სასტიკი დანაშაულები საქართველოში, რომელიც ქალებმა ჩაიდინეს

სასტიკი დანაშაულები საქართველოში, რომელიც ქალებმა ჩაიდინეს

ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში ფემიციდის ფაქტების სიმრავლემ შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ 2013 წელს 21 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. მათი დიდი ნაწილი ოჯახური ძალადობის, მეუღლის ან საყვარელი მამაკაცის მსხვერპლი გახდა. თუმცა, ასევე დაფიქსირდა შემთხვევებიც, როცა მსხვერპლი თავად გახდა მოძალადე. ბოლო წლებში, ქალების მიერ ჩადენილი მკვლელობების მიზეზი, ძირითადად, სწორედ მამაკაცის მხრიდან ძალადობაა. ამჯერად, იმ ქალებს გაგახსენებთ, რომლებმაც განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაულები ჩაიდინეს:

ქალის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი ბოლო მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, 15 დეკემბერს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის ხათუნა ბ-მ მეგობარი მამაკაცი მოკლა. ისინი ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ, ურთიერთშელაპარაკებისას ქალმა 41 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ეჭვმიტანილი რამდენიმე წუთში დააკავეს და ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს, რომლითაც მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა.

2005 წლის 3 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 41 წლის ირმა ნადირაძემ თავისი მეგობარი მამაკაცი, რეზო თხილიშვილი ქმრის პისტოლეტით ლამისყანის მინდვრებში მოკლა. როგორც ნადირაძის ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე ამბობს, ქალის თქმით, მას თხილიშვილის გარდა, კიდევ ერთი საყვარელი ჰყავდა, პროფესიით - ექიმი, უნდოდა, ქმარს გასცილებოდა და ექიმს გაჰყოლოდა, მაგრამ როგორც ამბობდა: "ამის უფლებას რეზო არ მაძლევდა, ვერ ვიშორებდიო" - ამიტომ ჩაუჯდა მას მანქანაში, მიიყვანა სოფელში ისეთ ადგილას, სადაც ხალხი არ იყო და თავში ესროლა, შემდეგ კი მანქანას ბენზინი გადასხა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. მკვლელობა 9 წლის შემდეგ, 2014 წელს გაიხსნა.

2011 წელს მარნეულში საკუთარი ქმრის მკვლელი ფ. ა. და მისი თანამზრახველი ე. გ. დააკავეს. აღიარებით ჩვენებაში, ბრალდებულმა განაცხადა, რომ სცადა დანაშაული თვითმკვლელობის იმიტაციით დაეფარა. ფ. ა-მ მეუღლეს დიდი ოდენობით სამედიცინო მედიკამენტები მიაღებინა, დააძინა და უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი საკუთარი საყვარლის ე. გ-ს დახმარებით გადაიყვანა სახლის უკან მდებარე პირუტყვის სადგომში, სადაც თოკზე ჩამოკიდეს.

ქმრის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს ნინო ხაბეიშვილიც. მას გორის რაიონულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მტკიცებით, 2011 წლის 11 დეკემბერს, მან მეუღლეს - მამუკა ცერცვაძეს გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გოგონამ არც დაკავების დროს აღიარა დანაშაული და ამ დრომდე არ აღიარებს: "გადაბმულად სვამდა. იმ დღესაც მთვრალი იყო და ჩხუბი უმიზეზოდ დაიწყო. ხელში დანა ეჭირა. დავუსხლტდი, მაგრამ ჩემთვის თმის დაგლეჯა მაინც მოასწრო. როგორც კი გავერიდე, მაშინვე დავრეკე პოლიციაში, - დამეხმარეთ-მეთქი. ეს ზარი დაფიქსირებულია. ამ დროს ქმარმა დამიძახა. მისკენ რომ შევტრიალდი, დავინახე, სისხლიანი იყო". დაკავების მომენტში 21 წლის ნინოს ერთი შვილი უკვე ჰყავდა, მეორეზე კი ორსულად იყო.

ქმრის მკვლელობისთვის 2012 წლიდან იხდის სასჯელს ნათელა გ. ექვსი შვილის დედა ყვება, რომ ნასვამ ქმარს ფეხები შეუკრა და ოთახში ჩაკეტა, რადგან მამაკაცი შვილებს ემუქრებოდა. "რომ დათვრებოდა, ყველას გვცემდა. ბევრჯერ უბნის რწუნებული და სოფელი ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. რამდენჯერ გამომკიდებია ცელით მოსაკლავად... მაგრამ მე არ მომიკლავს. ბავშვებს გამოეკიდა ლანძღვა-გინებით, უნდა ეცემა. შემეშინდა მათთვის არაფერი დაეშავებინა და ოთახის კარი ჩავუკეტე... ყურადღება ვერ მივაქციე, როგორც ჩანს ცუდად გახდა, გული აერია და გაიგუდა. ამის მიუხედავად, მკვლელობაში დამდეს ბრალი, არ ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ მაინც გამასამართლეს". 38 წლის ქალმა დაკავების შემდეგ, ციხეში შეიტყო, რომ მეექვსე შვილს ელოდებოდა. ახლა გოგონა ციხეში დედასთან იზრდება. ნათელა გ-ს სამი წელი დარჩა მოსახდელი.

2014 წლის მარტში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში 50 წლამდე ასაკის ქალმა გარდაცვლილი მეგობრის გვამი დაწვა. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს, მასთან ყოფნის დროს გული გაუსკდა. ქალს შეეშინდა, რომ მკვლელობას დააბრალებდნენ, ამიტომ მამაკაცის ცხედარი გარეთ გაიტანა და დაწვა. ქალბატონი დააკავეს მიცვალებულისადმი უპატივცემულობის ბრალდებით.

ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა 2011 წელს მისაქციელში - დედამ მცირეწლოვან შვილს თავი შეშის ნაჭრით გაუჩეხა. მაია გელდიაშვილს სამი შვილი ჰყავდა, უფროსი ვაჟი 5 წლის შაკო დედას შეშით ცემის დროს შემოაკვდა. ქალი დააკავეს, მან საკუთარი დანაშაული აღიარა. "ბავშვს მანამდე ვცემდი ხოლმე, სანამ გონებას არ დაკარგავდა. ამჯერადაც ასე იყო, შეშის ნაპობი გათიშვამდე ვურტყი, მერე იატაკზე მთელი ძალით დავახეთქე. როცა დავეჭვდი, რომ გონს ვეღარ მოვიდოდა, ვცადე ენა ამომეწია. კბილები ხელს მიშლიდა, ამიტომ კოვზით ჩავუმტვრიე", - აცხადებდა დედა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მაია გელდიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. განსასჯელს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასკვნით, მაია გელდიაშვილი ფსიქიკურად შეურაცხადი იყო და სასამართლოსთვის სწორი ჩვენების მიცემა არ შეეძლო. 2013 წელს მაია გელდიაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ