რას პასუხობს იაშვილის კლინიკის პროფესორი გარდაცვლილი 8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახის წევრებს?

რას პასუხობს იაშვილის კლინიკის პროფესორი გარდაცვლილი 8 წლის ბუკა ნიკურაძის ოჯახის წევრებს?

დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში 8 წლის ბუკა ნიკურაძე გარდაიცვალა. ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში იაშვილის კლინიკის პროფესორს, ასმათ შენგელაიას ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ბავშვს არასწორი დიაგნოზით - ლეიკემია დაუდგინეს, რის შედეგადაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. გაუმჯობესების ნაცვლად კი მისი მდგომარეობა დღითიდღე დამძიმდა. პაციენტი თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. შვიდი ბიოფსიის ჩატარების შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს.

AMBEBI.GE იაშვილის კლინიკის პროფესორს, ასმათ შენგელაიას ესაუბრა.

- გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი თქვენ არასწორი დიაგნოზის დასმაში გადანაშაულებთ, რამდენად სწორად დაისვა ლეიკემიის დიაგნოზი და სწორად ჩატარდა თუ არა მკურნალობა?

- ლეიკემიის დიაგნოზი ემყარება ძვლის ტვინის ლაბორატორიულ შესწავლას, რომელიც ტარდება ოთხ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. ეს ლაბორატორიებია: ციტომორფოლოგიური ლაბორატორია, ციტოქიმიური ლაბორატორია, ციტოგენეტიკის ლაბორატორია და იმუნოფენოტიპირების ლაბორატორია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით პაციენტს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი და მკურნალობა ჩაუტარდა საერთაშორისო გაიდლაინზე დაყრდნობით.

- თუ ბავშვს რეალურად ლეიკემია დაუდგინეთ და ქიმიოთერაპიის კურსიც დროულად დაიწყო, რატომ არ ჰქონდა მკურნალობას შედეგი? აცნობეთ ეს წინასწარ ოჯახს, რომ შეიძლება შედეგი ცუდი ყოფილიყო?

- პაციენტ ნიკურაძესთან მკურნალობის მე-15 დღეზე ძვლის ტვინის საკონტროლო შესწავლით სიმსივნური უჯრედები აღარ აღინიშნებოდა, რაც რემისიას ნიშნავს (დროებითი გაუმჯობესება), მაგრამ ღრმა აპლაზიის სტადიაში დაავადება გართულდა სოკოვანი ინფექციით. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი წინასწარ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი გართულებების შესახებ და არსებობს მისი წერილობითი თანხმობა მკურნალობის ჩატარებაზე.

-ბავშვს საავადმყოფოში მოყვანიდან რამდენ ხანში დაუდგინდა დიაგნოზი?

-ბავშვი საავადმყოფოში შემოიყვანეს 2015 წლის 5 თებერვალს, მკურნალობა დაიწყო 10 თებერვალს, ლაბორატორიებიდან პასუხების მიღებისთანავე.

-რვა წლის ბუკას ქიმიოთერაპიის რამდენი კურსი ჩაუტარდა და რატომ გადაწყვიტეს მშობლებმა ბავშვის კლინიკიდან გაყვანა?

-მას ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის პირველი კურსის პირველი ფაზა, რის შემდეგაც ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა სოკოვანი ინფექციით (ასპერგილოზი) გართულების გამო და მშობლების მოთხოვნით მკურნალობა გააგრძელეს საზღვარგარეთ.

- ოჯახი აპირებს სასამართლოში ჩივილს. ამბობენ, რომ ყველა საბუთი აქვთ იმისა, რომ ბუკას ლეიკემია არ სჭირდა, როგორ დაამტკიცებთ თქვენს პოზიციას, რომ ბუკას ლეიკემია ჰქონდა?

-საბედნიეროდ, ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი და ბუკა ნიკურაძის ძვლის ტვინის პირველადი მასალა შენახული გვაქვს და ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მას ჰქონდა ლეიკემია. გარდა ამისა, ჩვენ მივმართეთ ევროპის მოწინავე კლინიკების ონკოჰემატოლოგებს და ველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტის ჩამოსვლას ამ საკითხის საბოლოო შეფასების მიზნით.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია