ყველაზე მასშტაბური შეთქმულებები საქართველოს ისტორიაში

ყველაზე მასშტაბური შეთქმულებები საქართველოს ისტორიაში

ქართველი ხალხის ცხოვრებას მუდამ ახლდა აჯანყებები, შეთქმულებები, რადგან ისინი არასოდეს ეგუებოდნენ დამოუკიდებლობის დაკარგვასა თუ უცხო მმართველის ბატონობის ქვეშ საქართველოს ყოფნას.

ამას გარდა, ისტორიას ახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ქართველები შეთქმულებას აწყობდნენ არა რომელიმე დამპყრობელის და მტრის, არამედ თავად ქართველი მეფეების წინააღმდეგ.

მიუხედავად ამ შეთქმულებების ფორმისა და შინაარსისა, ბევრი მათგანი კრახით სრულდებოდა, თუმცა ისინი ისტორიის ფურცლებს შემორჩა და ეს მოვლენები დღესაც განხილვის საგანია.

AMBEBI.GE-მ ისტორიკოსებს ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი შეთქმულებების დასახელება სთხოვა.

1832 წლის შეთქმულება

"შეთქმულება არის ერთჯერადი მოქმედება მიმართული რომელიმე ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად მის მკვლელობას ისახავს, ხოლო 1832 წლის შეთქმულება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის საიდუმლო მოლაპარაკების შედეგი არ იყო", - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე.

"ამ ე.წ. შეთქმულებაში ჩართული იყო მაშინდელი მოწინავე, პატრიოტული საზოგადოების უმეტესობა. ამიტომ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა უფრო იყო, ვიდრე შეთქმულება, რადგან მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ყველამ იცოდა ამ შეთქმულების შესახებ, ამიტომ ეს არის მაღალი ხარისხის პოლიტიკური მოვლენა, რომელსაც ჰქვია საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა.

1832 წლის შეთქმულება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მეცხრამეტე საუკუნეში. ამ მოვლენას ჰქონდა ფართომასშტაბიანი ჩანაფიქრი, თუმცა როგორც ცნობილია, სამწუხაროდ, შეთქმულება გასცეს, მისი მოთავეები, რამდენიმე ათეული კაცი დააპატიმრეს. შეიქმნა საგამოძიებო კომისია, სადაც დაკითხეს 145-ზე მეტი, აქედან 38 კაცს მიუსაჯეს სხვადასხვა ვადით გადასახლება ციმბირისა და შიდა რუსეთის შორეულ გუბერნიებში.

ალბათ მალე დადგება დრო, როცა 1832 წლის მოვლენებს შეთქმულებას აღარ ვუწოდებთ. 1832 წლის მოვლენების მხოლოდ ვიწრო სახელი - შეთქმულება დაამკვიდრა რუსულმა მონარქისტულმა ისტორიოგრაფიამ, მერე ეს გაიზიარა ქართულმა და რუსულმა საბჭოთა მაქრსისტულმა ისტორიოგრაფიამ.

უნდოდათ, ეს პოლიტიკური მოვლენა რაც შეიძლება მცირემასშტაბიან, არასერიოზულ გამოსვლად მიეჩნიათ, არადა ეს იყო სერიოზული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა."

პაატა ბატონიშვილის შეთქმულება

პაატა ბატონიშვილის 1765 წლის შეთქმულება დაგეგმილი იყო ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის წინააღმდეგ. მათ სურდათ მეფე ერეკლეს გადაგდება და პაატა ბატონიშვილის გამეფება. შეთქმულები იკრიბებოდნენ ვინმე მარკოზაშვილის ბინაში (მარკოზაშვილის დარბაზი), სადაც ცხოვრობდა პაატა ბატონიშვილი. ამის გამო მათ "მარკოზაშვილის დარბაზელნი" ეწოდათ. საბოლოოდ, შეთქმულება გასცა ერთ-ერთმა წევრმა, ერეკლე მეორემ კი შეთქმულების წევრები მკაცრად დასაჯა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში შუა საუკუნეების და მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში მომხდარ შეთქმულება-აჯანყებებს ისტორიკოსი გელა ქისტაური ასახელებს:

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის შეთქმულებები

ძირითადად, ასეთი ფართომასშტაბიანი შეთქმულებები მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ეწყობოდა. მაგალითად, ასეთი იყო 1924 წლის აჯანყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონაწილეობით, 1812 წლის მთიანეთის აჯანყება, 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, სამგერელო-იმერეთი-გურიის გამოსვლა 1819-1820 წლებში.

შუა საუკუნეების შეთქმულება

ამ პერიოდის ცნობილ და მნიშვნელოვან შეთქმულებად შეიძლება ჩაითვალოს შუა საუკუნეებში კოხტასთავის შეთქმულება, რომელიც 1245 წელს მოხდა. ეს იყო ქართველ დიდებულთა შეთქმულება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ.

ისტორიკოსები თანმხდებიან, რომ ყველაზე სერიოზული და ფართომასშტაბიანი შეთქმულებები  მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში, მეფის რუსეთის წინააღმდეგ ეწყობოდა. ამის ყველაზე მასშტაბურ მაგალითად კი 1832 წლის შეთქმულებას მიიჩნევენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია