ბიზნესში სამნი არიან - თვითონ, ძმა და დის ქმარი. ჰოლდინგსაც ასე დაარქვეს, "გ.მ.რ. - სტუმართმოყვარეობის სამყარო", სადაც პირველი სამი ასო მათი სახელების ინიციალებია - გიორგი, მერაბი და რომანი. დღეს ეს ჰოლდინგი მსოფლიოს ხუთი ქვეყნის 44 ქალაქში 285 რესტორანს აერთიანებს.
მერაბ ელაშვილი საქართველოში, სამტრედიის რაიონში, სოფელ კულაშში დაიბადა. ებრაელებით დასახლებულ სოფელს საბჭოთა პერიოდში "პატარა იერუსალიმსაც" ეძახდნენ. მამამისი მეწარმე იყო, დედას უმაღლესი მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან დიასახლისობას დიდი დრო მიჰქონდა, სამ შვილს ზრდიდა. მერაბი 4 წლის იყო, როცა მამა 23 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით მარტო დარჩა. ბავშვების აღზრდაში მას მისი და მეუღლის მშობლები ეხმარებოდნენ.
სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა, ქიმია და ფიზკულტურა. დედას უნდოდა, შვილი ექიმი გამოსულიყო, მაგრამ მერაბი ბიზნესალღოს იმთავითვე გრძნობდა და იცოდა, რომ მედიცინა მისი საქმე არ იყო. 18 წლის იყო, როცა მოსკოვში გაემგზავრა და ცოდნის გასაღრმავებლად ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში ჩაირიცხა. თუმცა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების სურვილი მერაბს მოსვენებას არ აძლევდა და ერთ დღესაც ისეთ "ჯადოსნურ კვერცხს" მიაგნო, საიდანაც საბოლოოდ მისი დიდი ბიზნესი გამოიჩეკა. შოკოლადის კვერცხები, რომლის შიგნით, კაფსულაში სათამაშო იყო მოთავსებული, იმ დროს ევროპაშიც ახალი ხილი იყო და ბავშვების გულებს იპყრობდა. მერაბმა სწორად გათვალა, რომ ამ ჯადოსნური კვერცხების მიმართ ვერც პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბავშვები დარჩებოდნენ გულგრილი და "კინდერ სიურპრიზების" იმპორტს მიჰყო ხელი. ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი აღმოჩნდა, პროდუქციის შეტანას ვერ ასწრებდა ბაზარზე, რომ მთელ პარტიას ფაქტობრივად ხელიდან სტაცებდნენ. შოკოლადის კვერცხებით ვაჭრობას საკმაოდ კარგი შემოსავალი მოჰქონდა. ასე გახდა მერაბი 18 წლის ასაკში ბიზნესმენი.
მოგვიანებით ფული უძრავი ქონების ბიზნესში დააბანდა, მაგრამ შინაგანად გრძნობდა, რომ არც ეს იყო ის მთავარი საქმე, რომელსაც ცხოვრებას მიუძღვნიდა.