2015 წელი პოლიტიკოსების რეზონანსული განცხადებებითაც გამოირჩეოდა, რომელთა ნაწილსაც "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას ეკონომიკურ "შოკუნიებზე" ისაუბრა.
ნოდარ ხადური: "გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო".
2015 წელს ნოდარ ხადურმა საკმაოდ საინტერესოდ განმარტა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაც: "ქამრების შემოჭერა არ გულიხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის შემცირებას. არის სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელთა შემცირებაც შესაძლებელია". საზოგადოება საკმაოდ დიდხანს განიხილავდა თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებას საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საჩუქრებზეც:
"ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს. ვიღაც, როგორც ჩანს, თავისი ინიციატივით დადის", – აღნიშნა დავით ნარმანიამ და იქვე ხუმრობით დაამატა - "არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან".
2015 წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად "გაზპრომის" საკითხიც იქცა, რომელსაც არა მხოლოდ საზოგადოებაში, მმართველ გუნდშიც განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. რუსულ კომპანიასთან ქართული მხარის მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ, რასაც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ასე უპასუხა: "ჩვენდა სამწუხაროდ, არიან გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, მე მათ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ვუწოდებ, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ, მოსახლეობას თავი შეახსენონ. თქვენ იცით, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები მოდის და ამ თემის ირგვლივ გარკვეული მანიპულირება მოხდება. არაერთხელ აღვნიშნე და თქვენც ესწრებოდით იმ პრეზენტაციას, რომელიც წარმოვადგინე, თუ რა ურთიერთობები იყო წლების განმავლობაში, რა მოცულობის გაზს ვიღებდით, ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ. მან ალბათ უფრო მეტად უნდა წაიკითხოს ის განცხადებები, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრის მხრიდან იყო გაკეთებული და კითხვა არ დარჩება".