"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

(kvirispalitra.ge) შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებებს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ელისაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული. ამის შემდეგ შეწყალების კომისიის მოქმედმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელე კონკრეტული პატიმრების საქმეების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა. ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებებით პროკურატურაც დაინტერესდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები დაჰკითხეს.

ალეკო ელისაშვილი:

- მმართველი გუნდის წევრები თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩემზე ზეწოლას ინტენსიურად ცდილობდნენ - დაუფარავად მეუბნებოდნენ, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გვერდის ავლით რამდენიმე პატიმრის ბედი განმეხილა და პრეზიდენტისთვის მათი შეწყალება მეთხოვა. ამ პოლიტიკოსებმა კარგად იცოდნენ, რომ პრეზიდენტთან ვმეგობრობდი. კომისიას ხუთი თვის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და ჩემს ხელში შეწყალების სამმა ეტაპმა გაიარა. თანამდებობის პირები ყოველი ეტაპის დაწყებისას მირეკავდნენ, წერილებს მწერდნენ, ამას ისტერიკული სახე ჰქონდა. თავგამოდებით ცდილობდნენ, თავიანთი გაეტანათ და მეუბნებოდნენ, რომ ამ პატიმრის დაკავების უკან პოლიტიკური მოტივები იდგა, რასაც პირადად მე ამ საქმეში ნამდვილად ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია პროკურატურას უკვე მივაწოდე.

სანდო ადამიანმა, რომელიც დღესაც თანამდებობის პირია, მითხრა, რომ პატიმრების გათავისუფლებაში პოლიტიკოსების დაინტერესება შემთხვევითი სულაც არ არის. მათ წინასწარ ჰქონდათ აღებული 200 ათასი დოლარი და თუ საქმე პრეზიდენტის შეწყალებამდე მივიდოდა, ჯამში 1,5 მილიონი უნდა აეღოთ. ამის შესახებ საქმის კურსში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი ლაშა აბაშიძე და თავად პრეზიდენტი ჩავაყენე. ამ თემაზე მეგობრული საუბარი მქონდა თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს ამბავი წელიწად-ნახევრის წინ ხდებოდა...

როგორც კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ინფორმაცია მივაწოდე, მან საქმის კურსში ჩააყენა შესაბამისი სტრუქტურები. დაახლოებით თვე-ნახევარში კი გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს შევხვდი და საქმის დეტალებზე ვესაუბრე.

- ლაშა აბაშიძე ამ საკითხზე არ ლაპარაკობს, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი კი თქვენთან მსგავს თემაზე საუბარს ვერ იხსენებენ. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ არც კომისიის წევრებს, ამ თემაზე თქვენთან შეხვედრას ვერ იხსენებს გოგაძეც...

- გიორგი გოგაძე უტიფარია - წარბის შეუტოკებლად უარყო ეს ყველაფერი, რადგან მიხვდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკოსებს ციხის კარამდე მივაცილებთ, მისი ჯერიც დადგება. გოგაძემ და ბადაშვილმაც ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია უგულებელყვეს და რეალობის დადგენით არც კი დაინტერესებულან. ვპირდები, რომ ამის გამო ისინიც აგებენ პასუხს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო სამართალდამცველებთან - უნდა დაისაჯონ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გზით ფულის შოვნას ცდილობდნენ. თუ დავინახავ, რომ პროკურატურა ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს, კონკრეტული პოლიტიკოსების სახელებსა და გვარებს, ფულის გადამხდელთა და პატიმრების ვინაობას გავასაჯაროებ. რაც შეეხება უსუფაშვილსა და ხიდაშელს, მათ უბრალოდ, მეგობრულად მივაწოდე ინფორმაცია.

- თანამდებობის პირისთვის ასეთი ინფორმაციის მეგობრულად მიწოდება როგორ წარმოგიდგენიათ?

- მათ ვენდობოდი და ამიტომ ვუთხარი, სამსახურებრივად კი ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი - პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში.

- პატიმარი, რომლის გათავისუფლებაშიც პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, დღეს თავისუფალია?

- არა, პატიმარია.

ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე. წ. კოკაინის საქმემდე მიდის.

"კოკაინის საქმე"

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცი­ით,"2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია