"ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახლაწლო მილოცვებს:

მისი უწმინდესობა ილია მეორე:

"ჩემო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას. გიფიქრიათ იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში - პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს, ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებსო. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება. გილოცავთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალ წელს თავისუფლების მოედანზე, საახალწლო კონცერტზე მისულ მოქალქეებთან ერთად შეხვდა:

"გილოცავთ. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, თქვენთან ერთად ვარ და აქედან ვულოცავ მთელ საქართველოს. ძალიან მინდა მომავალი წელი იყოს ბედნიერების, დღეგრძელობის, გამარჯვების წელი. მომავალ წელს არის ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლისთავი. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენმა თაობამ და ჩვენი მამების თაობამ ძალიან ბევრი შეძლო – შეძლო ის, რომ მოიტანა დღევანდელი საქართველო, გადაარჩინა თავისი ოჯახები. ყველას შეგვეცვალა ცხოვრება – როგორ ვცხოვრობდით, მაგრამ მოვიტანეთ საქართველო, ქართული ღირებულებები და დღეს, როდესაც აქ თქვენთან ერთად, ქართული სიმღერის ფონზე ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ, ვზეიმობთ ახალ, დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს და მომავალში ჩვენ ერთად გადავდგამთ ძალიან ძლიერ ნაბიჯებს იმ სიყვარულით, რასაც მე დღეს აქ თქვენგან ვგრძნობ, იმ ერთობით და ერთმანეთის გატანით, რასაც თქვენგან ვგრძნობ. მინდა გითხრათ, რომ ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, უნდა ვაქციოთ თავისუფლებად… სულ ნახევარი საათის წინ ვესაუბრე ჯარისკაცებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. მინდა მათგან დავიწყო ეს მილოცვა, იმიტომ რომ ისინი იცავენ ჩვენ სახელმწიფოს. მე მინდა მივულოცო ჩვენ არაჩვეულებრივ თანამემამულეებსაც, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან - თქვენ განსაკუთრებით გვენატრებით და გვიყვარხართ. მინდა მივულოცო ასევე იმ თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან და ვუთხრა, რომ ჩვენ მომავალი ერთად გვაქვს. მინდა თქვენ მოგილოცოთ, ჩვენო მომავალო თაობავ, ის ვინც გადაიბარებს ამ ქვეყნის მართვას და წარმართავს მომავალს. დიდი სიყვარულით გილოცავთ. თქვენთან ერთად ვარ და მუდმივად თქვენთან ერთად ვიქნები. გილოცავთ ახალ წელს!".

გიორგი კვირკაშვილს კი პირველად მოუწია ამ სტატუსით ქვეყნისთვის ახალი წლის მილოცვა:

"მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენთვის ძვირფას ყველა ადამიანს. ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვინც ყოველდღიურად და შესაძლოა, ამ წუთებშიც ასრულებთ სამსახურეობრივ მოვალობას! განსაკუთრებით ვულოცავ საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს ინტერესებს იცავენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ახალ წელს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც საქართველოს გვერდით უდგას და გულშემატკივრობს… მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი. 2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით - საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ… საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე. ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია