შსს თელავში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შსს თელავში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

თელავში, პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული სანდრო მ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა.

ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

სამართალდამცველებმა სანდრო მ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით)", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ