რა ვიცით დავით ბორჩაშვილის შესახებ - არის თუ არა საშიში ტერორისტი 29 წლის ქართველი

რა ვიცით დავით ბორჩაშვილის შესახებ - არის თუ არა საშიში ტერორისტი 29 წლის ქართველი

დავით ბორჩაშვილს, რომელიც თურქეთიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს, ბრალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დღეს წარუდგენენ. გამორიცხული არ არის, რომ ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზეც დღეს იმსჯელოს სასამართლომ.

როგორც ცნობილია, დაკავებულს ფეხის არეში აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა და შესაძლოა მას ოპერაცია ჩაუტარდეს.

როგორც გუშინ დავით ბორჩაშვილის დედამ, მედეა ბორჩაშვილმა განაცხადა, მისი შვილი სამუშაოდ თურქეთში იყო წასული. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ის სირიაში, ამის შესახებ მედეა ბორჩაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.

29 წლის დავით ბორჩაშვილი გუშინ გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.

დამატებით ინფორმაციას ბორჩაშვილის საქმის შესახებ, მათ შორის იმაზე, თავდაპირველად რატომ გააბრუნეს თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სუს-ში არ ახმაურებენ.

29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით გუშინწინ პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. გუშინ საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.

დავით ბორჩაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნის ფაქტს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს "ისლამურ სახელმწიფოსთან" მის კავშირს. ამის შესახებ გელა ნიკოლაიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"გავრცელებულ კადრებს, რომ ის მებრძოლის ფორმაშია და იმას თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ჩვენ მას შემდეგ ვნახავთ, რაც მას ბრალს წაუყენებენ. თვითონ კატეგორიულად უარყოფს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს. დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნას. ის დაჯგუფება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, მართალია ებრძვის ასადის რეჟიმს, თუმცა ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოსაც". ეს ორგანიზაცია სირიის თავისუფალი არმიაა და ეს ორგანიზაცია დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოებისგან არის მხარდაჭერილი", - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ყველაფერი ისეა, როგორც ბორჩაშვილი ამბობს, არავითარი საფუძველი არ არის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალი წაუყენონ.

ანტიტერორისტული დეპარტამენტის დატოვების შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა გელა ნიკოლაიშვილმა. დღეს მას საქმის მასალები გააცნეს. მისი თქმით, დავით ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად 1 წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს, რომელიც პანკისელების მიმართ არის დაწყებული.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ უშუალოდ ბორჩაშვილის მიმართ გამოძიება ორი დღის წინ არის დაწყებული.

გელა ნიკოლაიშვილმა არ დააკონკრეტა, არიან თუ არა პანკისელები ის პირებიც, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში ბორჩაშვილთან ერთად ავტომობილში იმყოფებიან. ადვოკატის თქმით, საქმეს გრიფი ადევს და დეტალურად მასალებზე ვერ ისაუბრებს.

"გამოძიება დაწყებულია 2014 წლის მარტში, ოღონდ გამოძიება მიმდინარეობს ზოგადად და არა კონკრეტულად დავით ბორჩაშვილის მიმართ. მის მიმართ გამოძიება ფაქტობრივად 2 დღის წინ არის დაწყებული, ვინაიდან იმ მასალების მიხედვით, რომელსაც ვერ გავამჟღავნებთ, 2 ტომის 99% არანაირად არ ეხება ბორჩაშვილს. ბორჩაშვილს ეხება მხოლოდ ვიდეოები, რომელიც გავრცელდა. დღეის მდგომარეობით, არათუ ბრალის წარდგენის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც არ არსებობს, რადგან ვიდეოები, სადაც ეს ადამიანი ვიღაცებთან ერთად იყო ავტომობილში და მიდიოდა, რამდენად შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს, თავად განსაზღვრეთ. ამ საქმეში სხვა მასალები არ არის", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, გავრცელებული ვიდეომასალების ავთენტურობას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თავადაც ადასტურებს.

"ერთადერთი მე შემიძლია გითხრათ - ეს გამოძიება არ ეხება ამერიკიდან და ინგლისიდან ჩასულ ადამიანებს, ინტერესი ძირითადად არის პანკისის ხეობის მცხოვრებლებზე და საქართველოს მოქალაქეებზე. მეტი დაკონკრეტების საშუალება მე არ მაქვს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: იყო თუ არა დავით ბორჩაშვილი ტერორისტებთან კავშირში? - კადრები, სადაც სავარაუდოდ, იგი შეიარაღებული ჩანს

კადრები მებრძოლის დაკრძალვიდან, სადაც სავარაუდოდ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილიც ჩანს

"ჩემს შვილს სადისტურად მოექცნენ" - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბორჩაშვილი საავადმყოფოშია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ