ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები NDI-ის კვლევებზე

ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები NDI-ის კვლევებზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი NDI-ს კვლევებზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისთვის თემა არ არის.

"ეს ჩემთვის არ არის თემა. ჩემთვის თემა დღეს არის, სამი წლის განმავლობაში ჩემი მთავრობის ხალხისთვის გაკეთებული მასშტაბური საქმე, რომლის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეტალურ ანგარიშს გააკეთებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ NDI ამ კვლევებს რაღაც სიხშირით აქვეყნებს, სადაც სხვა შეფასებებთან ერთად პოლიტიკოსების რეიტინგებიც არის, სადაც ჩემი თავიც არც თუ იშვიათად მინახავს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ სოციოლოგიური კვლევების სპეციალისტი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ს მეთოდოლოგია და მიზნები. შესაბამისად, გამიჭირდება, რომ ამ კვლევებზე დაყრდნობით რაიმე ჩემი შეფასება გავაკეთო. უბრალოდ, მე არ ვიცი საიდან იღებს ეს ხალხი ამ მონაცემებს, გულახდილად რომ გითხრათ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს სანდოობის კუთხით არ შევხედავდი, - ასე შეაფასა NDI-ის კვლევის შედეგები უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების შედეგები არცერთ კვლევას არ ემთხვეოდა.

"კვლევას ერთი და იგივე ორგანიზაცია ატარებს და კითხვები, რომელიც წინა პერიოდში ისმებოდა, ისევ რჩება. ამასთან, შეიძლება ტენდენციებს დავაკვირდეთ. ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს სანდოობის კუთხით არ შევხედავდი. ეს ციფრები არჩევნების შედეგებს არ ემთხვევა. აქ შეიძლება საყურადღებო იყოს ტენდენციები. ის, რომ გამოკითხულთა 60%-ზე მეტი თავის არჩევანს არ ამბობს, ეს ამ კვლევის შეფასების თვალსაზრისით ძალიან სუსტი მხარეა, იმიტომ რომ, შეუძლებელია ისაუბრო სანდოობაზე, როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობა თავის აზრს არ გეუბნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, "ეს შეიძლება იყოს პირობითი, მაგრამ არა რეალური ციფრები".

"ჩვენ შეგვიძლია რეალურ მონაცემებს დაველოდოთ, როცა არჩევნები იქნება. უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ საპარლამენტო მმართველობის პერიოდში ვის ანდობს თავის მომავალს ", - აღნიშნა ბესელიამ.

NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევებთან დაკავშირებით მისი პოზიციები არ იცვლება იმის მიუხედავად ხელისუფლებაშია, თუ ოპოზიციაში.

"ჩემი პოზიცია NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით არ იცვლება, ამიტომ ამ ვარჯიშის მიზანს ნამდვილად ვერ ვხვდები თუ რატომ მისვამთ ყოველ ჯერზე ამის შესახებ კითხვას. კვლევებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციები არ იცვლება ხელისუფლებაში ვარ, თუ ოპოზიციაში", - განაცხადა ხიდაშელმა.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."