სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პაპიძის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განუცხადა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, რაც ნიშნავს, რომ განხილვას მხარეები არ დასწრებიან. საჩივარში დაცვის მხარე პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, არის თუ არა ცვლილება მაგდა პაპიძის ჩვენებაში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ იგი ამ თემაზე კომენტარებს აღარ გააკეთებს. 5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს როგორც ცნობილია, არ აღიარებს.

20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე იმავე დღეს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი.

"მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ