საერთაშორისო ფესტივალი ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ წელს მეთვრამეტედ გაიმართება. მასში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი ნიჭიერი და წარმატებული მუსიკოსები, ისე უცხოელი, მსოფლიო დონის შემსრულებლები. ფესტივალი ამერიკული ჯაზით გაიხსნება. ორწლიანი პაუზის შემდეგ ერთი საღამო კვლავ დაეთმობა საორღანო მუსიკას, რომელსაც გარი კონიაევი წარმოადგენს. AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, კონსერვატორიის სტუდენტებისათვის აღნიშნული ფესტივალი რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენ კონსერვატორიის რექტორს, რეზო კიკნაძეს ვესაუბრეთ.
-რამდენად მნიშვნელოვანია კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მსგავს ღონისძიებაზე დასწრება?
-ეს ღონისძიება, რა თქმა უნდა, არ არის ლოკალურად, მხოლოდ სტუდენტებისთვის. თუმცა კონსერვატორიის სტუდენტები მას სულმოუთქმელად ელოდებიან. ამ ფესტივალის ყოველი კონცერტი არის უჩვეულოდ მნიშვნელოვანი საკონცერტო მოვლენა თბილისის ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ ჩამოდიან ბერეზოვსკი, ლევ მარკიზი, ჯეფ ბალარდის ბენდი. მათ კონცერტებზე დასწრება როგორც სტუდენტებისთვის, ისე ნებისმიერი მსმენელისთვის საინტერესოა. მისასალმებელია ისიც, რომ მუსიკოსების ნაწილი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ატარებს. თითქოს, თბილისს თავისი კულტურული ცხოვრებით განებივრებული ჰყავს საზოგადოება, მაგრამ კონსერვატორიაში გამართული დეკემბრის ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" თავისი დონით, დასწრებით, კულტურული რეზონანსითაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი.
-უკვე პროფესიონალ მუსიკოსებთან ურთიერთობის საშუალება სტუდენტების პროფესიულ ზრდაზე, ალბათ, დიდ გავლენას ახდენს…
-ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სრულიად მოსალოდნელი და დასაშვები აუცილებლობა. უამისოდ კონსერვატორიის სტუდენტი ვერ გახდება პროფესიონალი მუსიკოსი, მათი მომავალი წარმატებისთვის მსგავსი ღონისძიებები დიდ როლს ასრულებს.
-ფესტივალი უკვე მეთვრამეტედ ტარდება, როგორია საზოგადოების დაინტერესება და ამ ხნის მანძილზე მსმენელის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე რა გავლენის მოხდენა შეძელით?
-საზოგადების დაინტერესება ყოველ წელს ძალიან დიდია. ხანდახან თბილისში ისე დაუგეგმავად დაემთხვევა ხოლმე ერთმანეთს ორი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, ადამიანს ცოტა უძნელდება არჩევანის გაკეთება. თუმცა, იმედი მაქვს კონსერვატორია თავისი პროგრამის მნიშვნელობით, იმ სახელებით, რომლებიც ამ ფესტივალზე იქნებიან წარმოდგენილი, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდება მაყურებლებისთვის.
რაც შეეხება, ქართველი მსმენელის გემოვნებას, ეს ცოტა რთული პროცესია. ამ ჩვენს გიჟურ და აჩქარებულ საუკუნეში მოულოდნელად შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს, მაგრამ ის ტრადიცია, რომელსაც დღემდე ემორჩილება ქართველი მსმენელი - გემოვნება, მე მგონი ამ ფესტივალის შედეგად მშვენიერ საკვებს მიიღებს.
ცოტა ასოციალური მომენტები ქართულ ცნობიერებაში მგონია, რომ რაღაცნაირად აღსაზრდელია. კარგი იქნებოდა, რომ მსმენელს რამენაირად ესწავლა საკონცერტო სიტუაციების ერთმანეთისგან გარჩევა და გაეთავისებინა, მაგალითად, რომელ კონცერტზე შეიძლება ყოვლად დაუბრკოლებლად გადალაპარაკება და რომელი საჭიროებს აბსოლუტურ სიჩუმეს. მსგავსი ტიპის კონცერტზე დაუშვებელია, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს ხელი შეუშალოს თავისი ქცევით ან საუბრით ან თუნდაც პოზიტიური რეაქციით.
,,საახალწლო მუსიკის შეხვედრების“ დამაარსებლის, მანანა დოიჯაშვილის თქმით, როდესაც ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსებს იწვევ, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს ფესტივალის ხარისხზე.
-ჩამოსული სტუმრების სიას რომ გადახედოთ, ბევრი მოგხვდებათ თვალში ისეთი გვარი, რომელიც, თუ ევროპაში იმ დროს მოხვდით, როცა ის კონცერტს მართავს, მართლაც ბედმა გაგიღიმათ. ვერავის გამოვყოფდი. აქ ისეთი შემსრულებლები მოდიან, ვისაც დრო 3-4 წლით ადრე აქვს გაწერილი და ადვილად ვერ დაიყოლიებ კონცერტზე ჩამოსასვლელად და ჩვენც, ამ ფესტივალისთვის ასე ადრიანად ვემზადებით ხოლმე. ხაახალწლო პერიოდში მათი ჩამოსვლა დიდი ფუფუნებაა ხოლმე, რადგან მოგეხსენებათ, ამ დროს, ყველა ქვეყანაში გააქტიურებულია კონცერტები და ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი. ყველა ფესტივალს აქვს არა მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ მსმენელს სიამოვნება მიანიჭოს და მუსიკის მოყვარულების მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, იგი, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდისათვის. იმ თაობას, რომელიც კონსერვატორიაში იზრდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსებს გაეცნოს. უნდა იცოდნენ, რა არის კარგი და ცუდი. ამიტომ, ფესტივალს დიდი დატვირთვა აქვს, როგორც ქალაქისათვის, ისე ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის. დარბაზი სულ ივსება და იმედია, ახლაც ბევრი ადამიანი გვესტუმრება.მანანა დოიჯაშვილის თქმით, საქართველოს კლასიკური მუსიკის სერიოზული ნიჭი აქვს, თბილისიდან ძალიან დიდი მუსიკოსები არიან წასულები და კონსერვატორია ქართული კლასიკური მუსიკის აკვნადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ფესტივალი 14 დეკემბერს იწყება და 29 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს მსმენელს. ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში ბევრი საინტერესო და სასიამოვნო საღამო ელის კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას.
ქრისტინე გამთენაძე