რა სარგებელს მივიღებთ "აბრეშუმის გზისგან" - საქართველო საოცნებო ეკონომიკის მოლოდინში

რა სარგებელს მივიღებთ "აბრეშუმის გზისგან" - საქართველო საოცნებო ეკონომიკის მოლოდინში

ოქტომბერში პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით თბილისში "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე ქვეყანამ მიიღო. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსაც. მთავრობის წევრების განცხადებით, აბრეშუმის გზის პროექტი საქართველოს ეკონომიკას დადებით შედეგებს მოუტანს.

რა სარგებელს მოუტანს აბრეშუმის გზის პროექტი საქართველოს ეკონომიკას და არა მხოლოდ ამ სფეროს, - AMBEBI.GE ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს ესაუბრა.

"ნებისმიერი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტვირთის გატანას საქართველოს გავლით, ეს საქართველოსთვის არის მომგებიანი", - ამბობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე და თვალსაჩინოებისთვის სინგაპურის მაგალითს ასახელებს.

"თავის დროზე სინგაპური მეთევზეების ერთი პატარა დასახლება იყო და მალაიზიიდან თავისი ნებით არ გასულა, რომ იტყვიან, თავის დროზე იმის გამო გარიცხეს, რომ მოხერხდა სინგაპურის გადაქცევა ადგილობრივ ჰაბად. მოგვიანებით კი, მსოფლიო მნიშვნელობის პორტად გადაქცევამ მკვეთრად გაზარდა ქალაქ-სახელმწიფოს როლი, მნიშვნელობა და დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურად ერთ-ერთი განვითარებულია.

დაველოდოთ 14 დეკემბერს, ანაკლიის პორტის ტენდერთან დაკავშირებით გამოცხადებული ბოლო ვადაა, სადაც გადაწყდება, რომელი ქვეყნის რომელი კომპანია განახორციელებს ამ პროექტს და ამის შემდეგ, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ის როლი და ფუნქციები, რასაც საქართველოს ტრანსპორტის დერეფანს შესძენს".

ექსპერტის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მოქმედი პორტები ქვეყანაში არსებული ტვირთბრუნვისთვის აბსოლუტურად საკმარისია, მაგრამ თუ პორტების რაოდენობა გაიზრდება და ტვირთი თუნდაც ჩინეთიდან დაიძრება, "მაშინ ერთი ახალი პორტი ნამდვილად არ აწყენს ქვეყანას, ამასთან ეს მარტო პორტი არ არის, ეს იქნება უფრო ფართო და სრულყოფილი გზების მშენებლობა".

მისივე თქმით, დღეს საქართველოში სატრანსპორტო მდგომარეობა ძალიან სუსტია.

"შედარებისათვის გეტყვით, ყოველ კვადრატულ კილომეტრზე საავტომობილო მაგისტრალური გზების სიდიდით თურქეთი გვისწრებს დაახლოებით 3-ჯერ, საბერძნეთი 4-ჯერ. შვეცარიასთან ვერ მივალთ, - მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენზე მთაგორიანი ქვეყანაა, 7-ჯერ გვისწრებს, ამიტომ ასეთი მსხვილი პროექტების გარეშე ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ათეული წლები დაგვჭირდება".

"აბრეშუმის გზის პროექტი" საქართველოსთვის მხოლოდ დერეფანი ხომ არ არის, ეს არის ლოჯისტიკა, სასაწყობო მეურნეობა, კვალიფიციური კადრები, რომლებიც უნდა მოემსახურონ უსაფრთხოებას, ხარისხიანად და დროულად შეასრულონ დაკვეთები, ზოგადად ეს ნიშნავს სამეწარმეო კულტურის ამაღლებას, დასაქმების ზრდას, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტში დამატებით შემოსავალს, ამიტომ საქართველო მხოლოდ უნდა მიესალმოს და მხარი დაუჭიროს ამ პროექტის რეალიზაციას", - ამბობს სოსო არჩვაძე.

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის, დემურ გიორხელიძის თქმით, "აბრეშუმის გზის პროექტი" არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტიც არის, რომლის უკან რამდენიმე ქვეყნის ინტერესი იკვეთება.

"საქართველოში აბრეშუმის გზა ისტორიულად არასდროს არ ყოფილა, ეს ტრასა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალია. რა თქმა უნდა, თუ ის საქართველოში გაივლის, ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, ეს მეორე საკითხია, რადგან ამაში უზარმაზარი პოლიტიკური ინტერესებია, ვიღაც ქვეყნები გვერდზე რჩება, ვიღაც კი იღებს ამ ტრასას, ამიტომ ეს ასე მარტივი გადასაწყვეტი არ იქნება".

მისივე თქმით, ამ მაგისტრალით დაინტერესებულია "ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც. ამას გარდა, პრეტენზია აქვს თურქეთსაც, თუმცა ისტორიულად თურქეთში ეს გზა გადიოდა".

კითხვაზე, კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს საქართველო და რას გულისხმობს პროექტი, ექსპერტის პასუხი ასეთია:

"ამ მაგისტრალზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთელი ტვირთბრუნვა იყო. რა თქმა უნდა, პროექტი კარგია, მაგრამ როგორ გამოიყენებს ამას საქართველო, ეს სხვა თემაა. ცხადია, საქართველო ტრანზიტით რაღაცას მიიღებს, მაგრამ ძალიან ცოტაა. ეს გაძლევს სტიმულს, მაგრამ ჯერჯერობით საქართველო სტიმულებზე ვერ რეაგირებს, ქვეყნის ეკონომიკა უბრალოდ განადგურების პირასაა. ამ ეკონომიკით არაფრის შეცვლა არ შეიძლება ქვეყანაში, არც სოციალური ფონის გაუმჯობესება, მაგრამ დროში უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე უკეთესობისკენ იქნება", - ამბობს დემურ გიორხელიძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."