რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე?

რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე უკანონოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საქმიანობის გაგრძელება სასამართლო სისტემაში სურს. სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სააპელაციო სასამართლოში მის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია და მათ მხარდაჭერას დღემდე გრძნობს.

"სასამართლო სისტემაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი რომ მაქვს, ამაში უკანონო არაფერია - მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით ამირჩია და მათ მხარდაჭერას დღემდე ვგრძნობ. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, თითოეულს ვურჩევ, ჩემი წარსული გაითვალისწინონ", - აცხადებს მურუსიძე.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, ლევან მურუსიძე ფიქრობს, რომ კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა.

"კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიტანე, თუმცა კანონიერსა და სამართლიანს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც უზენაესში საქმე შემოვიდა, დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვქონდა - ან ეს პირები გაგვემართლებინა, ან გადაწყვეტილება ძალაში დაგვეტოვებინა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დაებრუნებინა. თანაც ამ პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილება, თუ პირის ტანსაცმლის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება და ის დაზიანდა, ეს არ ითვლებოდა მნიშვნელოვან დანაკარგად. სწორედ ამიტომ მსჯავრდადებულებისთვის აღნიშნული მუხლი უნდა მოგვეხსნა, შედეგად ოთხივე პიროვნებას პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირდა. იმის გამო, რომ საზოგადოება განსხვავებულად ფიქრობდა, კანონიერი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო?! თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არასწორადაა გასაჩივრებული, უზენაეს სასამართლოს მისი შეცვლის უფლება არა აქვს. თუ ნებისმიერი იურისტი მეტყვის, რომ საკასაციო ინსტანციას ჰქონდა დაზარალებულის ადვოკატის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ბოდიშს მოვიხდი, სასამართლო სისტემიდან წავალ და საჯარო სივრცეში საერთოდ არ გამოვჩნდები", - განმარტავს ლევან მურუსიძე.

მისივე თქმით, თეორიულად ყველას შეიძლება შეეშალოს, თუმცა ის საკუთარ სინდისთან მართალია.

"საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. მოსამართლემ თუ იმაზე იფიქრა, საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილება გამოიტანოს, ის მოსამართლედ ვერასოდეს შედგება... ზოგი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" მარჯვენა ხელიაო, ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლად მიმიჩნევს. მთავარია, დამოუკიდებელი მოსამართლეების გვერდით დავრჩე, თუ იუსტიციის საბჭო სხვაგვარად გადაწყვეტს, მერწმუნეთ, არ დავიკარგები", - აღნიშნა მურუსიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ