ცნობილების წერილები თოვლის ბაბუას: "ევროპაში მარტო ტყემლით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული ქვეყნის შვილებს"

ცნობილების წერილები თოვლის ბაბუას: "ევროპაში მარტო ტყემლით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული ქვეყნის შვილებს"

თოვლის ბაბუისა თუ სანტა კლაუსისადმი წერილის მიწერის ტრადიცია ყველა პატარასთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, მაინც დიდი ბავშვია და ბავშვურად უხარია ყოველი ახალი წლის დადგომა, რამდენიმე მათგანს ამ "მითიური ადამიანისთვის" წერილების მიწერა ვთხოვე...

ზოგმა უარი მითხრა, ვერ დავწერო, ზოგი თავის ნატვრებში ძალიან ლაკონური აღმოჩნდა. მოკლედ, იყო იუმორიც, სურვილები სოციალური ფონიდან გამომდინარე და მათი დაძლევის თხოვნაც ...

ბახვა ბრეგვაძე, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი:

- ყოვლისშემძლე თოვლის ბაბუასთან ბევრი სურვილი და თხოვნა მაქვს: პირველ რიგში, მსოფლიოში მშვიდობა მინდა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და წინსვლა, ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობა... ასევე პირადად ჩემთვის მეტი ფული, "მერსედესის" ახალი G-კლასი, საინტერესო კინოროლები, უფრო ბევრი ბედნიერი დღე და ახალი შესაძლებლობები, რომ მრავალფეროვანი, საინტერესო და ხალისიანი წელი იყოს 2016 ჩემთვის.

ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი:

-ძვირფასო სანტა, ნუ გგონია, როცა ჩემს საახალწლო თხოვნებს მოისმენ თუ წაიკითხავ, ეს ჩვეულებრივი შემთხვევაა, არა, თხოვნებმა ფორმატი შეიცვალა და მოთხოვნებად ჩამოყალიბდა... თან, განსაკუთრებით შენი შარშანდელი დაშვებული შეცდომების ფონზე, რომელიც დროა, გამოასწორო, რადგან სათაურიდან გამომდინარეც კი, ყველაფერმა უკვე დახშული სივრცის ხასიათი მიიღო, რომლის გარღვევაში დახმარება შენი კონსტიტუციური ვალდებულებაა და სარკოზის პრაქტიკიდან გამომდინარე, გთავაზობ 6-პუნქტიან შეთანხმება-მოთხოვნას:

1. უნდა მოსპო საცობი. პ.ს. ძალიან მაინტერესებს რა პრინციპით გადაწყვიტე ამდენი მანქანის დარიგება, ან თუ არიგებდი, ქალაქის მერს გზებზე დახმარებოდი (შენს იმედადღაა დარჩენილი ისედაც);

2. უნდა ამოავსო ჭებად გადაქცეული ორმოები, რომლებსაც ზემოთხსენებული ვერ ხედავს;

3. ყველა ჩემი მეგობრის, ოჯახის წევრებისა და სხვათა კეთილი განზრახვები მინდა რომ ამოიკითხო და შეუსრულო 100%-იანი სიზუსტით.

პ.ს. ხო, აქვე ისიც მინდა, რომ დედა - ოჯახის წევრად დააბრუნო;

4. გახსნილ ევროპაში მარტო ტყემლით, ჩურჩხელით და "კაი ბიჭობით" ნუ შეიყვან ბედკრული და მრავალჯერტანჯული, წილხვედრი ქვეყნის შვილებს, რაიმე პრაგმატული სარგებელი დაანათლე 2016 წელს;

5. ჯანეტა და მიშა მესხი კიდევ ერთხელ გაუშვი თავიანთ კონკურსებზე: "მის დედამიწასა" და "ოსკარზე" (ოღონდ, ვინ სად მიდის, ეგ არ აგერიოს). მიშა გამოძინებულია, ჯანეტა კვლავ მოტივირებული;

6. 2016 არჩევნების წელია და განსაკუთრებულად ვითხოვ, მე, ნოე სულაბერიძე და ქართველი ერის დიდი ნაწილი, ჩემი შალვა (ნათელაშვილი) მოახვედრე პარლამენტში, რომ მერე თავის მხრივ შალვამ მოახვედროს დეპუტატებს დანიშნულებისამებრ.

პ.ს. კიდევ რაღაცებიც მინდა, მაგრამ ამ 6 პუნქტში ვერ ჩავატიე და მათზე ისღა დამრჩენია ვილოცო...

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:

-ჩემი გლობალური თხოვნა სანტას: გთხოვ, 2016 წელი იყოს მშვიდობის, ღიმილის, მიტევების, ბარაქის, სიყვარულის, სურვილების ასრულების წელი, ხოლო ჩემი ლოკალური სურვილი შენ მიმართ ასეთია: მანქანას გთხოვ, "ბენტლის" მარკის ავტომობილს.

ირაკლი კაკაბაძე, პუბლიცისტი:

-ჩემო ძვირფასო სანტა კლაუს, ანუ ბატონო უშანგი თოვლის ბაბუავ! ყოველ ახალ წელს მინდა, რაღაც ყველაზე საკრალური და წმინდა თხოვნა შენ გამოგიგზავნო. გთხოვო ის, რომ ცხოვრება გაუადვილო ამ ტანჯვისთვის მოვლენილ მილიარდობით ადამიანს.

მაგრამ წელს მინდა, უფრო კონკრეტული თხოვნით შემოვიდე შენთან.

სანტა კლაუსო, ანუ ბატონო უშანგი - ძალიან გთხოვ, ცოტათი მაინც დეეხმარე ჩვენს ერს, ჩვენს ხალხს იმაში, რომ ეს სიღატაკე დაამარცხოს - რომ ჩვენი მოსახლეობის 80-90 პროცენტი არ იყოს ან სრულიად უქონელი, ანაც რომელიღაც "ოუნერის" უპირობო მონა, ვითომ "თავისუფალი ეკონომიკის" სახელით. იქნებ რამე ხელი წაგვაშველო შენი საოცარი სუფ-სიდირებით.

იქნებ 2016 წელს დევიწყოთ მნიშვნელოვანი პროცესი და გავაკეთოთ პატარა კოოპერატივები მაინც, სადაც ადამიანები კონკურენციის, შუღლის და ძალადობის მაგივრად, სულ ცოტა მაინც ერთმანეთს დეეხმარებიან და ხელს გოუწვდიან.

ჰოდა, ჩემი თხოვნაა, სანტა კლაუსო, უშანგი - იქნებ შემოგვაშველო შენი ღვთის მიერ ნაბოძები პატარა სუფსიდიები, რომ დევიწყოთ კარგი კოოპერატიული მოძრაობა და გავაკეთოთ ვაჟა-ფშაველას აშრამი და ნამდვილად ქართული ეკონომიკის საფუძველი.

ამ თხოვნას თუ ამისრულებ - მომავალი თებერვლის პირველი კვარტლის დასასრულს, თიბისი ბანკში შენს სახელზე გახსნილ ანგარიშზე პირობას გაძლევ, რომ გადავრიცხავ 6 ლარს და 75 თეთრს, რომელიც სანტა კლაუს უშანგის განვითარების საპარტნიორო ფონდს მოხმარდება.

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი:

-ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუა! ძალიან გთხოვ, ახალ, 2016 წელს ჯანმრთელობა მოგვიტანე, სიხარული და მშვიდობა! მეტი რა უნდა მინდოდეს? ჩემი სურვილები ლაკონურად გადმოგეცი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ