მსოფლიოში ძვირი დოლარის პერიოდი მთავრდება. გუშინ ამერიკულმა ვალუტამ მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან პოზიციები კიდევ ერთხელ დათმო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები 2016 წელს დოლარის კიდევ უფრო დასუსტებას ელოდებიან, ვინაიდან კატასტროფულად გამყარებული "მწვანე ვალუტა" უკვე ამერიკასაც არ აძლვს ხელს.
"ადმირალ მარკეტის" ინფორმაციით, გუშინ დოლარის ინდექსი 0,12 პროცენტით, 100,05 ნიშნულამდე შემცირდა. ევრო-დოლარის ფასმა 0,16 პროცენტით მოიმატა და 1,0590 ნიშნულს მიაღწია. ასევე დოლარმა დათმო პოზიციები იაპონურ იენასთან მიმართებაში 0,13 პროცენტით. ავსტრალიური დოლარიც გამყარდა 0,39 პოცენტით, ხოლო ახალზელანდიურმა დოლარმა მიაღწია თვის მაქსიმუმს და 0,6647 ნიშნულზე დაფიქსირდა. ამჯერად, მსოფლიოს ფინანსისტები ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას ელოდებიან - გაიზრდება თუ არა დეკემბერში საპროცენტო განაკვეთი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განაკვეთი ნამდვილად გაიზრდება, ვინაიდან ძალიან გამყარებული დოლარი უკვე ამერიკასაც პრობლემებს უქმნის.
"ადმირალ მარკეტ ჯორჯიას" დირექტორის დავით წიქარიძის განცხადებით, ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში დოლარი ძალიან გამყარდა სხვა ვალუტებთან მიმართებაში და ამ პროცესმა ნეგატიური გავლენა იქონია მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე.
"თავად ამერიკელებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ აღნიშნული პროცესის გამო, ვინაიდან მათი საექსპორტო პროდუცია კონკურენტუნარიანობას კარგავს. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ როგორ განვითარდება მსოფლიოში პროცესები, მაგრამ სავარაუდოდ, შეეცდებიან დოლარის დომინირება შეწყდეს და ფინანსურ ბაზარზე არსებული მდგომარეობა დასტაბილურდეს; ანუ დოლარზე ან არსებული სტატუს-კვო შეინარჩუნონ, ან ცოტა უფრო დაასუსტონ ევროსთან მიმართებაში. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული", - ამბობს დავით წიქარიძე.