"კოკაინის საქმიდან" გამქრალი 1 700 000 ევრო: "წაიღო დათა ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა"

"კოკაინის საქმიდან" გამქრალი 1 700 000 ევრო: "წაიღო დათა ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა"

"შეწყალების საქმის" სკანდალი კვირაზე მეტია გრძელდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა მედიასაშუალება თუ პოლიტიკური ფიგურა მხოლოდ ამ საკითხზე საუბრობს, საქმეში მაინც პასუხზე მეტი კითხვაა. არის ერთი თემაც, რომელიც შეწყალების ტყუილ-მართლის მიღმა არავინ შეიმჩნია - ე.წ კოკაინის საქმეში ამოღებული დაახლოებით 2 მილიონი ევროს ასავალ-დასავალი. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია და პროკურატურისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილები გაზეთ "ვერსიას" "კოკაინის საქმის ერთ-ერთი მონაწილის,  ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ მიაწოდა, რომელსაც პროკურატურამ "შეწყალების საქმეზე" 5-საათიანი დაკითხვა მოუწყო. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც "ვერსიამ" მირიან ნიკოლაძესთან ჩაწერა:

- როგორც 2010 წელს ე. წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულებისა და ბიზნესმენ ბოჭორიშვილის ადვოკატმა, გვიამბეთ, რა მოხდა მაშინ და რატომ მიგაჩნიათ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად, როცა საქმის პირობთი სახელის გარდა, ყურს ისიც ჭრის, რომ მაშინ გამოძიება 200 კგ კოკაინის ამოღებაზე საუბრობდა.

- არც ერთი გრამი კოკაინი ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ ამოუღიათ. 220 კგ ნარკოტიკს ედავებოდნენ ხალხს და ერთი გრამი ვერ უპოვეს. მერე იცით, კოკაინი ვერ იშოვეს და ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილეს, მევლუდ სვანიძეს ჰეროინი ჩაუდეს. 9-ჯერ გაჩხრიკეს მათი სახლები, ვერაფერი ამოიღეს და ეტყობა, 24-საათიან "კაიფში" მყოფი დათა ახალაია ცოტა გონს რომ მოვიდა, ვიღაცამ უთხრა, თქვე უპატრონოებო, კოკაინზე საქმე გაქვთ და ერთი გრამი არსად ჩანს, ხალხი რას იტყვის, რას აკეთებთო. ამის მერე, მეათე ჩხრეკისას, მევლუდ სვანიძის ავტომანქანის ძრავში კოკაინი "აღმოჩნდა". როგორც მახსოვს, აქედან სუფთა კოკაინი, ჯამში, 38 გრამი იყო. ეს სქემა, მანქანის ნაწილებითა და ჯართით ნარკოტიკის გამოგზავნის შესახებ კი აბსოლუტური სისულელეა.

სასამართლოში, როცა ეს ოპერმუშაკები მოწმეებად მოიყვანეს, ყველაფერი აერიათ და ზოგმა თქვა, კოკაინი ძრავის ზემოდან ამოვიღეთო, ზოგმა- ქვემოდანო. ვისაც კოკაინი აინტერესებდა, ახალაიასთვის უნდა ეკითხა. ამ მართლა გაუბედურებულმა ნარკომანმა ზეპირად იცოდა, ვის სად ჰქონდა, რამდენი და როგორი. ამ დროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შს სამინისტრომ და ვანო მერაბიშვილმა ოფიციალურად მისწერეს, ნული გრამი კოკაინი ვიპოვეთო. იქ მერაბიშვილმა თამამად დაწერა, ვერც ერთი გრამი ნარკოტიკი ვერ ამოვიღეთო, აქ კი ხალხს "აბოლებდნენ", "კოკაინის საქმე" გავხეთქეთო. კახა სვანაძე, მოწმე, რომელმაც ენით აუწერელი წამება გადაიტანა, პროკურატურის წინ 1 კვირა რომ შიმშილობდა, ჩვენება მინდა მოგცეთო, ადამიანად არ ითვლებოდა და ალეკო ელისაშვილის ერთი განცხადების გამო რატომ დაიქცა ქვეყანა? ბოჭორიშვილის "შესაწყალებლად" ე. წ. ფულის გადამხდელის ვინაობაც დროზე უნდა დასახელდეს - ჩვენი მხარე, ზაუტაშვილი, თავად ბოჭორიშვილი ამბობენ, რომ ფული არავის გადაუხდია ბუნებაში და ჩვენც გაგვაგებინონ, ვინაა ის გადამხდელი, ბილ გეითსი?

- იქნებ, "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი? საქმეში კალაშოვიც ჩანს, რომელიც თურმე, ბოჭორიშვილის დახმარებას თენგიზ გურჩიანს სთხოვდა. ბოჭორიშვილს კალაშოვთან რაიმე ურთიერთობა აქვს თუ არა და როგორ გაჩნდა "კოკაინის საქმეში" მისი სახელი?

- საქმეში კალაშოვზე ერთი ფრაზა წერია - დარეკა კალაშოვმა და თენგიზ გურჩიანს უთხრა, დაეხმარე ბოჭორიშვილსო. მერე ამით, რა? კალაშოვი სხვაგან საერთოდ არსად ჩანს ამ საქმეში, ერთი სიტყვაც არაა ნახსენები. როგორც კოკაინი არაა ამ საქმეში, ისე არაა კალაშოვიც, უბრალოდ, მერე კოკაინი ჩაუდეს მაინც და კალაშოვი ვერა. იმ აგენტებსაც კი, ვინც პროკურატურამ მოწმეებად დაკითხა, ვერ ათქმევინა, რომ ბოჭორიშვილს კალაშოვთან რამე აკავშირებდა. საერთოდ, არც იცნობენ ერთმანეთს, ნანახიც კი არ ჰყავთ. კიდევ უფრო სასაცილოა ბრალდება, რომ ბოჭორიშვილის "სიაში ჩასასმელი" ფული სოზარ სუბარისა და თემო გურჩიანის გავლით მივიდა ბესელიამდე. ვინც ამას ამბობს, საერთოდ არაფერი იცის ამ ადამიანების შესახებ და არ ესმის სიტუაცია - ეს პირადი თემაა, გურჩიანსა და ბოჭორიშვილს კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, მით უმეტეს, ისეთი, ბოჭორიშვილს გურჩიანისთვის ფული გაეტანებინა. პირდაპირ ასე დაწერეთ: ამ სქემას, დებილის გარდა, ვერავინ მოიგონებდა და გონზე არ არიან, რას ამბობენ!

- ახლა ის მითხარით, ამ საქმეს რა კავშირი აქვს პოლიტიკურ პატიმრობასა და დევნილობასთან. რა ინტერესი ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას ნუგზარ ბოჭორიშვილისა და დანარაჩენი 4 კაცის მიმართ, ვის წინააღმდეგაც ეს ე. წ. კოკაინის საქმე აღიძრა და რა შუაშია პოლიტპატიმრობასთან ის ფაქტი, რომ ბოჭორიშვილი 2008 წლამდე რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო?

- საქმის მასალებში რესპუბლიკური პარტიის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა ვნახე, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი პარტიის წევრი იყო და საწევროსაც იხდიდა. პირადად ნუგზარისგან ვიცი, რომ საწევროს გარდა, ის მათ დიდ დარბაზს აძლევდა, სადაც სხდომებსა და ყრილობებს მართავდნენ. ასევე, ეხმარებოდა ავტომობილებით და თუ არ ვცდები, რამდენჯერმე, დაცვის წევრებიც გამოუყო, რომ მიშას დროს, ოპოზიციონერები დაცულები ყოფილიყვნენ. თუმცა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელების მთავარი დამფინანსებელი ის არ ყოფილა. შეიძლება, მასზე ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი რესპუბლიკელების დაფინანსებაც იყო, არც ამას გამოვრიცხავ, თუმცა მის გვარს მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და ბოჭორიშვილი პოლიტდენვილების სიაში ვერ შევიდა. ძალიან მოკლედ გეტყვით, სად ჩანს მის საქმეში პოლიტიკური მოტივი: მას ცხრაჯერ დაუძახეს კუდ-სა და სოდ-ში, ამდენი და იმდენი გადაიხადე, მანქანები გვიყიდეო და ა.შ. ამოუვიდა კაცს ყელში, თეთრის გადამხდელი აღარ ვარ, თავი დამანებეთო, იმათ კი "შეუსრულეს". სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ, თუ ბოჭორიშვილი ერთადერთი ბიზნესმენი იყო საქართველოში, ვინც ასე გააუბედურეს? ემუქრებოდნენ, ისეთ რაღაცას მოგწევთ, გაჩენის დღეს განანებთო და ასეც მოიქცნენ. ესაა და ეს.

- რომელი ნაციონალი მაღალჩინოსნების გვარები ფიგურირებდა ბოჭორიშვილის წინააღმდეგ დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის გარდა და კიდევ ერთი, რაზეც დღეს, რატომღაც, არავინ საუბრობს - ჩხრეკისას, ბოჭორიშვილის სახლიდან ამოღებული 2 მლნ ევრო სად გაქრა?

- როგორც გამოიკვეთა, ამ საქმეში დათა ახალაია და სოსო თოფურიძე იყვნენ. გამოძიებამ გააფორმა, რომ კოკაინის საქმეზე, ადგილზე, ბოჭორიშვილის სოფლის სახლიდან ამოიღეს 1 685 000 ევრო, 15 000 ევრო კი ადგილზე დარიგდა, იმ ოპერმუშაკებს მისცეს, ვინც წამებაში მონაწილეობდა - დანარჩენი წამოიღეს. მე მივყვები ამ თანხის კვალს, რადგან პროცესუალური წესია - როცა ნივთმტკიცების სახით თანხას ამოიღებ, იგი კანონის მიხედვით უნდა განათავსო. მივწერე ეროვნულ ბანკსაც, ხაზინასაც და მომივიდა პასუხი, რომ არც ერთ მათგანში ეს თანხა არ განთავსებულა. ანუ, ეს ფული ვიღაცის კაბინეტში იდო, ეს "ვიღაც" კი დათა ახალაიაა. ეს მასალები გადავუგზავნე პროკურატურას და ძიება დაიწყო - აღმოჩნდა, რომ 700 000 ევრო არ არის ადგილზე - მილიონი კი ადგილზეა.

- ეგ "ადგილი" სად არის?

- არ ვიცი.

- არ ვიცით, სად არის მილიონი, მაგრამ ვიცით, რომ 700 000 ევრო ახალაიას აქვს?

- დიახ, ზუსტად ვიცი, დათა ახალაიამ წაიღო ეგ ფული, რომლითაც აგენტებს იბირებდა. ეს ინფორმაცია კუდის ყოფილი თანამშრომლებისგან მაქვს.

- რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება და როგორც გამოდის, რომ გაქვთ დოკუმენტები ბანკებიდან, ახალაია კი ქვეყნის გარეთაა ფულით. რას აკეთებს ამ დროს მასთან ერთხელ უკვე დამარცხებული საქართველოს პროკურატურა?

- ამ თემაზე პროკურატურას არაერთხელ მივწერე, გამაგებინეთ, საქმე როგორ მიმდინარეობს-მეთქი და თავიდან მარტივად მომიშორეს - შენ მხარე არ ხარ, არც დაზარალებულის სტატუსი გაქვს და საქმის კურსში ვერ ჩაგაყენებო. ასე წაიღო ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა. თუ ამ რომელიმე საქმეს რეაგირება არ მოჰყვა, პირდაპირ გეუბნებით, პროკურატურას არ დავზოგავ - რასაც ვიზამ, გამოჩნდება. იურიდიულად, ვერაფერსაც ვერ ვიზამ ამ ფულის დაკარგვის საქმეზე, რადგან მხარე მართლა არ ვარ.

- პროკურატურა, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს ამ საქმით დაინტერესებული.

- ეს შეიძლება იყოს პირისთვის მატერიალური ზარალის მიყენების დანაშაული, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირი სჩადის. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალაია ცუდ დღეშია. თუ დადგინდა, რომ ეს ფული ბოჭორიშვილს უკანონოდ ჩამოართვეს, ე. ი. ახალაიამ მას თანხა პირადად "აახია," ხოლო თუ სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერად ჩამოართვეს, მაშინ ეს თანხა ქვეყნის ბიუჯეტში უნდა წასულიყო. ამ შემთხვევაში კი გამოდის, დათა ახალაიამ ბიუჯეტს 2 მლნ ევრო მოპარა. მეც სწორედ ამ კითხვას ვსვამ - რა ეტაპზეა გამოძიება და რას აკეთებს პროკურატურა ამ საქმეზე? არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, დღეს ამ სკანდალის დაწყებაში ახალაიას ხელიც ერიოს.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

ასევე წაიკითხეთ: დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენ მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა - ნუგზარ ბოჭორიშვილ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია