"ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალი 2016 წლის არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება. ჩვენ იმედი გვაქვს, და ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის 2016 წლის არჩევნებში იქნება აქტიური", - ეს განცხადება 24 საათის წინ საქართველოს პალამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა [მეტი], თუმცა ძიძიგურის ნათქვამი გარკვეულწილად გააბათილა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც, დეპუტატის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.
"პირდაპირ გეუბნებით, არ არის მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს "კიდევ უფრო მეტად დაუჭერს" [მეტი].
მთავრობის წევრების ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადების შემდეგ კიდევ უფრო დამაბნეველი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის ქვეყნის ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, თუკი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს.
"თქვენ იცით, რომ "ქართული ოცნება" ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული. შესაბამისად, იმაში, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა მე ბატონი ბიძინას მაგივრად გამიჭირდება რაიმე პასუხი გავცე ამ კონკრეტულ კითხვას",- განაცხადა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, დღეს პრესკონფერენცია ჰქონდა დაანონსებული "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს ზაქარია ქუცნაშვილს, თუმცა 14:00-ზე დაგეგმილი ჟურნალისტებთან შეხვედრა ქუცნაშვილმა გააუქმა.