"მაღალიციცო" ამერიკიდან - რა პროფესიას ეუფლება და რისთვის ემზადება ბლოგერი

"მაღალიციცო" ამერიკიდან - რა პროფესიას ეუფლება და რისთვის ემზადება ბლოგერი

ის გასულ ზაფხულს, "ფეისბუქზე" თავისი ორიგინალური ბლოგით - "მაღალიციცო" გაიცნეს. თავიდან ინკოგნიტოდ მოქმედებდა, ვინაობას მალავდა, თუმცა ძალიან მალე გახდა პოპულარული, - მისი გვერდი უამრავმა მოიწონა. დღევანდელი მონაცემებით, ეს რიცხვი 50.000-ია, არადა, სულ 5 თვე გავიდა.

მერე ისე მოხდა, რომ "მაღალიციცოს" სახელით მოქმედმა პიროვნებამ, რომელიც ხან ქალიც კი ეგონათ, სახე გამოაჩინა - ის მსახიობი და რადიოდიჯეი გიგი, გრიგოლ გოგოლაძე აღმოჩნდა. იმ დღიდან კი ძალიან მალე, გიგი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა.

საკუთარ ბლოგზე ამერიკაშიც ისეთივე ენერგიულად და აქტიურად აგრძელებს მუშაობს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტით შევეხმიანე და AMBEBI.GE-სთვის ვისაუბრეთ. ჰოდა, ამ დიალოგს ახლა გთავაზობთ.

- სპონტანურად არ გადამიწყვეტია ამერიკაში ჩამოსვლა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და სიმართლე გითხრა, არსად გამჩენია დარჩენის, ცხოვრების სურვილი. ამერიკა კი სულ მაინტერესებდა თავისი გიჟური და მრავალფეროვანი ცხოვრების რიტმით, თუმცა ბევრი მეუბნებოდა, რომ ისეთი არაა, როგორიც გგონია, მაგრამ ის იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მივხვდი, რომ აქ ვიცხოვრებ და ჩემი ენერგიისა და შესაძლებლობის მაქსიმუმს გავიღებ. თან, ჩემი აქ წამოსვლა იმანაც დააჩქარა, რომ ძალიან დავიღალე ერთი და იმავეს კეთებით, - არანაირი წინსვლა და პერსპექტივა არ იყო. საქართველოში დიდი კარიერა არ დამიტოვებია, მაგრამ რაც დავტოვე, იმას ჩემით მივაღწიე, რაც ძალიან მეამაყება. ჰოდა, გავრისკე, ავიბარგე და გადმოვსახლდი.

- საქართველოში შესაძლოა წარმატებული არა, მაგრამ დასაქმებული ხომ იყავი?

- დასაქმებული ვიყავი, მაგრამ როგორც ვთქვი, წინსვლის პერსპექტივა საქართველოში არ არსებობს. დაუსაქმებლობა არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ. მუდმივი დაძაბული ფონი, რომელიც მანდ არსებობს, არ იძლევა ბედნიერების შეგრძნების საშუალებას. ასე რომ, ჩემს აქ ჩამოსვლას მხოლოდ ერთი მიზეზი არ განაპირობებს.

- პროფესიით მსახიობი ხარ. შენი სპეციალობით არ გიმუშავია?

- კი, მსახიობი ვარ, ჩემი პროფესიით "თითების თეატრში" 5 წელი ვმუშაობდი. ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში: კარგი კოლექტივი, უამრავი გასტროლი, წარმატებები, მაგრამ მერე ვერ ვხვდები, რა მოხდა, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი, - რატომ შეიქმნა ისეთი გარემო?!. ეგ ამბავი რთულად კი გადავიტანე, ერთი წლის განმავლობაში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა მიჭირდა, თუ ჩავივლიდი, მისი მიმართულებით არ ვიხედებოდი, ჩემზე მოქმედებდა. მსახიობისთვის თეატრი უბრალო სამსახური არ არის, იქ სახლზე უფრო მეტ დროს ვატარებდი, ოჯახის წევრებს უფრო იშვიათად ვნახულობდი, ვიდრე ჩემს თანამშრომლებს. იმ პერიოდში ვთამაშობდი სერიალში "დეტექტივები", რამაც ცოტათი გადამატანინა თეატრის დანაკლისი.

- ისიც ცნობილია, რომ რადიოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გაქვს?

- კი, 9 წელი ვიმუშავე. დიდი მადლობა მინდა ბექა ელბაქიძეს გადავუხადო, რომელიც შემთხვევით ერთ-ერთ კასტინგზე გავიცანი, მან "პირველ რადიოში" შემომთავაზა მუშაობდა, სადაც ფანტასტიკური გარემო, კარგი ხალხი და გემოვნებიანი მუსიკა დამხვდა... დიდი გამოცდილება მივიღე და ის 80 ლარი ხელფასიც სასიამოვნოდ მახსენდება. ახლაც მენატრება პულტი, მიკროფონი, მსმენელი, რომლიც დღემდე მკითხულობს. მცირე პაუზის შემდეგ "აფხაზეთის ხმაში" ვიმუშავე. იქ 5 წელი დავყავი. მიხარია, რომ ასევე კარგ კოლექტივში მოვხვდი.

- ახლა ამერიკაში რას საქმიანობ?

- ჩამოსვლიდან 2 კვირაში მუშაობა მზა კვების ობიექტში შეფ-მზარეულის თანაშემწედ დავიწყე. კულინარია ჩემი გატაცებაა, რომელსაც მინდა, პროფესიულად დავეუფლო. ამბობენ, რომ კარგი ხელი მაქვს და კერძების მომზადება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ე.ი. კმაყოფილი ხარ?

- კი, ბედნიერი ვიძინებ და ვიღვიძებ, არ ვარ სტრესულ მდგომარეობაში, წინ არ მეჩეხება ამდენი შავი ფერი. მიღიმიან და მეც ვუღიმი, მოკლედ, პოზიტივით ვივსები. საერთოდ, მავიწყდება ყველანაირი დაღლა და რამე პრობლემა. ჩემი სუსტი წერტილია დღემდე მეტრო, ახლა ნაკლებად, მაგრამ თავიდან ხშირად ვიკარგებოდი, ხან სად ამოვყოფდი თავს, ხან - სად. აქაურ ტემპში რთულია თავიდანვე ჩაჯდომა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, თბილისური დუნე სიარულის გამო, ყველა მეჯახებოდა, აქ შეიძლება ითქვას, რომ ყველა გარბის და გამორბის...

- როგორც ვატყობ, ჯერ ნოსტალგია არ გაწუხებს?

- ნოსტალგია ჯერ არ მაქვს, უბრალოდ, ოჯახის წევრები და ახლო ადამიანები მენატრებიან. ჰო, ქართული პური კი ძალიან მენატრება...

- რამდენხანს აპირებ მანდ დარჩენას?

- ჯერ არ ვიცი, ნუ რაღაც პერიოდი მომიწევს აქ ყოფნა და ცხოვრების აწყობა.

- შენს ბლოგს, "მაღალციცოს", როგორც ვატყობ, ყურადღებას არ აკლებ, ჩვეულ სტილსა და ფორმაში აგრძელებ ფოტოების და სტატუსების ატვირთვას. როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე ამბებს საფუძვლიანად აკვირდები...

- "მაღალიციცო" ჩემი ცხოვრების გამორჩეული ეტაპია და მიხარია, რომ 5 თვის თავზე ბლოგს 50.000-ზე მეტი მომწონებელი ჰყავს. არადა, შემთხვევით შექმნილი გვერდია და ხანდახან მიკვირს, მართლა ასეთი სასაცილო პოსტებია-მეთქი? ფაქტია, რომ ბევრს უყვარს და ძალიან აიტაცეს. სტატუსებს ისევ დავდებ და შეიძლება ცოტა უფრო მეტი ირონიაც იყოს, ვიდრე მანამდე მქონია.

მინდა, თუ არა, ბლოგიდან გამომდინარე, მიწევს თვალი ვადევნო. თან, შეხვალ "ფეისბუქზე" თუ არა, პოლიტიკური სტატუსებით და მოწოდებებით თვალები მიჭრელდება. მოკლედ, საქართველოში სადაც შეხვალ, ყველგან ნეგატივია და რაც არ მსიამოვნებს, ამდენ დროს და ენერგიას ამას რომ უთმობენ.

მინდა, ისიც ვთქვა, თუ რატომ გავამჟღავნე ჩემი ვინაობა. აღარ ჰქონდა აზრი დამალვას, რადგან სრულიად უცხო ხალხი მწერდა, უამრავ წერილს ვიღებდი... თან, საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდხანს ვერაფერს დამალავ. მაგ პერიოდში ისიც დაემთხვა, რომ დავით კოვზირიძემ გადაცემაში მიმიწვია, რაც კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ ჩემი ვინაობა ყველას გაეგო.

- ზოგადად რა არის შენთვის ამ ბლოგზე მუშაობა?

- "მაღალიციცო" უნებლიედ ჩამოყალიბდა ბრენდად, ბევრი მიმბაძველი გაუჩნდა, ბევრი ქმნის იმავე სტილის ბლოგს. ზოგი სასიამოვნოა, ზოგი - გასაკვირი ან უსიამოვნოც. მაგალითად, "მაღალიციცოს" სახელს "კვადრატის" რეკლამაში იყენებენ. სასიამოვნოა, რომ სახელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ კომპანიებს მისი გამოყენების სურვილი უჩნდებათ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას დაუკითხავად აკეთებენ.

ჩემი ბლოგის მიზანი კი ის არის, რომ ადამიანმა, ვინც გვერდზე შემოვა, გაიღიმოს.

- ის, რაც ყველას აინტერესებს, სად პოულობ ამ საოცარ ფოტოებს, რომელსაც ქართულ სინამდვილეს უსადაგებ?

- ეს ფოტოები პრიციპში თავისით "მეჩეხება" ხან სად და ხან - სად. ბევრჯერ ყოფილა, ვეძებ კონკრეტულ ადამიანზე ფოტოს და უცებ ისეთი "ამოხტება", რომ გადავიფიქრებ და სხვა თემაზე ვპოსტავ. ცხოვრების წესად მექცა შავ-თეთრი სურათების თვალიერება, მაგარი ჰობია, არა?

- საკმაოდ...

- მოკლედ, "მაღალიციცო" მოითხოვს, რომ სულ ფორმაში ვიყო...

- ვიცი, რომ რეალური ადრესატები არ გემდურიან, მაგრამ იქნებ მაინც ყოფილა ვინმეს სერიოზული გაღიზიანება?..

- ასეთს ვერ ვიხსენებ. მაქსიმალურად ვცდილობ, გადავხედო ხოლმე კომენტარებს, რომ გავიგო, რა ხდება ჩემს პოსტთან დაკავშირებით. აქაც პოლიტიკური აქტივისტები გამოირჩევიან აგრესიით. როგორც ხდება ხოლმე, ერთი დაწერს რაღაცას, მეორე უპასუხებს, მესამე იმ მეორეს გალანძღავს, და ასე...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ერთ-ერთი უკვე ვახსენე, მსურს კულინარიის ხელოვნება შევისწავლო, ნიუ-იორკში ამის საუკეთესო საშუალება მაქვს. დანარჩენ გეგმებზეც მალე გაიგებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია