მაკა, დუდუ და დუდუს ცოლი: 3 პერსონაჟის მიერ გაკეთებული 3 სერია, როგორც კინო - ექსკლუზიური ინტერვიუ "დუდუს ცოლთან"

მაკა, დუდუ და დუდუს ცოლი: 3 პერსონაჟის მიერ გაკეთებული 3 სერია, როგორც კინო - ექსკლუზიური ინტერვიუ "დუდუს ცოლთან"

"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო 3 სერიაში მოვლენები რაღაც სხვაგვარად განვითარდა (ყველაფერი კინოს ჰყავდა), რამაც მაყურებელში სერიალის მიმართ კიდევ მეტი ინტერესი გააჩინა: კუბაში გადახვეწილი პერსონაჟის, დუდუს ოჯახი უმძიმესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, - თაღლითმა, ვითომდაც შვილის ციხიდან დახსნის მოტივით, ქონება დააკარგვინა, რამაც მწვავე ნევროზისა და უკიდურესი დეპრესიის ზღვარზე მიიყვანა დუდუს ცოლი, ნანიკო.

ოჯახის დახმარებას, დუდუს თხოვნით, მეგობარი მაკა (მსახიობი ნინო კასრაძე) ცდილობს, რითაც სიუჟეტმა სიმძაფრე შეიძინა...

ეს ყველაფერი კი მსახიობებმა დიდი ოსტატობით წარმოაჩინეს. ნინო კასრაძე ყოველთვის მაღალი საშემსრულებლო დონით გამოირჩევა, მასთან ერთად, ალეკო ბეგალიშვილიც (დუდუ), მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიებში მხოლოდ და მხოლოდ სკაიპით უწევდა ჩართვა.

მსახიობმა რუსუდან კობიაშვილმა (დუდუს ცოლი) კი მაყურებელზე განსაკუთრებული ზემოქმედება იქონია, რადგანაც დეპრესიული, ნევროზული ქალბატონის მკაფიო სახე შექმნა.

როდესაც ალეკო ბეგალიშვილს ბოლო სერიების შესახებ აზრი ვკითხე, მიპასუხა, - მე რა, ერთი-ორჯერ სკაიპით ჩავერთე და რა მოხდა, მერე? აი, სერიები გოგოებმა - ნინო კასრაძემ და რუსუდან კობიაშვილმა გაქაჩესო...

რუსუდან კობიაშვილი (სერიალში დუდუს ცოლი):

- ბოლო სერიებს ეტყობოდა, რომ სერიალი კი არა, უკვე კინო იყო, უფრო სწორად, სამსერიანი ფილმი, რადგანაც მასში ამბები ისე განვითარდა. სცენარი რომ წავიკითხე, არ მქონდა განცდა, რომ ეს იყო სერიალი და თავიდანვე როგორც კინოს, ისე მივუდექი. მერე როლზე შინ ვიმუშავე. საერთოდ კი, ყველაფერი ძირითადად, სცენარისტის, რეჟისორისა და კარგი პარტნიორების დამსახურება. თვითონ ამბავიც ძალიან საინტერესო იყო. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, სერიალია თუ მხატვრული ფილმი, მსახიობი უნდა ახერხებდეს პროექტში, რაზეც მუშაობს, ბოლომდე დაიხარჯოს, ბოლომდე დადოს ყველაფერი, "გაშიშვლდეს", გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია...

- როგორ ფიქრობთ, ასეთი მიმართულებით რომ განვითარდეს "ჩემი ცოლის დაქალებში" მოვლენები, როგორც გასულ კვირაში, უფრო საინტერესო იქნება?

- მნიშვნელობა აქვს იმასაც, გუშინ როგორც დამთავრდა მორიგი სერია. მაკა ადამიანურად მოიქცა, დამალა იმ დამნაშავის ვინაობა, მაგრამ რაღაც მგონია, რომ ამ ყველაფერს განვითარება ექნება, რადგანაც ფინალმა ბევრი კითხვა დატოვა. ვფიქრობ, რომ უნდა განვითარდეს. თან, მაკა საიდუმლოს დიდხანს ვერ შეინახავს და რაღაც გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს. მით უფრო, დუდუს ოჯახს ამდენი დრო დაუთმო და ენერგია დახარჯა.

- მაკა ახსენეთ, მის როლს მსახიობი ნინო კასრაძე ასრულებს. გადასაღებ მოედანზე პირველად აღმოჩნდა ის თქვენი პარტნიორი თუ სხვა დროსაც შეხვედრიხართ?

- რაღაც პერიოდი ერთად ინსტიტუტში ვსწავლობდით, მაგრამ სცენაზე არასდროს გვქონია შეხება. ფანტასტიკური მსახიობია, არაჩვეულებრივი. როცა ასეთი პარტნიორი გყავს, უკვე ძალიან კარგია, თან, ეს ფაქტი ცოტა დამაფრთხობელიც კია, რადგანაც შენგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოკლედ, გამიმართლა, რომ ნინო ჩემი პარტნიორი იყო. საერთოდ, ამ სერიალზე არანორმალურად კარგი გუნდი მუშაობს. კასტინგის მენეჯერი - ეკა მჟავანაძე ხომ პროფესიონალია, რომელიც ყველფერს შესანიშნავად უძღვება. "კასტინგის დედა" კი არა, დედაჩემი ხარ-მეთქი, - ვეუბნები (იცინის). ხომ გეუბნებით, სერიოზულად მუშაობს. ასევე გადასარევი მსახიობია ალეკო ბეგალიშვილი, სამწუხაროა, რომ მას მაყურებელი თეატრიდან არ იცნობს.

- ცნობილი ფაქტია, რომ თეატრში მასობრივად არ დადის მაყურებელი და ეს ამის ბრალია.

- კი, გეთანხმებით, თუმცა ტელევიზიას რაღაც ჯადოსნური ძალა აქვს. მასში ერთი გამოჩენა და მსახიობი უკვე პოპულარულია.

- ამჟამად რომელ თეატრში საქმიანობთ?

- როგორც მსახიობი, თეატრში აღარ ვმუშაობ. გიზო ჟორდანიასთან სარეჟისორო დავამთავრე და ახლა ილიაუნის თეატრში ორი სპექტაკლი მაქვს დადგმული და მესამეზე ვმუშაობ...

- ე.ი. ამ წუთას როგორც რეჟისორი, ისე მუშაობთ, თუმცა ვფიქრობ, რომ სცენაზე სათქმელი ნამდვილად გაქვთ.

- მსახიობობა არის პროფესია, როცა წლების მერე ხვდები, რომ დაგროვილი გამოცდილებით უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია