"კვირის პალიტრის" 48-ე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ("ქართველები ესპანეთში დღეში 700 ბინას ტეხდნენ") ესპანეთში მცხოვრებ ქართველ გოგონასთან - ანა ფიცხელაურთან, რომელიც მადრიდის პოლიციაში თარჯიმნად მუშაობს. ინტერვიუში, სხვა დანარჩენ დეტალებთან ერთად, საუბარია ქართველების დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ანას ესპანეთში ჩვენი ინიციატივით დავუკავშირდით და დავინტერესდით უცხოეთში მის ცხოვრებასა და მიღწევებზე. როგორც მადრიდის პოლიციის თანამშრომელს, რესპონდენტს, ბუნებრივია, ჩვენი თანამემამულეების შესახებ გახმაურებულ კრიმინალურ საქმიანობაზეც დავუსვით კითხვა, მათ შორის იმაზე, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, ესპანეთის ცნობილ ტელეარხზე გადაცემული ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ქართველ ქურდებს ეძღვნებოდა. გოგონა დაგვეთანხმა და გახმაურებული მასალებიდან გამომდინარე ისაუბრა ესპანეთში ქართველების შესახებ გავრცელებულ ფაქტებზე. ინტერვიუს გასვლის შემდეგ, ანა ფიცხელაური დაგვიკავშირდა და გვთხოვა მკითხველისთვის განგვემარტა, რომ მისი თვითმიზანი და სურვილი არ ყოფილა მაინც და მაინც ქართველების კრიმინალურ საქმიანობაზე გაემახვილებინა ყურადღება. როგორც ჩანს, ამ ინტერვიუს გამო, გოგონა სრულიად დაუმსახურებლად, თანამემამულეების მხრიდან (რომელთაც შეძლებისდაგვარად მხარში უდგას და ეხმარება) სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. "ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე, მირეკავენ და მლანძღავენ" - შემოგვჩივლა ანამ.
რესპონდენტს ახალი არც არაფერი უთქვამს, რაც ჩვენთვის არ ყოფილა ცნობილი. მედიასაშუალებებით არაერთგზის გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით ქართველები ევროპისთვის სერიოზულ პრობლემად იქცნენ.
გთავაზობთ ამონარიდს ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან - გასულ წელს ესპანეთის ერთ-ერთმა კერძო არხმა "LaSexta"-მ სამართალდამცველებზე დაყრდნობით მოამზადა დოკუმენტური ფილმი, ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ქართველები ევროპაში "ყველაზე საშიში დაჯგუფების წევრებად" არიან მოხსენიებულნი.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება