ჩემს ბავშვობაში თბილისში გაცილებით მეტი ეზიდი ცხოვრობდა და შესაბამისად, ქალაქშიც ხშირად ისმოდა მათი ზურნისა და დოლის გამაყრუებელი ხმაც, როდესაც ხმაურიან ქორწილებს მართავდნენ და ფერხულში ჩაბმულები, თავგამოდებით ცეკვავდნენ.
ეს ადამიანები დედაქალაქის სისუფთავეზეც ზრუნავდნენ, რადგანაც დასუფთავების სამსახური უმეტესად ეზიდებით იყო დაკომპლექტებული და ისინიც (ქალი თუ კაცი) დიდი ცოცხებით უთენია იწყებდნენ ქუჩების დაგვას. ეზიდების რიცხვი თბილისში 90-იანი წლებიდან მოყოლებული შემცირდა, როგორც ამბობენ, უმრავლესობა საცხოვრებლად საფრანგეთსა და გერმანიაში გადავიდა. დღეს თბილისში 20.000-მდე ეზიდი ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ ვარკეთილში ეზიდთა ტაძარსა და მათი კულტურის ცენტრს ვესტუმრე, რომელიც წელს 16 ივნისს გაიხსნა. დიმიტრი თირბარი, ეზიდთა სულიერი საბჭოს ხელმძღვანელი გახლავთ და სწორედ მას ვესაუბრე ამ ერის რელიგიასა და ტრადიციებზე, ძირითადად, ქორწინების რიტუალზე:
- ეზიდთა მთავარი ტაძარი ჩრდილოეთ ერაყში, ლალიში მდებარეობს, გარდა ამისა, ყოველ ეზიდურ სოფელსა და დასახლებაში არის რამდენიმე სამლოცველო, ან ტაძარი. ერაყის საზღვრებს გარეთაც არსებობს სამლოცველო და მათ შორის, სომხეთსა და საქართველოშიც (კერძოდ, თბილისში).
ჩვენთან, ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დაახლოებით 20 000-მდე ეზიდი ცხოვრობს. ერის საერთო რაოდენობა მსოფლიოში კი მილიონამდე აღწევს. ეზიდები ას წელზე მეტია, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაგრამ წლევანდლამდე არ გააჩნდათ ტაძარი - სასულიერო ცენტრი, სადაც ლოცვასა და თავიანთი რელიგიური რიტუალების აღსრულებას შეძლებდნენ.
- როდის ჩაეყარა ამ ტაძრის მშენებლობას საფუძველი?
- 2011 წელს ჩვენი ერის ძალების კონსოლიდაცია მოხერხდა და ვარკეთილში, ეკლესიის მშენებლობის დაწყება შევძელით, რომელიც წელს, 16 ივნისს გაიხსნა.
ჩვენი ღმერთი ერთ-ერთი ჰიპოსტასის ეზიდის სახელს ატარებს. ფარშავანგი კი ანგელოზების სიმბოლოა. ჩვენთან ხატები და გამოსახულებები აკრძალულია, მიიჩნევა, რომ არ შეიძლება წმინდანებისა და ღმერთის გამოსახვა, მაგრამ არსებობს სიმბოლოები, რომლებიც რაღაცას გადმოგვცემენ. როგორც გითხარით, ფარშავანგი ანგელოზთა სიმბოლოს წარმოადგენს და არა მხოლოდ ეზიდურ რელიგიაში, არამედ ძველ კულტურებში ანგელოზების სიმბოლო იყო და სამოთხის ფრინველი გახლდათ.
- თქვენს ტაძარში ქორწინების რიტუალს შევესწარით. გვიამბეთ მასზეც.
- რაც შეეხება ქორწინების რიტუალს და კურთხევას, გეტყვით, რომ ქორწინებას ჰქვია "ზავაჯ", კურთხევას "მარბრინ". ამ კუთრხევას ასრულებს შეიხი, შიხესნის გვარიდან, მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ რიტუალის ჩატარება. ის ნეფე-პატარძალს ეკითხება, ანუ თანახმანი არიან თუ არა, სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ ლხინში, გასაჭირსა და კეთილდღეობაში. თუ მათგან თანხმობა მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ წაიკითხავს ლოცვას, რომ მათი ქორწინება აკურთხოს.
- რაც შეეხება არარელიგიურ, არამედ იმ ხალხურ ტრადიციას და რიტუალს, რასაც ეზიდები, პატარძლის სახლში მიყვანისას ატარებენ, ამას როგორ აგვიხსნიდით?
- ეს რიტუალი ძველ ხალხურ ტრადიციებს განეკუთნება, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია. როდესაც პატარძალი მოჰყავთ, პური (ლავაში) გამოაქვთ სახლიდან, ღიმილით, ცეკვით ეგებებიან და მხრებზე აფენენ სიძე-პატარძალს (პური ბარაქას ნიშნავს). უმეტესად ამას სიძის დედა აკეთებს. გარდა ამისა, ხეს მორთავენ ტკბილეულით (ის ნატვრის ხეს ჰგავს), ესეც ძველი ტრადიციებიდან შემორჩა. მერე ტკბილეულით შემოსილი ხე, ზემოდან უნდა დააბერტყონ ახალშექმნილ ოჯახს, რათა სიტკბოება დაებედოთ. ამის შემდეგ პატარძალს სიძემ სიმაღლიდან ვაშლი უნდა ესროლოს (ვაშლი გამრავლების, ნაყოფიერების სიმბოლოა). გარდა ამისა, რიტუალის ეს ნაწილი იმას ნიშნავს, რომ ეს ქალბატონი უკვე მისი მეუღლეა...
როდესაც სიძე-პატარძალს ლოცავენ, ეუბნებიან, რომ ღმერთმა ქნას, ორივე ერთ ბალიშზე დაბერდეთ. ეზიდები ქორწილებში ოჯახებით დადიან, რომ შეინარჩუნონ ეს ტრადიცია და თაობიდან თაობას გადაეცეს.
- საოცარი ცეკვა იციან ქორწილში.
- ცეკვაც მნიშვნელოვანია, რადგან ცეკვა-სიმღერა და ზოგადად მუსიკა, ფოლკლორი ეროვნული თვითშეგნების ერთ-ერთი ელემენტია. ეს არის ფერხული ანუ "გოვენდ", რომელიც ადამიანებს აერთიანებს, - ყველანი ერთად ჩართულები არიან საერთო სიხარულსა და მხიარულებაში.
- მოკლედ, სულ ძველი ტრადიციებია ეზიდურ დღევანდელ ფოლკლორსა და რიტუალებში?
- კი, რაც მზის კულტთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი ერთია, ღმერთი უხილავია, მაგრამ არის ნათქვამი ასევე, რომ ღმერთი არის მზე, სინათლე და მზის სხივებში ეზიდები ხედავენ ღვთის სინათლეს და არა ღმერთს...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება