ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილები უსაფრთხო ადგილზე არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს მთებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილმა როლანდ მახარაძემ, სოფელში დაბრუნების შემდეგ განუცხადა, ორ მეტრამდე თოვლში 15 კილომეტრი იარეს, შემდეგ კი მათ დასახმარებლად წასული თანასოფლელები შეხვდნენ.
მახარაძის თქმით, თანასოფლელებთან შეხვედრიდან 200 მეტრიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ გზაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. მახარაძის განმარტებით, სამაშველო სამსახურებმა მათთან ერთად დაახლოებით სამ კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარეს.
"ზოტიყელში ქარბორბალამ გადახადა სახურავები, ავედით გავაკეთეთ და უცებ გაუარესდა ამინდი და 2 მეტრამდე ნალექი მოვიდა. სამი დღე გავჩერდით მთაში, შემდეგ წამოვედით. ორ მეტრამდე თოვლი იყო, მაგრამ ერთი მეტრის ქვემოთ არ ვვარდებოდით, ნელა და ფრთხილად მოვდიოდით. 15 კილომეტრი ვიარეთ, სოფლის თავამდე, ბოდიშამდე მოვაღწიეთ, სადაც სოფლის ხალხი შეგვხვდა, 70 კაცამდე წამოსულიყო ჩვენს დასახმარებლად. იქიდან უკვე 200 მეტრი რომ გამოვიარეთ, შეგვხვდა სამაშველოს ბრიგადა. დაახლოებით, 3 კილომეტრი იყო დარჩენილი ჩვენს სახლებამდე და ისეთი გზა იყო, თხილამურებით გაკვალული, რომ უკვე აღარ გვიჭირდა სიარული. გვითხრეს, რომ ვერტმფრენი იყო მოსული, მაგრამ უამინდობის გამო ვერ ჩამოსულიყო ჩვენამდე. ჩვენ ხულოს პოლიციის უფროსთან გვქონდა კონტაქტი, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენს დასახმარებლად მაშველები გვყავდა გამოგზავნილი", - აღნიშნა როლანდ მახარაძემ.
ხულოს მთებში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზე ქარმა სახლები დააზიანა, რის შესაკეთებლადაც ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურადან შვიდი ადამიანი წავიდა. უხვი ნალექის გამო ისინი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ და დახმარება სამაშველო სამსახურს სთხოვეს. 7 ადამიანი ზოტიყელში 2 ნოემბერს გაემგზავრა.