ბუტა რობაქიძის დედისა და სანდრო გირგვლიანის მამის კომენტარი ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევის შესახებ

ბუტა რობაქიძის დედისა და სანდრო გირგვლიანის მამის კომენტარი ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევის შესახებ

სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი საქართველოს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ არ მოხდეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამ გირგვლიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ისევ ხდება უსამართლობა და მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა ინიშნებოდნენ.

"ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ლევან მურუსიძე, რომელიც ასე უსინდისოდ და უთავმოყვარეოდ, ხელმეორედ ირჩევს თავს მოსამართლედ. მინდა მივმართო ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის არჩევა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა გირგვლიანმა

მისივე თქმით, მურუსიძეს მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების სახით, რომლებიც ცდილობენ მურუსიძის მოსამართლედ არჩევას. გარდა ამისა, გურამ გირგვლიანი მოითხოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში დამნაშვეების დასჯას.

"უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც შარდენ ბარში ისხდნენ იმ მაგიდასთან, საიდანაც მოხდა მკვლელობის დაკვეთა. საუბარია მაღალჩინოსნებზე, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლზე, რომლისგანაც უშუალოდ იყო დაკვეთა. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ", - განაცხადა გირგვლიანმა.

მისივე თქმით, ირინა ენუქიძემ დაიწყო ბრძოლა და იბრძოდა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

"იმ ხელისუფლებას უბედურებისა და სიკვდილის მეტი არაფერი შეუტანია ყველა ჩვენგანის ოჯახში. ირინა ენუქიძემ დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ასეთი სავალალო შედეგის წინაშე დაგვაყენა", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

ლევან მურუსიძის მოსამართლედ კვლავ დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმაც.

"ირინა ენუქიძე რომ ცოცხალი იყოს, ლევან მურუსიძის მოსამართლედ კვლავ დანიშვნაზე საუბარი არ იქნებოდა", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების შემდეგ ია მეტრეველმა.

მისი თქმით, ძალიან სასიამოვნო დღეა და უერთდება პრეზიდენტის ძალიან კარგ იდეას.

"ირინა ენუქიძე მართლაც იქცა ქართველი დედის სიმბოლოდ, რომელმაც მართლაც რეჟიმი შეარყია. დიახ, სწორედ ირინას ბრძოლით დაიწყო ის, რომ დღეს აღარ ვართ იმ უბედურებაში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ირინა რომ ცოცხალი იყოს, ბევრად ადრე იქნებოდა უსამართლობის დასასრული, ასევე არ იქნებოდა დღეს თუნდაც საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ისევ დაინიშნოს მურუსიძე მოსამართლედ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. არ იქნებოდა საუბარი არც იმ დანარჩენების დასჯაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დასჯილნი და რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სანდრო გირგვლიანის და ჩემი შვილის მკვლელობაში", - განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, დღეს მდგომარეობა არის ისეთი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ შეტევას ახორციელებენ მათზე.

"სამართალი ბოლომდე ჯერ ისევ არ არის მიღწეული", - აღნიშნა მეტრეველმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ