"სანამ სტალინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდებოდა, პოლიტბიუროში ჯოჯოხეთი სუფევდა... ყველა უნდობლად უყურებდა ერთმანეთს და ამასთანავე, ცდილობდა, ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. ლავრენტი ბერია კი უკვე ყველაფრის ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს და, როგორც ამბობდნენ, ანგარიშს აღარავის უწევდა" საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი, მსოფლიოში პირველი ქართველი გენერალისიმუსი და II მსოფლიო ომის ერთ-ერთი არქიტექტორი - იოსებ სტალინი, იგივე - ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე გარდაიცვალა. (იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება) საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. "დიდი ბელადის" გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად "ძლიერნი ამა ქვეყნისანიც" მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი.
იოსებ სტალინი პატარა სვეტლანასთან ერთად დღესდღეობით "დიდი ბელადის" გარდაცვალების შესახებ არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა, ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. ამიტომაცაა, რომ უკვე სიმართლის დადგენა საკმაოდ ჭირს, მაგრამ თავისთავად, ყოველგვარი ინფორმაცია საინტერესოა. მაგალითად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა:
1953 წლის 1-ელ მარტს იგი კუნცევოს აგარაკზე, დაცვის უფროსმა ლოზგაჩოვმა უკვე დადამბლავებულ მდგომარეობაში - იატაკზე დაგდებული ნახა, მაგრამ ექიმები კუნცევოზე მხოლოდ მეორე დღეს, დილით მივიდნენ და სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ სამიოდე დღე იცოცხლა ისე, რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, "დიდი ბელადის" სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ოფიციალურ განცხადებას ბრმად ენდო; პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა, ხოლო თავად ხრუშჩოვსა და მისიანებს, ისევე, როგორც "გულაგის" მრავალრიცხოვან მკვიდრთ პოლიტიკური მტრის მოულოდნელი სიკვდილი გაუხარდათ და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად დაიწყეს მზადება. ცხადია, მომხდარით უაღრესად აღშფოთებული ჩანდა ლავრენტი ბერია. სტალინის ვაჟიშვილი, ვასილი სტალინი კი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოწამლული იყო. (იხილეთ ასევე: მეგობრები სტალინსაც უყვარდა?!) მოწამვლის ვერსია სტალინის ქალიშვილმა - სვეტლანა ალილუევამაც გაიზიარა: ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მამის სარეცელთან მივიდა, შეამჩნია, რომ სტალინს რაღაცის თქმა სურდა, თან მარცხენა ხელს მუშტავდა. "წარბები შეკრა და ხელი იმგვარად აამოძრავა, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა", - წერდა სვეტლანა წიგნში, რომელიც მან წლების შემდეგ, ამერიკაში გამოსცა. საინტერესოა, რომ იგი ორაზროვნად, მაგრან იქვე იმასაც უთითებს, რომ სასიკვდილო სარეცელთან ყველაზე მხნედ და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ყველაფრისთვის მზადმყოფად სწორედ ლავრენტი ბერია გამოიყურებოდა: "ის წუთითაც არ დაბნეულა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერც კი ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა და არც ის ვიცოდით, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის". აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს პოლიტბიუროს წევრთა ნაწილმა კარგად იცოდა, სტალინს და ბერიას არცთუ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველა დუმდა. სტალინ-ბერიას ურთიერთობებით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ხრუშჩოვი და მისი გარემოცვა, რომლებიც "ქართველთა აღზევების" გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ. იოსებ სტალინსა და ლავრენტი ბერიას ურთიერთობა ჯერ კიდევ ომის შემდგომი წლებიდან დაეძაბათ - მაშინ "დიდმა ბელადმა" გადაწყვიტა, "პენსნეიანი კაცი" და მისი კლანი თავიდან მოეშორებინა და კრემლში ახალ-ახალი კადრების მოყვანა - დაწინაურებას შეუდგა. ბერიამ მაშინ შეძლო, სტალინის ჩანაფიქრი გამოეცნო და საფრთხე თავიდან ისე აერიდებინა, რომ ხელისუფლებაში გავლენა არ დაეკარგა - ჩაშალა ის ინტრიგები, რომელთაც პირადად სტალინი უწევდა კონტროლს, თანაც - ამას ყოველთვის ისე ახერხებდა, რომ "დიდ ბელადს" პიროვნულად არც ერთხელ არ დაჰპირისპირებია; გარეგნულად იგი კვლავ სტალინის უპირველეს მომხრედ რჩებოდა და მხოლოდ ერთეულები გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
"პენსნეიან კაცს" სტალინის მოწამვლა შესაძლებელია, მართლაც ნდომოდა, მაგრამ მისთვის ამის დამტკიცება ძალიან ძნელი იყო - ბერია არასოდეს ტოვებდა რაიმე ხელჩასაჭიდს, რითაც მისი გამოჭერა იქნებოდა შესაძლებელი. ის ამგვარ საქმეებში მეტად ფრთხილი იყო და ეს მისმა მტრებმაც იცოდნენ. მათ არაერთხელ სცადეს, "პენსნეიანი კაცი" ხაფანგში გაებათ, მაგრამ ამაოდ. ერთხელ ქალიც კი მიუგზავნეს, რომელსაც მისი ნდობის მოპოვება და სტალინის წინააღმდეგ პროვოცირება ევალებოდა, მაგრამ ბერიამ ლამაზმანი ისე მოხიბლა, თავი არ დაუკარგავს. ერთი სიტყვით, ბერიას მეშვეობით სტალინის მოშორების მსურველებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. აქედან გამომდინარე, სტალინის გარდაცვალებისას, ერთი შეხედვით, ბერიას შემართება არაფრისმთქმელი იყო, რადგანაც მას კრიტიკულ სიტუაციებში დაბნევა არ სჩვეოდა. "პენსნეიანი კაცი" სტალინის სარეცელთან იდგა - ვოროშილოვთან, ხრუშჩოვთან, კაგანოვიჩთან, მალენკოვთან ერთად და ბელადის უკანასკნელ წამებს შუბლშეკრული ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიკოსი ვინოგრადოვი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში სტალინის პირადი ექიმი იყო, ამ ამბიდან რამდენიმე წლით ადრე, სწორედ ბერიას ბრძანებით დააპატიმრეს; ამიტომ იქ სხვა ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებიც სტალინს კარგად არც იცნობდნენ და დაბნეულებიც ჩანდნენ.
ვასილი სტალინის მოგონებით, ლავრენტი ბერია მამამისის სარეცელთან იხრებოდა და მკაფიო ხმით სთხოვდა, ეთქვა ან ენიშნებინა რაიმე: "მან რამდენჯერმე გააკეთა ასე... მამა მას უყურებდა, თუმცა ხმის ამოღება არ შეეძლო და ბერია კი, ამ ფონზე, უჩვეულოდ ცქვიტად გამოიყურებოდა". სხვათა შორის, სწორედ მას შეეპარა ეჭვი პირველად - მამაჩემი ბერიას მოწამლული ხომ არ არისო და მოგვიანებით, ხრუშჩოვმა ეს ვერსია სათავისოდ გამოიყენა.