თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ტრაგედია ტრიალებს. 10 ნოემბერს ამ სოფლის მაცხოვრებლებთან კონფლიქტისას თელაველი 25 წლის ბექა ჯველაური მოკლეს, მისი მეგობარი კი დაჭრეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილები 1951 წელს დაბადებული გიორგი ნ. და მისი ვაჟი იყვნენ. (ფოტოზე: ბექა ჯველაური)
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მოკლა 1990 წელს დაბადებული ახალგაზრდა, ხოლო მისმა შვილმა - 1983 წელს დაბადებულმა ალექსი ნ-მ ასევე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში. შსს-ს ინფორმაციითვე, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში დააკავეს, ხოლო მისი ვაჟი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწყემსმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. "პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი - დანები ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ შსს-ში.
დაგვეთანხმებით, მომხდარი საშინელებათა ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვენს რეალობაში მომხდარ უბედურებას.
სოფლის მოსახლეობა მომხდარზე გაოგნებული ლაპარაკობს; ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარი ტრაგედიის გარემოებებს გვიყვება:
- ჩვენს სოფელში 5000-მდე მოსახლეა, ამიტომაც შეიძლება რაიმე ისეც კი მოხდეს, რომ სოფლის ერთი ბოლოდან მეორეში ვერ გაიგონ, მაგრამ ამ მკვლელობამ გაგვანადგურა. ბექას, რომელსაც ასეთი საშინელება გადახდა და თავი მოიკლა, მთელი სოფელი იცნობდა და ჩვენთვის დღემდე წარმოუდგენელია, როგორ უნდა აეღო დანა ხელში და მისივე თანატოლისთვის სასიკვდილოდ დაერტყა.
ის მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, მის მშობლებს 14 შვილი ჰყავთ, გაჭირვებულები არიან, მაგრამ შვილები უსაქმურები არასდროს ყოფილან, - თუ რაიმე სამუშაო გამოუჩნდებათ, ყველგან შრომობენ. სოფელში ყველა ეჭვობს, რომ სწორედ ალიკას შემოაკვდა ის საწყალი თელაველი ბიჭი და მამამ ეს მკვლელობა დაიბრალა. ალიკა წესიერი, პატიოსანი ბიჭი იყო, როცა გონს მოეგო და ნახა რაც ჩაიდინა, თავი მოიკლა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რთულია ისე რაიმეს მტკიცება.