ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
IDFI-ის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, 1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392 260 000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272 870 000 აშშ დოლარი. 2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182 140 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წელს 31 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ 129 500 000 აშშ დოლარი შეადგინა.
1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 140 000 აშშ დოლარი ( USA Government – 258 940 000, USA-MCC – 414 410 000, USA USAID – 238 790 000). საქართველოსთვის აღნიშნულ პერიოდში უსასყიდლოდ
გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე: გერმანია - 118 090 000 აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65 850 000 აშშ დოლარი, იაპონია - 40 920 000 აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 010 000 აშშ დოლარი და უკრაინა 12 600 000 აშშ დოლარი.