სქემა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისია პოლიტპატიმართა სიებს ადგენდა

სქემა, რომლის მიხედვითაც, შეწყალების კომისია პოლიტპატიმართა სიებს ადგენდა

თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საკითხის შემსწავლელმა კომისიამ დაახლოებით 600-მდე საქმე განიხილა, საიდანაც დახალოებით 200 ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუციის კრიტერიუმებით მოქმედებდა.

როგორც კომისიის ყოფილმა წევრმა, უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, კომისია თითოეული პატიმრის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავდა. საქმის განხილვაში კი პარლამენტის წევრები არ ერეოდნენ.

"საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი გვქონდა, რის მიხედვითაც პოლიტპატიმართა საქმეს განვიხილავდით. კომისიაში დახალოებით 16 ადამიანი ვიყავით. სამი თვის განმავლობაში ღამეები არ გვიძინია და თითოეულ საქმეს ცალ-ცალკე განვიხილავდით. ჩემი აზრით, პროცესი თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე იყო.

"პოლიტპატიმართა საქმეები პარლამენტიდან შემოდიოდა, რომელსაც თავად პატიმრები ან მათი ადვოკატები მიმართავდნენ. საპარლამენტო კომიტეტი მათ საქმეებს ჩვენ გვიგზავნიდა. ჩვენ დამოუკიდებელი ორგანო ვიყავით და საქმის განხილვაში პარლამენტის წევრები ვერ ერეოდნენ. როგორც მახსოვს, 600-მდე საქმე განვიხილეთ. ამ საქმიდან უმეტესობა კომისიამ უკან დააბრუნა.

როდესაც კომისიაში საქმე შემოდიოდა, პირველ რიგში, მისი მოსმენა ხდებოდა. პროცესი ძალიან დიდი და რთული იყო, რადგან თითოეული საქმის მტკიცებულებების შესწავლა და პოლიტიკური მოტივაციის დადგენა ხდებოდა. შემდეგ თითოეული წევრი საქმეზე დასკვნებს წერდა, ბოლოს კენჭისყრა ხდებოდა.

"კენჭისყრის დროს კომისიის რომელიმე წევრი, რომელიმე პირისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაში ეჭვს თუ შეიტანდა, საქმეს ახლიდან განვიხილავდით. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯერ მოხდა. მეორე განხილვისას კითხვის ნიშნები კიდევ თუ გაჩნდებოდა, მაშინ ეს საქმე პარლამენტში რეკომნედაციით ბრუნდებოდა, რომ იუსტიციის სამინისტროში ხელმეორედ გამოსაძიებლად გადაგზავნილიყო", - აღნიშნავს ჩიტაძე.

მისი თქმით, კომისიის ყველა წევრის დადებითი დასკვნის შემდეგ საბოლოო გადაწყვტეილების მიღებისთვის საქმე პარლამენტში ბრუნდებოდა და შესაბამისად კომისიაში განიხილებოდა.

"პარლამენტის წევრებს ნამდვილად არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ იქ რაიმე ჩამატება განეხორციელებინათ. პარლამენტში საქმეების მიტანა პირდაპირი ეთერის საშუალებით ხდებოდა, მეორე არხზე გადაიცემოდა.

"სიების ჩვენამდე მოსვლამდე, ვინ რა საქმე შეაჩერა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, ფაქტია, რომ კომისიის საქმიანობაში არავინ არ ერეოდა.

"ბევრი ადამიანით ძალიან გაკვირვებული ვარ, რომელიც ახლა გამოდის და აცხადებს, რომ თითოქოს კომისიაში დარღვევეი იყო. რა თქმა უნდა, მათი მოტივაცია, ვინც წარსულშიც და ახლაც წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, გასაგებია. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიკვირდა, რომ ამ საქმეებზე კითხვის ნიშნები ახლა გაუჩნდა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს ახლა დაუახლოვდნენ, შესაძლოა, ფინანსურ დაინტერესებასაც ჰქონდეს ადგილი.

"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" რასაც უკრაინაში შოულობს, იმ თანხის 50 პროცენტს გადაიხდიან იმისათვის, რომ რამენაირად პოლიტპატიმრების საქმის გაუბრალოება მოხდეს," - დასძინა ჩიტაძემ.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და პოლიტპატიმართა შემსწავლელი კომისიის ყოფილი წევრი მერაბ ტურავა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მისი პრეროგატივა თითოეულ საქმეზე დასკვნების მომზადება იყო. მისი თქმით, ძალიან ბევრი საქმე კომისიამ დაიწუნა.

"ჩემი პრეროგატივა ამა თუ იმ საქმეზე დასკვნის დაწერა იყო. თვითონ სიების შედგენაში, კენჭისყრასა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული არ ვყოფილვარ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივა იყო. მოწვეული ექსპერტი ვყავი, რომელიც კონკრეტულ საქმეს სწავლობდა და დასკვნას ამზადებდა.

"ყველა საქმე ინდივიდუალური და თავისებური იყო. უნდა დაგვედგინა, საქმის ფაბულა იძლეოდა თუ არა იმის საფუძველს, რომ პოლიტსტატუსი მინიჭებოდა. ზოგიერთ საქმეს თან ადგილობრივი უფლებადამცველთა ორგანიზაციების დასკვნები მოჰყვებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც პირი უცხოეთში ცხოვრობდა და ქვეყანაში გარკვეულ პოლიტიკურ დევნას განიცდიდა და ა. შ.

"როგორც ვიცი, კონკრეტული საქმე მსჯავრდებულის ადვოკატს შემოჰქონდა. როგორც მახსოვს, თავად პატიმარსაც შეეძლო წერილით მოემართა. კომისიაში მოწვეული ექსპერტები ცალკეულ დასკვნებს წერდნენ, რომელიც პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე გადიოდა.

"საქმის განხილვისას ყურადღება ექცეოდა პატიმრის დახასიათებას, რა პოლიტიკური მოტივები იკვეთებოდა, რა ბრალდება ჰქონდა, სხვადასხვა ორგანიზაციების დასკვნებს და ა. შ.

საქმის განხილვისას უმძიმესი მდგომარეობები იკვეთებოდა. ზოგიერთი უცხოეთში იყო გაქცეული. მაგალითად, ბიზნესმენი იმიტომ იდევნებოდა, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია არ დააფინანსა და ა. შ.

მაგალითად, ერთი ასეთი შემთხვევა იყო. ერთ-ერთს ბურჯანაძის პოლიტიკური პარტია ჰქონდა დაფინანსებული, სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რომელიც პირობითით ჰქონდა შეცვლილი, რადგან დიდი ფული გადაახდევინეს",M - აღნიშნავს ტურავა.

მისი თქმით, იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც პარლამენტმა პოლიტპატიმართა სტატუსი მიანიჭა, სასამართლოს ხელმეორედ უნდა გადაესინჯა და საბოლოო ვერდიქტი გამოეტანა.

პოლიტპატიმართა საქმეები პარლამენტმა შუა გზაზე მიატოვა. როდესაც პარლამენტმა საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივად შეაფასა, ამის შემდეგ აუცილებლად მეორე ნაბიჯი უნდა განხორციელებულიყო. იმ ადამიანებმა ამ პოლიტპატიმართა სტატუსით ვერაფერი ვერ მიიღეს. მათი არც გამართლება მომხდარა, არც უდანაშაულოდ ცნეს, მათთვის არც რაიმე რეაბილიტაციის მინიჭება არ მოხდა.

ნებისმიერ შემთხვევაში მეორე ნაბიჯიც უნდა განხორციელებულიყო, რომელიც სამართლებრივი შედეგების მომტანი იქნებოდა. მათი უდანაშაულობა სასამართლოს უნდა დაედასტურებინა. თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

"მეორე ეტაპზე სასამართლოს შესაძლოა სხვადასხვა გადაწყვეტილება მიეღო. საქმე შუა გზაზე გაჩერდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რამდენიმე საქმე შეცდომით გაპარულიყო, ამიტომაც იყო სასამართლო საჭირო. სასამართლოს ვერდიქტი იქნებოდა საბოლოო", _ აღნიშნავს ტურავა

როგორც პოლიტპატიმართა შემსწავლელი კომისიის ყოფილი წევრი ია მეტრეველი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს:

"ყველა ადამიანის საქმეს ცალ-ცალკე განვიხილავდით. არასამთავრობოებს გახმაურებული საქმეები ჰქონდათ შესწავლილი, მაგალითად, 26 მაისის საქმე, ასევე ცნობილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია პოლიტპატიმრად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო აღიარებული.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო ისეთი საქმე, რომელიც პოლიტპატიმართა სიაში ვერ მოხვდა. იქ, სადაც პოლიტიკური ნიშანი არ იკვეთებოდა, სიაში არ შეჰყავდათ, თუმცა ვთვლი, რომ რეჟიმის დროს ვინც დაიჭირეს, ყველა პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული. ხალხი დაშინებული ჰყავდათ, ზოგიერთს წამებით აღიარებინეს, ზოგს კი ოჯახი დაუშინეს. ვფიქრობ, დიდი მონაპოვარია, რომ ამნისტია მოხდა და ეს გაუბედურებული ხალხი იქიდან გამოვიდა.

მაგალითად, "კოჭოიას" საქმე იყო, რომელსაც აგენტობა დააბრალეს. საკითხი ნამდვილად ძალიან გვტკიოდა, მაგრამ რატომღაც სიაში ვერ მოხვდა. თავიდან იყო, თუმცა შემდეგ ამოვიღეთ. როგორც ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ შემდეგ თქვა, მისი ამოღება აშშ-ის ელჩის მოთხოვნით მოხდა, რაზეც გული დამწყდა. თუმცა მისი ამოღება რატომ მოხდა, ნამდვილად არ ვიცი.

ბევრი ადამიანი სიის გარეთ დარჩა იმიტომ, რომ სიების შესწავლა ვეღარ ესწრებოდა. სხვათა შორის, საბუთები ხშირად იკარგებოდა და ქრებოდა. ეს "ნაციონალების" ხელწერა იყო. მათ არ აწყობდათ იმის დაფიქსირება, რომ მათი რეჟიმის დროს 200-მდე Mპოლიტმატიმარი იყო. დასკვნების მოპოვება ახლიდან გვიხდებოდა. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ", - განაცხადა მეტრეველმა.

ლიკა ამირაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ