შვეიცარიული ძროხები კასპში

შვეიცარიული ძროხები კასპში

ნანა და კახა ბუ­ნ­ტურებმა ოთხი წლის წინ გადაწყვიტეს­ თბილისიდან კას­პში, მამაპაპის­ეულ ადგილ-მამულში დაბ­რუნება. ჯერ 10 ათასი ძირი პომიდორი და­რგეს, მერე ღორები გაზარდეს, მაგრამ მოგება ვერ მიიღეს. არც ინდაურის, ქათმის, იხვის მომრავლება გამოდგა რენტაბელური, რადგან 200-300 სული ფრთის გაზრდა ხარჯს ვერ ფარავდა. ბოლოს ძროხების ყიდვა გადაწყვიტეს. როგორ აეწყო საქმე და რა ხდება ახლა? რამ მისცა ბიძგი ამ რთული საქმის დაწყებას?

კახა: "ჩემი დიდი პაპა, სოლომონ ღვინიაშვილი, ვაჭართა გილდიის წევრი იყო და შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ილია ჭავჭავაძე მისი ხშირი სტუმარი ყოფილა. სოლომონმა ვენახი საუკუნეზე მეტი ხნის წინ გააშენა. რქაწითელი და ჩინური ვაზია დარგული, რომელსაც ნელ-ნელა ვაახლებთ. ჩვენთვის უცნობი ჯიშებიც არის. მათი დასახელება აგრონომებმაც არ იციან."

- თქვენამდე მოსასვლელი გზით ვერ დაიტრაბახებთ...

- 3 წლის წინ ხიდი მდინარემ დააზიანა, მანქანა ვეღარ გადის. შეგვპირდნენ აღდგენას, მაგრამ ამაოდ. ხრეში უნდა დაიყაროს, არც ასფალტს ვითხოვთ და არც ხიდის გამაგრებას. როცა ლეხურა დიდდება, საერთოდ მოწყვეტილი ვართ. სასმელი წყალიც არ არის, ყველას ჭა აქვს. ეს ადგილი კასპის გარეუბანია და ზემო ჭალებს ეძახიან.

- რა ჯიშის ძროხები იყიდეთ?

ნანა: "კარგი ჯიშის ძროხა 3.000-3.500 ლარი ღირს. კასპში და საერთოდ, ქართლში, არის მხოლოდ 1.000-ლარიანი ძროხები, რომლებიც 1,5-2 ლიტრ რძეს იწველიან. როცა 25 წელიწადს ნახირში ერთი და იგივე საქონელი დადის, არ ემატებათ ახალი ძროხა ან ბუღა და ერთმანეთში მრავლდებიან, უკვე გადაგვარების პირას არიან - ხორცი არ უვარგათ, არც იზრდებიან და აღარც იწველებიან. ძროხების შესარჩევად თითქმის ყველა რეგიონში ვიყავით. მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში გერმანელი სელექციონერი ჩამოვიდა. მან შვეიცარიული ჯიშის შვიცები ადგილობრივ ძროხებთან შეაჯვარა და 10-15 წელიწადში გამოიყვანა კარგი ჯიშის ძროხები, რომლებსაც შვიცნარევს ეძახიან. ის საკმაოდ დიდია (ტონა და მეტიც) და 25 ლიტრამდე იწველის. ორი ასეთი ძროხა თელეთში ვიყიდეთ. საბჭოთა კავშირის დროს რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ჰყავდათ საუკეთესო ძროხები. ჩვენც გვყავდა, მაგრამ საქართველოში სელექცია 25 წელია აღარ არსებობს.

შვიცი დიდი წველადობის ძროხაა და კვებაც კარგი უნდა: ერთ ჭამაზე ერთი შეკვრა დაპრესილი თივა (20-25 კგ) სჭირდება, დღის განმავლობაში 5 შეკვრა, 100 ლიტრი წყალი და 10 კილოგრამამდე კომბინირებული (ქატო, ქერი, სიმინდი) საკვები...

12 ძროხა და 5 ხბო გვყავს. ახლა გადავედით ხელოვნურ განაყოფიერებაზე. ძროხები ჯერსისა და სიმენტაილერის ჯიშებით გავანაყოფიერეთ. მარტისთვის ხბორებს ველოდებით და მერე ავირჩევთ, რომელი ჯიში დავიტოვოთ. ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული სახარე ხბო უკვე გვყავს."

- იმ პირველ ორ ძროხას სახელები­ დაარქვით?

- ერთმა გლეხმა მითხრა, სასაკლაოზე წასაყვან საქონელს სახელი თუ ექნება, ის მუდმივად გემახსოვრება, ამიტომ არ დაარქვაო. ისე, მოფერებით, ბოჩის ვეძახი.

- სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული რეფორმები დაგეხმარათ?

კახა: "კასპში უზარმაზარი ტრაქტორი გამოყვეს დაბარვისთვის, ისე ატრიალებს მიწას, მერე იმ ადგილას ვერც დარგავ და ვერც დათესავ. ვაუჩერით 1 ტომარა გვარჯილა და შხამქიმიკატები ავიღეთ. ამბობენ, იაფი კრედიტით შეგიძლიათ ისარგებლოთო, თუმცა ჩვენ ვერაფერი გავაწყვეთ. თივის შესაძენად 4.000 ლარი დაგ­ვჭირდა და ბანკმა 23%-იანი კრედიტი მოგვცა."

ნანა: "შეიძლება ვინმე კმაყოფილია რეფორმებით და რაღაცით ისარგებლეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ვერ გავიგეთ, გრანტს ვის აძლევენ? ყველის ამოსაყვანი მოწყობილობა გვჭირდება, მაგრამ ჯერ ვერ შევიძინეთ, თანხა არა გვაქვს. კოოპერატივების დაარსება უნდათ, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ, რომ მატერიალურად სუსტი გლეხი ძლიერ კოოპერატივს ვერ შექმნის. აქ ნახირში ძროხები დადიან, დღეში 1,5 ლიტრ რძეს იწველიან, ჩვენი ყველაზე ნაკლები წველადობის ძროხა კი - 22 ლიტრს. ახალი ჯიშები რომ გვეყოლება, 36-ლიტრს მოიწველიან. ვისთან გავერთიანდეთ?"

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია