"მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს", - ალბათ, სხვა სიტყვებით არ შეიძლება ითქვას ის, რაც აფხაზურ "არმიას" კრემლმა გაუკეთა - მან "ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში" შეყარა ის აფხაზები, რომლებიც დღემდე ქართულ არმიაზე გამარჯვებით ამაყობენ.
აფხაზებმა კარგად იციან, რომ 1992 წელს მოსკოვმა ქართველებსაც და აფხაზებსაც თითქმის ერთ დღეს მოგვცა ათასობით ავტომატი და ასიათასობით ვაზნა, რომ ერთმანეთისთვის არ დაგვეშურებინა.
დღეს, როდესაც მოსკოვს უკვე მოპოვებული აქვს სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აღარც ე. წ. სამხრეთ ოსეთის "არმია" სჭირდება და არც აფხაზური, რადგან მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულეს, როდესაც რუსეთი ცდილობდა მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მედგარ წინააღმდეგობას სწორედ აფხაზური და ოსური "არმიები" უწევდნენ. ამით რუსეთი ამ ომებში თავისი ღრმა ჩართულობის მიჩქმალვას ცდილობდა (ანალოგიურ სცენარს დღეს უკრაინაში, დონბასში იყენებს). დასავლეთმა ეს დაიჯერა ან თავი მოიკატუნა, თუმცა ყველა შემთხვევაში რუსულმა ხერხმა გაჭრა, რის შედეგსაც მალე მოიმკის დასავლეთი, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.