ვერეს ხეობაში მეწყერი ბოლომდე არ არის ჩამოსული, რის გამოც დღესაც არის რეალური საშიშროება, - ამის შესახებ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
როგორც ჩხობაძემ განმარტა, არსებობს გარემოს სააგენტოს ანგარიშიც, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ვერეს ხეობაში ახალი მეწყერული კერები არსებობს.
"აქედან გამომდინარე, ხეობა დიდი წვიმის დროს, რაიმე პრობლემების დროს, ექსტრემალური სიტუაციების დროს მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. რეალურად, ვერეს ხეობაში დღესაც არის რეალური საშიშროება, იმიტომ, რომ მეწყერი ბოლომდე არ არის ჩამოსული", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, ვერეს ხეობაში დამონტაჟებულია პირველადი შეტყობინების სისტემაც, თუმცა მიიჩნევს, რომ რისკების შეფასების ანგარიში აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
მისივე თქმით, რისკების შეაფსების ანგარიში არ არსებობს, თუმცა არსებობს კონცეფცია და იმედი აქვს, რომ კონცეფციასთან ერთად რისკები ბოლომდე იქნება შეფასებული.
"რისკების შეფასების ანგარიში უნდა გაკეთდეს ნებისმიერი კონცეფციის გადამუშავების დროს და მინიმუმ იმ რისკების შეფასების ანგარიშიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს ევაკუაციის გეგმა", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
ევაკუაციის გეგმებზე საუბარისას ნინო ჩხობაძემ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი გეგმები არ არსებობს.
"საერთოდ ევაკუაციის გეგმა უნდა არსებობდეს ნებისმიერ შენობაში. თუნდაც ის არ იყოს რისკის ზონაში. ცეცხლი რომ მოეკიდოს რამეს, როგორ ხდება ევაკუცია, როგორ გამოგყავს მოსახლეობა, ეს გეგმა ხომ უნდა არსებობდეს? ესეთი გეგმები არსად არ არის, არსად არ წერია. წესით უნდა იყოს გაკრული, რომ აქედან გადიხარ, იქედან გამოდიხარ. ჩვენს შენობებში ასეთი რამ არ არის გაკეთებული.
იქედან გამომდინარე, რომ ბუნებრივი კატასტროფების გავლენები კლიმატის ცვლილების დროს არის გახშირებული, აუცილებელია არსებობდეს რისკების შეფასების ანგარიში", - განაცხადა ჩხობაძემ.
მანვე ისაუბრა წყალმოვარდნის საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, წყალმოვარდნის საფრთხეები არის მთელ საქართველოში, მათ შორის ვერეს ხეობაში.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება