რა სასჯელს ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა Facebook-ჯგუფებში უნებართვოდ გაწევრიანებისთვის

რა სასჯელს ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა Facebook-ჯგუფებში უნებართვოდ გაწევრიანებისთვის

კიბერდანაშაულისთვის, მათ შორის Facebook-ჯგუფებში უნებართვოდ გაწევრიანებისთვის სასჯელი 3-დან 6 წლამდეა.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ყოველდღიურად უფრო იზრდება კიბერდანაშაულის რისკები - ანუ იმ შემთხვევათა ალბათობა, როდესაც თქვენი პირადი ვირტუალური სივრცე შეიძლება უცხო პირების სამიზნე გახდეს.

Facebook-ზე სულ უფრო და უფრო იზრდება დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც პირად ანგარიშს უტეხავენ, აწევრიანებენ სხვადასხვა ჯგუფებში და როგორც წესი, შემდეგ ამ ჯგუფებს კომერციული მიზნებისთვის იყენებენ.

იხილეთ პეტიცია| Facebook, ნუ მისცემ საშუალებას გაგვაწევრიანონ ჯგუფებში ჩვენი დასტურის გარეშე!

ამჟამად საქართველოში სავარაუდოდ, ამ გზით შექმნილი რამდენიმე დიდი ჯგუფია, მათ შორის Funny group (950 000-მდე წევრი), Samsung Georgia (1,206,444 წევრი), საინტერესო ამბები (825 000 წევრი), Cristal Sport (980 000 წევრი), Okay Georgia (1,270,984  წევრი) და კიდევ სხვა მრავალი...

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კიბერდანაშაულს წარმოადგენს ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით კიბერსივრცეში.

თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ-თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, ბავშვთა ონლაინ-პორნოგრაფია, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ.

შსს-ში იმასაც აცხადებენ, რომ კიბერდანაშაულის მზარდი სტატისტიკა ძირითადად განპირობებულია კიბერ საკითხებზე საზოგადოების დაბალი ცნობიერებით. კიბერდამნაშავეები ძირითადად იყენებენ ფიშინგის, სპამის მეთოდებსა და სხვადასხვა მავნე პროგრამებს.

როგორ დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან და როგორ მუშაობს შსს მომხმარებლების ონლაინ უსაფრთხოებაზე, AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს მამუკა ჭელიძეს ესაუბრა.

- ჯგუფებში დამატება გატეხილი პროფილიდან თუ არის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმიანობა და სასჯელი როგორია?

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაულია როგორც კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევა, ასევე კომპიუტერულ სისტემის უკანონოდ გამოყენება, რისთვისაც სასჯელი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარია. დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ისეთი როგორიც არის "წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ან/და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით", სასჯელის ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- როგორ ხდება კიბერდანაშაულის გამოვლენა და რა საქმიანობას ატარებს სამინისტრო ამ კუთხით?

- სამინისტრო ჩვეულებრივ იღებს შესაძლო დანაშაულის შემცველი საქმიანობის შესახებ მოქალაქეების განცხადებებს და საჩივრებს, თუმცა, გარდა ამისა, კიბერდანაშაულის გამოსავლენად ერთგვარ პროაქტიურ ღონისძიებებს ვატარებთ.

ამ მიმართულებით შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო მუდმივ რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს საჯარო სივრცეში, რათა დროულად აღმოაჩინოს კანონდარღვევა და მოხდეს მასზე რეაგირება.

მაგალითად, თუ საჯარო სივრცეში გავრცელდება რაიმე სახის დანაშაულის შემცველი ინციდენტი, მყისიერად ვიწყებთ მასზე რეაგირებას, ისე რომ, ამ ეტაპზე მოქალაქეების მომართვიანობის საჭიროება არ არსებობს.

შესაძლებელია ინტერნეტში გავრცელდეს სარეკლამო ტიპის შეთავაზება, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კიბერდანაშაულთან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებმა ინტერნეტსივრცეში განათავსეს რეკლამა, რომ ისინი ახდენდნენ ე.წ. ლაიქების გაყიდვას. როდესაც მათ ეს ინფორმაცია ინტერნეტში განათავსეს, გახდნენ ჩვენი დაინტერესების ობიექტები.

როდესაც მომხმარებელს ისეთ რამეს სთავაზობენ, რომლის არსებობის კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ჩვენ ავტომატურად ვიწყებთ მსგავსი ინციდენტების შესწავლას. სამართალდამცველები თითქმის ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით აღნიშნულ საქმეზე, რათა დანაშაულებრივი სქემა გამოგვევლინა.

გამოძიებისას გამოვავლინეთ ე.წ. "ფიშერი", რომლის საშუალებითაც დამნაშვეები მომხმარებელს ატყუებდნენ. ანუ დამნაშავეებმა შექმნეს ფეისბუქის მსგავსი აპლიკაცია, სადაც რეგისტრაციის შემდეგ მათთან მიდიოდა თქვენი პირადი მონაცემები.

გარდა ამისა, არის ვირუსები, რომელთაც დამაინტრიგებელი და საკმაოდ ხმაურიანი სათაურები აქვთ. როდესაც მომხმარებელი ხსნის ამ ვებ-გვერდს, ის ავტომატურად ვირუსდება.

სწორედ ამ ხერხებით იპარავდნენ ბრალდებულები პირად ინფორმაციას და ტეხდნენ ფეისბუქ ექაუნთებს. ამის შემდეგ ისინი გატეხილი პროფილებით სხვადასხვა მანიპულაციებს ატარებდნენ.

- ძირითადად რა ტიპის კიბერდანაშაულის გამოვლენა ხდება და რომელი იყო საქართველოში ყველაზე მასშტაბური დანაშაული

- მიმდინარე წლის მაისში ჩვენ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით 45 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მივეცით.

აღნიშნული საქმე მასშტაბებით შეიძლება შევადაროთ კიდევ ერთ საქმეს, როდესაც დაახლოებით 100 ათასამდე ლარის დაუფლების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რამაც საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვია და რეზონანსული იყო. ეს იყო საქმე, როდესაც კომპანია "სვუპის" ვებ-გვერდის გამოყენებით 43-მა პირმა გარკვეული ფინანსური სახსრების უკანონოდ დაგროვება მოახდინა. ეს მოხდა სექტემბრის თვეში.

- თუ ხდება ჰაკერების დასაქმება სახელმწიფო უწყებებში, ანუ მათი საქმიანობის და ცოდნის გამოყენება სახელმწიფოს ინტერესებისათვის.

- ჩვენ მსგავს ფაქტს კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რადგან ადამიანი, რომელიც სჩადის დანაშაულს, ვერ გახდება სამინისტროში დასაქმების განხილვის საგანი.

ჩვენ 2012 წლის დეკემბრის თვიდან ბუდაპეშტის კონვენციას შევუერთდით, რაც საერთაშორისო კიბერდანაშაულთან ბრძოლას გულისხმობს. ჩვენ გავხდით პროექტის "24/7" მონაწილე მხარე. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 100 ქვეყანასთან მუდმივ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გვაქვს კომუნიკაცია კიბერინციდენტების აღოჩენის და პრევენციის კუთხით. ამ მხრივ საკმაოდ ეფექტური საერთაშორისო კომუნიკაცია და ტრენინგები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება დამნაშავეების ტექნიკური ცოდნა, იზრდება ჩვენი თანამშრომლების პროფესიული გადამზადების ხარისხიც. აქედან გამომდინარე, არ არის კიბერდამნაშავეების სამსახურში აყვანის საჭიროება.

- რას ურჩევდით ინტერნეტ მომხმარებლებს, როგორ უნდა დაიცვან თავი კიბერ შეტევებისგან.

- უპირველეს ყოვლისა, როდესაც რაიმე ტიპის საიტზე ავტორიზაციას ან რეგისტრაციას დაიწყებთ, აუცილებელია დროულად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ საიტისა, სადაც რეგისტრირდებით, რათა არ იყოს, როგორც აღვნიშნეთ, "ფიშინგ" საიტი.

გარდა ამისა, გამოიყენეთ ე.წ. "ორი ნაბიჯის" ავტორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრაციის დროს, გარდა პაროლის გენერაციისა, ავტომატურად ტელეფონზე ან მეილზე დასტურით მოვახდინოთ რეგისტრაცია. მომხმარებელს ასევე ვურჩევდი, რომ ხშირად შეცვალონ პაროლი და პაროლის შერჩევისას ციფრებისა და ასოების საერთო კომბინაცია შეარჩიონ.

ასევე იხილეთ| როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქზე" ჰაკერებისგან

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია