კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა

კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ "არჩევანის" ეთერში განაცხადა.

"იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს, მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ვმუშაობდი და შესაბამისად, მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა ალეკოს გაკეთებული განცხადების შემდეგ მე დავინტერესდი ამ თემით და ვკითხე პრეზიდენტს, მსგავსი სახის შეხვედრა მართლა შედგა თუ არა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ალეკო ამ კუთხით მართალს ამბობს. მართალს ამბობს იმ კუთხითაც, რომ პრეზიდენტს ნამდვილად წააკითხა მესიჯები", - განაცხადა კოჟორიძემ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა პრეზიდენტი, რომ ელისაშვილმა მას ნამდვილად წააკითხა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ დიახ, პრეზიდენტი ადასტურებს.

"დიახ ადასტურებს, თუმცა მე არ ვიცი, ამ მესიჯების შინაარსი. მართალია ალეკო იმ შემთხვევაშიც, როცა ამბობს, რომ ის ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსაც. მე ვიცი არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილისგან, არამედ პრეზიდენტისგან", - განაცხადა კოჟორიძემ.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ცოტა ხნის წინ ამავე ეთერის მეშვეობით პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები. დღეს ასევე პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. მისივე თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.

კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში ეს-ემ-ესები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. "ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების ეს-ემ-ესები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი ეს-ემ-ესები", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ