"საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი" - ესთეტიკური მაქინაცია და მოტყუებული ქალები

"საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი" - ესთეტიკური მაქინაცია და მოტყუებული ქალები

კოსმეტიკური კომპანიების ნაწილი გაყიდვის წასახალისებლად აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას მიმართავს. ბოლო რამდენიმე წელია ისინი ძვირადღირებულ კოსმეტიკურ მომსახურებას მომხმარებელს ტელეფონის საშუალებით ჯერ "უფასოდ" სთავაზობენ, კომპანიაში მისულს კი 2000-4000 ლარიანი კოსმეტიკური საშუალებების ყიდვას "აიძულებენ". ასეთი კომპანიები ბაზარზე ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა. განსაკუთრებით აქტიურობს რამდენიმე: "დეშელი", "რენესანსი" და სხვა. ისინი კლიენტს სახის გაწმენდის უფასო პროცედურას სთავაზობენ, რომელიც თითქოს "მეგობრის საჩუქარია", თუმცა მეგობრის ვინაობას არ ასახლებენ.

40 წლის მარინა ხავთასი ამბობს, რომ ამ რამდენიმე დღის წინ მას კომპანია "რენესანსიდან" დაურეკეს და შესთავაზეს უფასო პროცედურა, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. კომპანიაში მისულს საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია დახდვა. როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, მას 1 საათზე მეტხანს არწმუნებდნენ, რომ უარი არ უნდა ეთქვა "სულ რაღაც 2000-ლარიან კოსმეტიკაზე, რომელსაც "რენესანსი" კლიენტებს ფასდაკლებით სთავაზობს".

"როგორც კი კაბინეტში შევედი, კოსმეტოლოგმა ერთი შეხედვით "შეაფასა" ჩემი კანის მდგომარეობა და მითხრა, რომ მაქვს სერიოზული პრობლემა და კომპანიისგან შემოთავაზება უნდა მიმეღო. მაკიაჟის გაკეთებასაც მალე შეუდგა, ჯერ ნახევარი სახის, რომელსაც ნახევარ საათზე მეტი მოანდომა. თანაც ისტერიკულად ჩამჩიჩინებდა, რომ ქალებმა უარი არ უნდა ვთქვათ ამ სიამოვნებაზე, იმის მიუხედავადაც, რომ შეიძლება მიზერული ხელფასი გვქონდეს ან სულაც უმუშევარი ვიყო. შემდეგ კომპანიის სხვა წარმომადგენელი შემოვიდა, რომელიც ასევე ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, რომ 2000 ლარად ღირებული პროცედურა მეყიდა. არ ვიცი, როგორ გავუძელი და სესხის აღებას არ დავთანხმდი", - ამბობს მარინა ხავთასი.

მისგან განსხვავებით კომპანიის ბადეში ბევრი გაება. "რამდენიმე თვეა, განვადებით შეძენილი კოსმეტიკის საფასურს ვიხდი. სულ 3000 ლარამდეა. ჩემი ოჯახის წევრების წინაშე ახლა მრცხვენია. საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობ და ათასობით ლარი კოსმეტიკაში მივეცი. საათნახევრის განმავლობაში ორი ადამიანი მარწმუნებდა ამ სესხის აღებას. არ მომეშვნენ, იმდენი გააკეთეს, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი. საკვირველი კი ისაა, რომ მეუბნებოდნენ, უამრავი პენსიონერი კლიენტი გვყავს, რომლებსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვთ, მაგრამ სილამაზეში ფულის გადახდა არ ენანებათო. ჰიპნოზივითაა, ხელს აწერ გაუცნობიერებლად. გამოდიხარ და ხვდები, რომ შარში გაეხვიე, რომ შენს ოჯახს შემოსავალი დააკელი. გრცხვენია კიდეც, მაგრამ ამას რომ გააცნობიერებ, უკვე გვიანაა", - ამბობს 36 წლის თეა თუაშვილი.

არანაკლებ საგანგაშოა ის, რომ სქემის განხორციელებაში ბანკებიც მონაწილეობენ, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლების მიერ "შეკერილ" კლიენტებს უპრობლემოდ უმტკიცებენ განვადებას. როგორც ჩანს, კომპანიაში შემთხვევით მისული ქალბატონებისთვის ცდუნება ნამდვილად დიდია, რადგან უშემოსავლო ან მწირშემოსავლიანი ოჯახისთვის 2000-ლარიანი ფინანსური ვალდებულება ოჯახისთვის დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს.

მარიკა გოგოხია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია