რას აკეთებს თბილისის მერია უსახლკაროებისთვის ცივ ზამთარში

რას აკეთებს თბილისის მერია უსახლკაროებისთვის ცივ ზამთარში

ბოლო დღეებში საქართველოში ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო. თბილისში ღამით -7 -8 გრადუსი ტემპერატურა ფიქსირდება. ცივი ამინდისა და ყინვების მიუხედავად, ქუჩაში მაინც ვხვდებით მიუსაფარ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, განსაკუთრებით ღამის საათებში, როცა ღია ცის ქვეშ უწევთ ღამის გატარება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ზომებს მიმართავს თბილისის მერია იმისათვის, რომ უსახლკარო ადამიანებს ცივ ამინდში ღამის გათევა ქუჩაში არ უწევდეთ.

როგორც მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნონა ყანდიაშვილმა გვითხრა, მიუსაფარი ადამიანებისთვის 2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს თავშესაფარი, რომელშიც 250-მდე ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. მისივე განცხადებით, ძლიერი ყინვების გამო, ყველას, ვისაც თავშესაფარი ესაჭიროება, შეუძლია მისვლა, თუმცა როგორც ყანდიაშვილი ამბობს, "მერიის თანამშრომლები ძალით ვერავის წაიყვანენ".

-ასეთი ადამიანები, ვისაც არ აქვთ სახლი და არიან ქუჩაში, პატრულმა ან სასწრაფომ უნდა მიიყვანოს თავშესაფარში. სანამ არის ცივი დღეები, მოვხსენით ყველანაირი შეზღუდვა და წესები, რაც თავშესაფარში მისაღებად არსებობს და ყველას ვიღებთ. სხვა რამის გაკეთება მერიას არ შეუძლია. მერიამ გახსნა თავშესაფარი ლილოს ტერიტორიაზე, მანამდე იყო კარვები მოსკოვის პროსპექტზე, თუმცა თავშესაფარმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო და მოსკოვის პროსპექტის კარვებში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი გადავიყვანეთ ამ შენობაში. იქ ყველანაირი საცხოვრებელი პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნონ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმე ძალით წავიყვანოთ, არც ის შეგვიძლია, რომ მერიის თანამშრომლებმა ქუჩებში იარონ და ეძებონ ასეთი ადამიანები. ასეთი ხალხი თავშესაფარში მიჰყავს სასწრაფოს, პატრულს, არის ცხელი ხაზიც, რომელზეც დარეკავენ და დავეხმარებით. ამასთანავე, 2- 3 იანვარს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მერიის თანამშრომლები დასახმარებლად მივიდნენ, უნდა გადაეყვანათ თავშესაფარში, მაგრამ ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს თავშესაფარში წასვლაზე.

-მიღების წესები ახსენეთ, არსებობს რაიმე კრიტერიუმები, რის მიხედვითაც არჩევენ ბენეფიციარებს თავშესაფარში მიღებამდე?

-ამ თავშესაფარში არსებობს წესები, რაც დეტალურად წერია მერიის ვებ-გვერდზე. მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს: უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო. მაგრამ რადგანაც ასეთი ცივი ამინდებია და გარეთ ყინავს, თავშესაფარი ყველასთვის ღია იქნება.

მერიის ინფორმაციით, თავშესაფრის ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი. თავშესაფარში ცალ-ცაკლე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები თავშესაფარში ორჯერად კვებას იღებენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია