"ენერგიული, დაუმორჩილებელი და ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების. მარტივად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა, დამოუკიდებლობა არ ეთმობა. ის არ არის კაცი, რომელიც შეყვარებულს ფანჯარასთან სერენადებს უმღერებს. ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ქალწულს, რომელიც მსახიობ ზვიად სხირტლაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- მართალია, ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ არასდროს ვუღრმავდები. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული ადამიანი შეიარაღებულია, მე იმდენად ემოციური ვარ, რომ ყველა სიტყვა და წინადადება გულთან მიმაქვს. დილით გაღვიძებისთანავე თუ გავიგებ, რომ წარმატებული დღე არ მექნება, ბუნებრივია, ეს ხასიათს გამიფუჭებს.
- "თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს", - წერია თქვენი ნიშნის დახასიათებაში. მართლა ასეა?
- შემიძლია, მარტივად გიპასუხოთ, მაგრამ მინდა, ბოლომდე გულწრფელი ვიყო. იმერელს ჰკითხეს, - ხაჭაპური გიყვარსო? "მაგან არ მამკლაა". ვერ გავიგე, ვინ ვარ და რა მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში გარკვეული ვარ, მაინც არსებობს მომენტები, როცა თავად არ ვიცი, რა მსურს. თავისუფლება მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ მინდება, ეს თავისუფლება შემიზღუდოს ბევრმა საქმემ, დედამ, ვინმე ახლობელმა. მინდა, იმდენად დაკავებული ვიყო, რომ ერთი წუთიც კი არ მქონდეს თავისუფალი. დიდი თავისუფლება ზედმეტ სმასთან, ღამის თენებასა და ბევრი სიგარეტის მოწევასთან ასოცირდება. მოკლედ, თავისუფლება ხან მღლის და ხან - მენატრება.
- ცვალებადი ხასიათი გქონიათ.
- კი, ნამდვილად ეგრეა.
- მომავლის დაგეგმვა თუ გჩვევიათ?
- შესაძლებელია, უახლოესი დღეები დავგეგმო და მერე მივხვდე, რომ ეს მართებული არ არის. რამდენიც უნდა გეგმო, ზოგჯერ ცხოვრების მდინარე სულ სხვა მხარეს გაგიტაცებს. გაორება მჭირს: ხან ვცდილობ და ვგეგმავ, ხან თენდება დილა და დინებას მივყვები. რასაც დღე მოიტანს, იმის მიხედვით ვცხოვრობ.
- "ენერგიული, დაუმორჩილებელი და ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების".
- ვეთანხმები.
- "ზოგჯერ ფიცხია და უტაქტო".
- ეს ჩემი ნერვების ბრალია. ფიცხი და უტაქტო ვყოფილვარ, ზედმეტი მომსვლია, მერე ჩემი საქციელი არ მომწონებია. ამ მხრივ საკუთარ თავზე ვმუშაობ.
- "კრეატიულია. ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა".
- მართალია, ვცდილობ, არ ვიყო რამეზე დამოკიდებული. ერთი პერიოდი თეატრზე ვიყავი დამოკიდებული. ფილმებიდან, სხვადასხვა სატელევიზიო პროექტიდან შემოთავაზება არაერთხელ მქონდა და ყველაფერზე უარს ვამბობდი. მხოლოდ თეატრი, თეატრი, თეატრი... ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ჯანსაღი დამოკიდებულება. ამჟამად, მარჯანიშვილის თეატრის დასში ვარ, მიწვევით სხვადასხვა თეატრთან ვთანამშრომლობ, ვთამაშობ "ჩემი ცოლის დაქალებში" და მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, რომლებზეც ჯერ ვერ ვილაპარაკებ.
- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".
- ადამიანების უმრავლესობას უყვარს ბრძანებების გაცემა. მგონია, ეს თვისება მეტ-ნაკლებად ხასიათში ყველას გვაქვს. ვაღიარებ, შემინიშნავს ჩემში ეს ვნება. ვაცნობიერებ, რამდენად ცუდი თვისებაა და ვცდილობ, ასე არასდროს მოვიქცე.
- "აზარტულია. ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას".
- წარსულში უზომოდ აზარტული ვიყავი. არ ვიცი, რა დავარქვა იმას, როდესაც 100%-ით იცი, რომ შენი ნაბიჯი წამგებიანი იქნება, მაგრამ აზარტული ვნების გამო, მაინც გარისკავ და წახვალ კაზინოში... ეს ყველაფერი წარსულში დავტოვე. იმ დონეზე აღარ მაინტერესებს, რომ შემიძლია, ერთხელ ვითამაშო, მეორედ - აღარ და ამით ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ აზარტული ვნება ვეღარ მომერევა.
- აზარტული თამაშებისადმი სიყვარულმა ძალიან დაგაზარალათ?
- ძალიან დიდ მასშტაბში არ გავსულვარ, მაგრამ სერიოზული დანაკარგი მქონდა. ჩემი წარსულიდან რამე ცუდი თუ მახსენდება, ყველაფერი ამ პერიოდს უკავშირდება. ამ დროს უსიამოვნებების მთელი ჯაჭვი იკვრება, რაც გაღიზიანებას, ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას იწვევს, შინაგანად ირევი. თუ ვინმესთან უხეში ვყოფილვარ და სიფიცხე გამომიჩენია, ალბათ, გაღიზიანების გამო იყო.
- "მას უყვარს უცნაურობები და ძალიან მოსწონს იდუმალი ადგილები".
- კი, ცრემლიც მომეძალება ხოლმე და ვცდილობ, დავმალო.
- რატომ? გგონიათ, ვერ გაგიგებენ?
- არა, საკუთარ თავს შემოვუძახებ ხოლმე: "ჰა, ბიჭო, ეს სისუსტე ხომ არ არის?" ბავშვობის დროინდელი საყვარელი ადგილების მონახულებაც მჩვევია. რამდენჯერმე იმ უბანში და ეზოშიც შემივლია, სადაც გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ ჩემი მაშინდელი მეზობლები აღარც ცხოვრობენ.