2015 წელს საქართველოში ბანკების ძარცვის ან ძარცვის მცდელობის საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ყველაზე ხშირად თავდამსხმელთა სამიზნე "საქართველოს ბანკი" იყო.
იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბანკების დაყაჩაღების სტატისტიკას ცალკე არ აწარმოებენ, უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, რამდენი ბანკი გაიძარცვა 2015 წლის განმავლობაში ან ჯამში, რა თანხის ზარალი მიიღეს ბანკებმა კრიმინალური შემთხვევებისგან. ამ საკითხზე, ბუნებრივია, არც თავად ბანკის წარმომადგენლები საუბრობენ, თუმცა ფაქტია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში "საუკუნის ძარცვაც" კი დაფიქსირდა.
კერძოდ, 24 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალიდან ინკასაციის მანქანით 10 მილიონ ლარამდე გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვიდან დაახლოებით ორ კვირაში ქურდობის ბრალდებით ოპრი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ დრომდე ძებნაში მყოფმა ილია გელაშვილმა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" საცავიდან 9 197 771 ლარი გაიტაცა. ნაქურდალი ფული კი, თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს. სამართალდამცავებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
2015 წელს ყაჩაღობის განსაკუთრებით ხშირი შემთხვევა "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში დაფიქსირდა. აპრილში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა საკმაოდ სოლიდური თანხის წაღებაც მოახერხა.
მიმდინარე წელს ოთხჯერ დააყაჩაღეს მუხიანის პირველ მიკრო რაიონში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალიც.