ავტორი:

ილია მეორე 88 წლის გახდა - რამდენიმე ეპიზოდი იუბილარი პატრიარქის ცხოვრებიდან

ილია მეორე 88 წლის გახდა - რამდენიმე ეპიზოდი იუბილარი პატრიარქის ცხოვრებიდან

4 იანვარი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 88 წელი შეუსრულდა.

მართლმადიდებელ ერს სულიერი მამის დაბადების დღეს და მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს შევახსენებთ:

დაათვალიერეთ იშვიათი ფოტომასალა ილია მეორეს ცხოვრებიდან

გოდერძი ჩოხელი იხსენებდა: უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში. მან გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც. "სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა.

მეშინოდა, არ გამბრაზებოდა, "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე მითხრა: - გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვასო?" მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას...

დაახლოებით 30 წლის წინ თბილისში ერთ ახალგაზრდა ოჯახში ხანძარმა იმსხვერპლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა. მშობლები ხანძრის დროს შინ არ იყვნენ. პატრიარქმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მაშინვე მათთან წავიდა. მან ცოლ-ქმარს საკუთარი სახარება და სანთლები აჩუქა და დიდხანს ესაუბრა. მივიდა მათთან მეორე დღესაც, მესამე დღესაც... ბოლოს სთხოვა, საპატრიარქოში მესტუმრეთო. მათ უარის თქმა ეუხერხულათ და მივიდნენ...

საუბრისას გამოტყდნენ, რომ განზრახული ჰქონდათ თავის მოკვლა. რაც პატრიარქმა მათ სიკვდილის შემდგომ საუკუნო სიცოცხლეზე მოუთხრო, მისი ირწმუნეს და მოისურვეს, შვილებს ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ შეხვედროდნენ, და ვიდრე იცოცხლებდნენ, მუდამ თავიანთი შვილებისთვის ილოცებდნენ. პატრიარქმა მათ საპატრიარქოში მუშაობა შესთავაზა. ქმარი სამი წლის წინ გარდაიცვალა - სიცოცხლის ბოლომდე საპატრიარქოს იურისტი გახლდათ, მისი მეუღლე კი დღესაც საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს.

სამი ათეული წლის წინ მომღერალ თემურ წიკლაურს სამი წლის ვაჟი გარდაეცვალა. პატრიარქმა ბატონი თემური და მისი მეუღლე თავისთან მიიწვია. საუბრისას შეიტყო, რომ ბატონი თემური სცენაზე გამოსვლას აღარ აპირებდა და უთხრა: ყოველი კაცი იქ უნდა ემსახუროს ქვეყანას, სადაც უფალი დაადგენს. განა რა უფლება გაქვს, ყველაფერი მიატოვო? პატრიარქმა ბატონ თემურს დავითნი გადასცა და აკურთხა, რომ იქიდან ფსალმუნები ყოველდღიურად წაეკითხა. ასევე გადასცა დიდი სანთელი, რომელიც ფსალმუნების წაკითხვისას უნდა აენთო. ბატონმა თემურმა ბავშვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დაასრულა ფსალმუნების კითხვა და პატრიარქისეული სანთელიც ჩაიღვენთა. ბატონმა თემურმა იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა და განმტკიცდა რწმენაში...

უწმინდესს (მაშინ პატრიარქი არ იყო) უნდოდა, მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაესაფლავებინა. მაშინდელმა პატრიარქმა უარი უთხრა, რადგან ისინი სასულიერო დასის წარმომადგენლები არ იყვნენ. როცა თავად გახდა პატრიარქი, ერთმა ახლობელმა შეახსენა - მშობლების ნეშტები სამთავროს მონასტრის ეზოში ხომ არ გადავასვენოთო. უწმინდესმა მიუგო, - მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო.

პატრიარქი ხშირად იგონებს წლებს, როცა ის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იყო. ერთხელ თქვა: აფხაზებისგან გასაოცარ სიყვარულს ვგრძნობდი. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, დიდხანს ვსაუბრობდით. მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ერთი ქილა შედედებული რძე მომიტანა - მეტი არაფერი ჰქონდა და ამით გამოხატა ჩემდამი სიყვარული. მე ის აფხაზი ქალი დღემდე მახსოვს და მუდამ ვლოცულობ მისთვის, მისი სიკეთის გამო.

უცხოელ ჟურნალისტებთან აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაზე საუბრისას მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) აღნიშნავდა ილია მეორის უდიდეს ღვაწლს: "ეს ღვთის სასწაულია, ამას მხოლოდ ქადაგებით ვერ ახსნი. ადგილობრივი მუსლიმანები დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს. ერთხელ მაღალმთიანი აჭარიდან ხოჯას წერილი მივიღე: არ შეიძლება, რომ ილია მეორე მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენ, მუსლიმანებსაცო?

"კვირის პალიტრის" არქივიდან

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე