიკიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდით, ალბათ უკვე ფიქრობთ მომავალ წელს რომელ ნომინაციაში წარადგენთ აპლიკაციას.

- წინასწარ ძალიან გამიჭირდება თქმა , თუმცა დიდი ალბათობით, ნომინანტები შეიძლება ვიყოთ ინკლუზიური ჩართულობის, ან გენდერული ბალანსის ნაწილში. ამ მიმართულებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ბევრს მუშაობს.

ავტორი: ანა მარშანია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია