დაახლოებით ათი დღის წინ, ვერაზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, საჯარო ლექციის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა სამხატვრო აკადემიის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ხუნდაძე დანით დაჭრა. დაჭრილი მიხეილ ხუნდაძე რეანიმაციის შემდეგ პალატაში გადაიყვანეს, ახლა კი სახლში მკურნალობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, პიროვნება, რომელმაც ხუნდაძე დაჭრა, დაკავებულია და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
AMBEBI.GE დაზარალებულს ესაუბრა.
მიხეილ ხუნდაძე, "კამპუსის" დამფუძნებელი და დირექტორი:
- 15 ნოემბერს გვქონდა ჯერ საჯარო ლექცია და შემდეგ კინო-ჩვენება. ამ პერიოდში 3 ახალგაზრდა შემოცვივდა კამპუსში, არეულობა რომ არ ყოფილიყო, გარეთ გავიყვანე. როგორც კი სადარბაზოდან გავედით, ამ სამიდან ერთ-ერთმა ყვირილი დამიწყო, ვის მიაყენე შეურაცხყოფაო და პირდაპირ დამარტყა დანა. მისთვის საერთოდ არაფერი მითქვამს, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია, ეგრევე დანა დამარტყა.
- როგორც ვიცით, გულის არეში დაიჭერით ხომ?
- დანა რომ მოიქნია, პირდაპირ მკლავდა იმიტომ, რომ დანა პირდაპირ გულში მოდიოდა, თუმცა ამცდა და ფილტვში გაიარა, შემდეგ აღარაფერი მიგრძვნია, მაგრამ მეორეჯერ მოქნევის დროს, უკვე ხელი ავუქნიე და ხელში დამჭრა. პოლიციამ საავადმყოფოშივე დამკითხა.
- ვინც დაგჭრათ, იმ პიროვნებას იცნობდით?
- არანაირი ნაცნობობა არ მაკავშირებს, პირველად ვნახე და იმედი მაქვს, საბოლოოდ. მაგრამ თვითონ იმ უბანში, სადაც კამპუსი გვაქვს, მოსახლეობასთან პრობლემები გვქონდა იმიტომ, რომ ლექციებს ვატარებდით, მათ ვერ გაიგეს ლექციის შინაარსი და ამ ადამიანს, ვინც დამჭრა, ხელი იმ საზოგადოებამ უბიძგა, სადაც გაიზარდა.
- კონკრეტულად ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
- არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ კონკრეტულ ადამიანს ჩემს ან ჩემი მეგობრების წინააღმდეგ რაიმე საბაბი ჰქონოდა. მაგრამ თვითონ იმ ცენტრში, სადაც ლექცია ტარდებოდა, წავიკითხეთ ფრიდრიხ ნიცშეს ტექსტი. ლექციაზე ბევრი ხალხი იყო, ამიტომ დავაყენეთ დინამიკებიც, რომ სხვა მსურველებსაც მოესმინათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აგრესია, რადგან მოსახლეობამ ტექსტი არასწორად გაიგო. მას შემდეგ, რაც ამ უბანში მოვედით, გვეძახიან სატანისტებს, ეს ყველაფერი აგრესიაშიც გადადიოდა. ერთ-ერთი მათგანი კი იარაღით მომვარდა და შედეგი უკვე თქვენც იცით.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება