დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს

დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

კომიტეტში განიხილავენ "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით კვოტების შემოღებას ითვალისწინებს. პროექტის ერთ-ერთი ავტორი სწორედ თემურ ჭკუასელია.

კვოტირების მიზნებზე საუბრისას ჭკუასელმა განაცხადა, რომ "მამაკაცებს უფრო გლობალური აზროვნება აქვთ". დეპუტატის ამ ნათქვამს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ბაია პატარაიას პროტესტი მოჰყვა, რომლის შეფასებითაც, ქალების შეურაცხყოფა და სექსიზმია იმაზე საუბარი, რომ მამაკაცები უკეთესად ან სხვანაირად აზროვნებენ.

თავის მხრივ ჭკუასელმა განმარტა - მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ქალებს გლობალურ აზროვნებასთან ერთად, აქვთ თვისება, ყურადღება მიაქციონ დეტალებს, რომელსაც ხანდახან მამაკაცები ვერ ამჩნევენ.

რაც შეეხება პროექტის, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში სულ მცირე 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას უზრუნველყოფს.

ამასთან, "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით სქესის პრინციპის დაცვა გათვალისწინებულია პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლით შეცვლისას. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი პარტიული სიით იყო არჩეული, მის ადგილს პარლამენტში იმავე სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი იკავებს.

პარლამენტში ინიცირებული პროექტით, თუკი რიგით მომდევნო კანდიდატი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ასეთ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იკავებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდას.

როგორც პროექტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, კვოტირების წესის შემოღებას ყველა დეპუტატი არ იზიარებს და პარლამენტში საჭირო იქნება კონსესუსის მიღწევა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი