21 დეკემბერს, კიევიდან დაბრუნებულ უმცირესობის დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს აეროპორტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბეჟაშვილს მგზავრთა გამოსასვლელთან რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. დეპუტატი აეროპორტში მომხდარი თავდასხმის დეტალებს "ვერსიასთან" საუბარში იხსენებს:
"ერთი რეისით ვიმგზავრეთ, თვითმფრინავში ჩვენ შორის შელაპარაკება არ ყოფილა. ესკალატორზე ზურგში დარტყმა ვიგრძენი. შემოვტრიალდი, უკან ჩემთვის უცნობი მამაკაცი იდგა და იგინებოდა, ცხადია პასუხი მეც გავეცი. ეს შეხლა-შემოხლა აეროპორტის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს". ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბიზნესმენი გურამ კვირიკაშვილი დაასახელა, თუმცა უმცირესობის დეპუტატი მასთან ნაცნობობას უარყოფს.
- წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. მისი სახელი პირველად გავიგე და არავითარი შეხება არ მქონია მასთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო უწყებების გარდა, კერძო კომპანიებსაც ამოწმებდა, მაგრამ ეს პიროვნება არ მახსოვს. არც ის ვიცი, თავს რატომ დამესხა, მაგრამ გული არ მწყდება, რადგან ჩემგანაც საკადრისი პასუხი მიიღო. ამაზე საუბარი სასაცილოა და სატრაბახოდაც არ ღირს, მაგრამ პასუხი ნამდვილად მიიღო. ზურგში კვირიკაშვილმა დამარტყა. იმდენი ვაჟკაცობაც არ ეყო, პირდაპირ მოსულიყო. როგორც კი მოვტრიალდი, მაშინვე მიიღო პასუხი კბილებში და საკუთარი სისხლიც დააგემოვნა, თუ საჭირო იქნება, დამატებით პასუხსაც მიიღებს" - ამბობს ბეჟაშვილი.
"ვერსია" ბიზნესმენ გურამ კვირიკაშვილის საქმიანობის შესახებაც წერს. გაზეთის ინფორმაციით, გურამ კვირიკაშვილი საქართველოში 2005 წელს, მოსკოვიდან დაბრუნდა, სამშენებლო კომპანია "RDI" დააფუძნა და მუშაობა დაიწყო. 2006 წლიდან, სახელმწიფო შეკვეთებს ასრულებდა - მისი კომპანია თავდაცვის სამინისტროს რთულ და სპეციფიკურ ობიექტებს აშენებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კომპანია "არ დი აისა" და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა. დაიძაბა ბიზნესმენის განცხადებით, პირველი თავდასხმა მაშინდელი კონტროლის პალატის ფასადის მშენებლობის დროს მოხდა. "არ დი აი" სააკაშვილის მთავრობას მეორედ 2010 წელს დაეჯახა და კომპანიაში პროკურატურა შევიდა. თანამშრომლები პროკურატურაში დაიბარეს და დააპატიმრეს. ბიზნესმენს კი თანამშრომლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 3 000 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. 2011 წელს, გურამ კვირიკაშვილი "ნაციონალებს" სვანეთში პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის გამო დაუპირისპირდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბიზნესმენმა გურამ კვირიკაშვილმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა... იგი ასევე გახლავთ ტელეკომპანია "ობიექტივის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელსაც ნაციონალებმა წილი "იძულებით გააჩუქებინეს".
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია