საქართველოს უახლესი წარსულის ძლიერი დიპლომატები და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო მიღწევები

საქართველოს უახლესი წარსულის ძლიერი დიპლომატები და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო მიღწევები

ქართული დიპლომატიის ისტორიაში იყვნენ პიროვნებები, რომელთაც თავიანთი საგარეო პოლიტიკით ქვეყანას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს. ისტორიკოს დიმიტრი შველიძეს უახლესი წარსულის ქართველი დიპლომატების დასახელება ვთხოვეთ. აქვე განვმარტავთ, რომ სტატიაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე.

- მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა, ამიტომ, ჩვენში დიპლომატია როგორც ასეთი, არ არსებობდა. რაც შეეხება მეოცე საუკუნეს, 1900-1917 და 1921 წლიდან - 1991 წლებში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა, თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ქართული სახელმწიფოს არარსებობის პირობებში, პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური დიპლომატია როგორც სფერო, როგორც საგარეო პოლიტიკის ნაწილი, არ არსებობდა.

ქართული დიპლომატია მეოცე საუკუნეში - აკაკი ჩხენკელი, კარლო ჩხეიძე, ზურაბ ავალიშვილი

"1918-21 წლებში საქართველოს ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა, აკაკი ჩხენკელი და ევგენი გეგეჭკორი. იმ პერიოდში იყო კიდევ ორი პიროვნება - კარლო ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი იყვნენ საგარეო პოლიტიკასთან, ისინი იყვნენ საქართველოს დელეგაციაში, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც 1919 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როცა ქართულ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი არაოფიციალური, მაგრამ შემსრულებელი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც ყველაზე ძლიერი დიპლომატი იყო მაშინდელ საქართველოში. ის იყო პარიზში გაგზავნილი დელეგაციის მრჩეველი.

"საქართველომ ამ პიროვნებების მოლაპარაკებებისა და მათი ძალისხმევის წყალობით მიაღწია იმას, რომ ევროპის ქვეყნებმა 1920 წლის იანვარში აღიარეს საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა. მათი დამსახურებაა ისიც, რომ 1921 წლის იანვარში ევროპის ქვეყნების ნაწილმა, განსაკუთრებით წამყვანმა ქვეყნებმა - საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და სხვებმა აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართული დიპლომატია შეიძლება თავისუფლად შევაფასოთ როგორც შესანიშნავი დიპლომატიური კორპუსი, გარდა ამისა, კორპუსი, რომელმაც უნარიანად იმუშავა 3 წლის მანძილზე. 1921 წლის მერე, ემიგრაციაში მყოფი ქართველი დიპლომატები ევროპაში მოღვაწეობდნენ როგორც გაქცეული მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლას იქ აგრძელებდნენ. ამ ყველაფერს წერტილი დაესვა 1933 წელს, როდესაც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა იურიდიულად აღიარეს საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო და საფრანგეთში არსებული ქართული ლეგაცია, რომელიც საფრანგეთში არსებობდა, გაუქმდა.

საქართველოს პრეზიდენტები, როგორც ქართული დიპლომატიის წარმმართველნი

1991 წლიდან დღემდე, საქართველოს რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა, მაგრამ ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, სახელმწიფოს დიპლომატიას არა საგარეო საქმეთა მინისტრები, არამედ ძირითადად ქვეყნის პრეზიდენტები წარმართავდნენ. "ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ევროპის ქვეყნები, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არ გვაღიარებდნენ და ფაქტობრივად, დიპლომატიაც არ არსებობდა. გამსახურდის შემდეგ, 2003 წლამდე პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკასაც წარმართავდა. ის დასავლეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმიტომ, რომ ხელი შეუწყო საბჭოთა იმპერიის დანგრევას. პირველი მისი წარმატება საგარეო კუთხით მასზე იყო დამოკიდებული, როდესაც 1992 წელს საქართველო გაეროს წევრი გახდა და მსოფლიოს უამრავმა სახელმწიფომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, ისტორიკოსის თქმით, 10 წლის მანძილზე საქართველომ რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოიცვალა, თუმცა მათ პოსტს მეორადი მნიშვნელობა ჰქონდა. "2003-2012 წლებში ქართველ დიპლომატებზე როგორც პროფესიონალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მათ ამ მოკლე ხანში არ შეეძლოთ ჩამოყალიბებულიყვნენ პროფესიონალ დიპლომატებად, მაგრამ ამ პერიოდის ქართულ დიპლომატიას ჰქონდა ერთი წარმატება - მათ ახლო ურთიერთობა დაამყარეს დასავლეთის ქვეყნებთან და ჩამოაყალიბეს მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკა. ეს რა თქმა უნდა, სააკაშვილისა და მისი დროის დიპლომატიური სამსახურების დიდი დამსახურებაა, მაგრამ მათ სამწუხაროდ ვერ ჩამოაყალიბეს რუსეთთან ურთიერთობის სასურველი ტონი. 2008 წლის პერიოდში იყო შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა დანაშაული".

მოქმედ პრეზიდენტზე გიორგი მარგველაშვილზე კი, როგორც დიპლომატზე ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ვერ საუბრობს. "როგორც დიპლომატს მას ვერ დავახასიათებთ იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს მარგველაშვილზე კი არა, იმაზეა დამოკიდებული, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალიან შეკვეცილია და მარგველაშვილზე, როგორც დიპლომატზე, ვერ ვისაუბრებ".

რაც შეეხება ბოლო წლებში მოღვაწე საგარეო საქმეთა მინისტრებს, მათი წარმატებული ნაბიჯების დასახელება "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს ვთხოვეთ.

"როგორც წესი, დიდი მიღწევები და დიპლომატიური ურთიერთობები მთელი დიპლომატიური უწყების, სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფო უწყებების, ასევე მინისტრთა კაბინეტის დამსახურებაა. მაგალითად, სტამბოლის შეთანხმება და საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა. სტაბოლის შეთანხმება მოხდა შევარდნაძის პერიოდში და საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინ იყო ირაკლი მენაღარიშვილი. კონკრეტულად ამის აღსრულება და ბაზების გაყვანა მოხდა სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს, როცა ქვეყნის მეთაური მიხეილ სააკაშვილი იყო. ორივე შემთხვევაში, ეს იყო მიღწევა. პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე შემთხვევაში - კონკრეტულად დიპლომატიური პროცესი, რომლის შედეგადაც რუსეთმა აღასრულა გადაწყვეტილება. სააკაშვილის დროინდელი მინისტრების მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ევროატლანტიკურ სივრცეში მიღწეული პროცესები, მათ შორის, ასე ახლოს მისვლა მაპის მინიჭების გადაწყვეტილებამდე, რომელიც შეიძლებოდა 2008 წლამდე მიგვეღო. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ დიპლომატიამ კარგად იმუშავა და ჩვენ მივედით იმ ზომამდე, რომ ჩრდილოამერიკული და ევროპული სახელმწიფოები ახლოს იყვნენ კონსესუსთან.

რაც შეეხება ახალი ხელისუფლების დროს მიღწეულ საგარეო წარმატებებს, კახა გოგოლაშვილის თქმით, "მაია ფანჯიკიძისა და თამარ ბერუჩაშვილის მინისტრობის დროს, ქვეყანამ მიაღწია საკმაოდ დიდ პროგრესს - ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყება დაკავშირებული იყო აგვისტოს ომის შემდგომ საგარეო ურთიერთობებთან, ამ კონტექსტში გრიგოლ ვაშაძე იყო საკმაოდ აქტიური მინისტრი. მაია ფანჯიკიძე და თამარ ბერუჩაშვილი აქტიურად წარუძღვა ამ პროცესს, მიუხედავად არსებული გარკვეული პოლიტიკური გართულებებისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიამ მოახერხა ის, რომ ევროკავშირთან დაახლოების ტემპი არ შენელდა".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები