ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების პირობებში სასამართლო სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. პროკურატურის მთავარ მოწმეს, ვლადიმერ ბერძენიშვილს ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ ასე მიმართა: "ღამე როგორ გძინავს, შენი ჩვენებით ვარ დაკავებული". საპასუხოდ ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ იგი არა მისი ჩვენებით, არამედ მისი საქციელის გამოა დაკავებული.
ბერძენიშვილმა დეტალურად გაიხსენა ლაშა მახარაძის მკვლელობის დღე. როგორც მან აღნიშნა, ოქროპირიძესთან ერთად მისი ავტომობილით იმყოფებოდა, რა დროსაც ოქროპირიძემ აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძე დაინახა, მანქანიდან გადავიდა და მისი მიმართულებით სამჯერ გაისროლა, შემდეგ კი კვლავ მანქანაში დაბრუნდა, გაჩერება მოითხოვა და გაიქცა. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ავტომობილი ბაგებში მეგობრის ფარეხში დააყენა, თვითონ კი ტაქსით წავიდა ყაზბეგში.
"დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. წავედი ყაზბეგში, გამოვრთე ტელეფონი, შემდეგ იქ გავიგე ტელევიზიით, რომ ლაშა მახარაძე გარდაიცვალა", - განაცხადა ვლადიმერ ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მეორე დღეს პოლიციაში მიდიოდა, რათა მომხდარის შესახებ შეეტყობინებინა, თუმცა ამ დროს პოლიციამ ფასანაურში დააკავა. რაც შეეხება ოქროპირიძისა და მახარაძის ურთიერთობას, ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ, შემდეგ გარკვეული უკმაყოფილება მოუვიდათ.
"როდესაც ვკითხე უკმაყოფილების მიზეზი, ოქროპირიძემ თქვა ”რაღაც წაიტლიკინაო", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება ბერძენიშვილისა და შს ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ურთიერთობას, პროცესზე მოწმემ პროკურატურის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მისი დის ნათლიაა, თუმცა პირადად ალექსანდრე ჭიკაიძეს არ იცნობს.
ბრალდების მხარის შემდეგ მოწმეს შეკითხვები დაუსვა თავად ბრალდებულმა ოქროპირიძემ და მისმა ადვოკატებმა. ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ არ იხილება ბერძენიშვილის საქმე წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში. მოწმემ განაცხადა, რომ ეს შეკითხვა ადვოკატებმა სასამართლოს უნდა დაუსვან. ასევე ადვოკატები დაინტერესდნენ, რამდენი იარაღი ჰქონდა ოქროპირიძეს. მოწმემ განმარტა, რომ მას მკვლელობის ადგილზე ორი იარაღი ჰქონდა.
"თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მკვლელი ჭიკაიძის ახლობელია და მას პროკურატურა ხელს აფარებს", - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა, რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ მას რუსული ნომრების ავტომობილი ჰქონდა, თუმცა ყველაფერი რასაც ამბობენ, სიმართლე ვერ იქნება. შეკითხვის საპასუხოდ ვლადიმერ ბერძენიშვილმა განმარტა, რომ მისი ინტერესი სიმართლის თქმაა.
რაც შეეხება ბრალდებულ ოქროპირიძეს, მან მოწმეს მიმართა, გაიხსენოს შარდენზე მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც მას თავი "გაუგლიჯეს" და ამ დროს ადგილზე იმყოფებოდა ლაშა მახარაძე. მოწმე ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
პროცესზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე გააგრძელებს.