სეირნობა რომ აუცილებელი და სასარგებლოა, ამაზე ყველა თანხმდება. აუცილებელია, რომ მშობლებმა განსაზღვრონ, როდის, რა პირობებში და სად უნდა ასეირნონ ბავშვები. ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, ყინვა არც ისე ხშირად გვაწუხებს. შესაბამისად ჩვენი ორგანიზმი არ არის მიჩვეული ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას. ცნობილი ექიმი, ევგენი კომაროვსკი გირჩევთ, არ ითამაშოთ გმირი მშობლების როლი და ექსტრემალურ პირობებში ბავშვები გარეთ არ ასეირნოთ. ძლიერი ყინვის შემთხვევაში, თუ ბავშვს თუნდაც ერთი კვირა არ გაასეირნებთ, ამით არაფერი დაშავდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ამინდის დროს მშობლები ბავშვებს გარეთ ეტლით ასეირნებენ. პატარები თავს მეტნაკლებად თბილად, ქარისგან დაცულად და კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხანი გრძელდება. თუ ბავშვს არ აქვს მოძრაობის საშუალება, ისიც მალე გაიყინება და დაემსგავსება ეტლზე ხელებმიყინულ დედიკოს ან მამიკოს. გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილებს ჯანმრთელი და ხალისიანი მშობლები სჭირდებათ. თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი ტანსაცმელი და ძლიერ ყინვაში ბავშვთან ერთად შეგიძლიათ ირბინოთ, იხტუნოთ და გაკაჟდეთ, კი, ბატონო, ეს თქვენი არჩევანია. დაიმახსოვრეთ, როდესაც ყინავს, ტანსაცმლით ბავშვის გადახურება შეუძლებელია.
განაგრძეთ კითხვა