გაუფასურებული ლარის შემდეგ მოსახლეობის მორიგი თავსატეხი, 3-4 თეთრით გაძვირებული დენის ტარიფია, რომელიც ზამთარში მძიმე ტვირთად დააწვება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობას შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო რთული ზამთარი ელის. "არც შემოდგომაა სახარბიელო, ხომ ხედავთ რაც ხდება, თუმცა მოსახლეობას კიდევ უფრო რთული ზამთარი ელის. გაძვირებული პროდუქტები, გაძვირებული დენის ტარიფი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი ყველას ჯიბეზე ძალიან მძიმედ აისახება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლარის შემდგომი გაუფასურებაც არ არის გამორიცხული.
ეს კი ერთობლიობაში მოგვცემს სერიოზულ ასახვას მოსახლეობის შემოსავალზე. ელექტროენერგიის გაძვირების გამო, პროდუქტი კიდევ გაძვირდება. პურის მწარმოებელს მოუწევს ფასის გაზრდა, რადგან პურის ცხობისთვის ელექტროენერგიაა საჭირო. ფასი ჯერჯერობით არ გაძვირებულა, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მოახდინა სუბსიდირება. ეს კი გადასახადების გადამხდელებზე აისახა, ისინი იხდიან იმ გადასახადებს, რომელიც შემდეგ სუბსიდიის სახით უბრუნდება მის ჯიბეს უარყოფით კონტექსტში", - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გია ჯაფარიძემ.
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რთული ზამთარი რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული. "ვერ გეტყვით რამდენად ძვირი იქნება ეს ზამთარი, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელმა უკვე შეადგინა 5,8% და ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა კვლავ მოსალოდნელია. ინფლაციის მატება დამოკიდებულია ბიუჯეტზე და ეროვნულ ბანკზე, თუ როგორი მონეტარული პოლიტიკა იქნება გატარებული ეროვნული ბანკის მიერ.